U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში მიმდინარე 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ჩემპიონი ამჯერად გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ვინც, მოლოდინისამებრ, წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული. ბრინჯაოს მედლებს ბათუმელი შოთა ფარტენაძე (61) და ქუთაისელი მირზა სხულუხია (70) დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიღლაძის გუნდმა წინა დღესაც 3 მედალი მოინადავლა, ოღონდ მაშინ 2 ოქრო და 1 ბრინჯაო იყო. პირველი დღის ტრიუმფატორები ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე (74) და მცხეთელი გივი მაჭარაშვილი (97) არიან, მესამეზე
კი სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე (65) გავიდა.

- U23. ევროპის ჩემპიონატი: ჩინებული სტარტი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო

ამდენად, ჭიღლაძის გუნდმა უნგრეთში 8 წონიდან 3-ის ფინალში იჭიდავა და ყველა მოიგო, სულ კი 6 მედალი მოიპოვა. თუმცა, ასეთი მასშტაბური წარმატების მიუხედავად, გუნდურ ჩათვლაში 60 ქულით მაინც მეორეზე გავედით და 1-ით ჩამოვრჩით რუსებს. არადა, რუსებს მხოლოდ ერთი ჩემპიონი ჰყავთ, 74 კილოგრამში კი საერთოდ ვერ მიიღეს ჩასათვლელი ქულები, ხოლო ჩვენ 3 ოქრო გვაქვს და ყველა წონაში მივიღეთ ქულა.

Sportall.Ge

ერთი შეხედვით, პეტრიაშვილს ძლიერი ბადე შეხვდა, რადგან მის მხარეს აღმოჩნდა ლამის ყველა წამყვანი საჭიდაო ქვეყნის წარმომადგენელი, თუმცა გორელი ტალანტი ყველასთან ფავორიტი იყო და ეს ხალიჩაზეც დაამტკიცა - 4-დან სამი შეხვედრა ვადამდე, წმინდად მოიგო. მათ შორის - ფინალიც ბელორუს ვიტალი პიასნიაკთან. ბელორუსს ნამდვილად გაუმართლა, რომ ბადის მეორე მხარეს მოხვდა გაცილებით სუსტებთან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სუსტი მეტოქე რომ ვერ გავიდოდა, ყველასთვის ცხადია, პეტრიაშვილმა კი მას 2.34 წუთში 10 უპასუხო ქულა აართვა.

ქართველმა მისი განადგურება პირველივე წუთიდან დაიწყო, როცა ფეხში შეუვარდა, იოლად გადაიყვანა ჩოქბჯენში და თან გვარიანად ჩასუქებული მეტოქე ორჯერ სათამაშოსავით დაატრიალა - 6:0.

ბელორუსი აქამდეც ხომ განწირული იყო, ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ პეტრიაშვილის წმინდა გამარჯვება დროის ამბავი იყო. მანაც ბევრი არ აწვალა პიასნიაკი და შეხვედრის განახლებისთანავე ერთი შესვლა კი ჩაუვარდა (მეტოქემ თავი დაიცვა), მაგრამ მალევე ისევ აიყვანა ფეხიდან, თან საყრდენზეც კარგად გამოჰკრა და ხალიჩაზეც დაატრიალა - 10:0.
იხილეთ ვიდეო: გენო პეტრიაშვილი-ვიტალი პიასნიაკი
Sportall.Ge

მომავალმა ჩემპიონმა ნახევარფინალში რუსი ყაზბეგ ხუბულოვიც ასე იოლად გააცამტვერა. უკვე 27-ე წამზე შეუვარდა ილეთზე და ორივე ფეხიდან ერთდროულად აყვანილი სარეკლამო აბრებს შეანარცხა, ისე შორს გადააგდო, თუმცა მანამდე მეტოქემ უკან დახევისას წრიდან გასვლა მოასწრო და მსაჯმა ეს გდება მხოლოდ ერთი ქულით შეაფასა. მალევე ხუბულოვს პასიურობისთვის 30-წამიანი ჩაურთეს, თუმცა ილეთი ვერ გააკეთა და პეტრიაშვილს კიდევ ერთი ქულა დაუმატეს. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხუბულოვი მალევე შევიდა ფეხში და აიყვანა კიდეც, მაგრამ გენომ კარგად დაიცვა თავი. საპასუხოდ, მალე ისევ გადააგდო ფეხიდან აყვანით - 4:0.

ზოგადად, არახალია, რომ მძიმეწონოსნის კვალობაზე შედარებით გამხდარი, თუმცა კი ამის ხარჯზე სწრაფი და მოქნილი პეტრიაშვილი თავის ჭიდაობას ფეხში შესვლებზე აწყობს, რასაც სისწრაფის წყალობით იოლად ახერხებს, ხოლო ფიზიკურად კარგად მომზადებულს გადაგდება არ უჭირს, მით უფრო, მეტოქე თუ გაუძალიანდა, ფეხსაც კარგად იყენებს გამოსაკრავად. თან თუ მოხდა და მეტოქეც შევიდა ფეხში, თავის დაცვაც კარგად ეხერხება. ხუბულოვთან შეხვედრაც ამგვარად წარიმართა - ოსმა ზედმიწევნით იცოდა, რომ ფეხი არ უნდა "მიეცა", მაგრამ გენო მაინც ადვილად შედიოდა ილეთზე. გამარჯვებაც ამან მოუტანა - მეორე პერიოდში ორჯერ გააკეთა იგივე, რასაც ერთ შემთხვევაში ჩოქბჯენიდან დატრიალებაც მიაყოლა და წმინდად გაიმარჯვა.

პეტრიაშვილმა ყველა შეხვედრა ასე აღმავლობით ჩაატარა - საკვალიფიკაციოში თურქ სალიმ ერკანის 3.28 წუთში 12:2 მოუგო, ამას კი ის ერთადერთი პაექრობა მოჰყვა უკრაინელ დანილო კარტავისთან, ვისთანაც წმინდად ვერ გაიმარჯვა, ქულებით აჯობა - 7:2. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კარტავიმ გასაღები მოუძებნა ჩვენებურს და პეტრიაშვილს მასთან გაუჭირდა. მთელ ტურნირზე გენომ მხოლოდ 4 ქულა დაკარგა, თავად კი 39 მოიპოვა!

ტრადიციულად, ძლიერად და ტექნიკურად იჭიდავა ფარტენაძემაც, ვინც პირველი ორი ორთაბრძოლა ისე მოიგო, ერთი ქულაც არ დაუკარგავს: სლოვაკ ივან მოლნარს 10:0, ხოლო მოლდოველ მიჰაილ ესანუს 4:0 სძლია.

ფარტენაძე სანახაობრივადაც ძალიან კარგად ჭიდაობს და რაც მთავარია, მებრძოლი ხასიათი აქვს - სულ უტევს, ყოველთვის აწუხებს და არ ასვენებს მეტოქეს. უნგრეთში ის ნახევარფინალში დამარცხდა თურქთა მომავალ ფინალისტ სედატ ოზდემირთან - 3:6.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ფარტენაძემ დამაჯერებლად მოუგო უკრაინელ ივან ბილეიჩუკს - 8:0 და შარშანდელი შედეგი გაიმეორა, მაშინაც ბრინჯაო მოიპოვა.

შარშან მესამეპრიზიორი 70 კილოგრამშიც გვყავდა, თუმცა მაშინ ეს გორელმა დავით ბუზიაშვილმა გააკეთა, ამჯერად - სხულუხიამ. შედარებით გამოუცდელმა ქუთაისელმა ფალავანმა პირველივე წრეში წააგო აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონსა და შარშანდელ ფინალისტ გაჯიმურად ომაროვთან - 1:12. სამაგიეროდ, სხულუხიამ დამამშვიდებელში იმარჯვა, თუმცა იქ წილისწყრამ შედარებით გაუმართლა და მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ოღონდ ცხარე ბრძოლა კი გადახდა - მოლდოველ ტომა ვასკანთან 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოიგო.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სხულუხიამ ბელორუსი სურხო რაშიტხანაუ 9:3 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა ასეთი რანგის მედალი.

გუშინ ჩვენი გუნდიდან უმედლოდ მხოლოდ ირაკლი მწითური (86) დარჩა. არადა, ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი წლეულსაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი იმედი იყო. მან პირველივე წრეში რუს არსენ-ალი მუსალალიევთან 4:9 წააგო და რაკი რუსიც მალევე დამარცხდა, ვერც სანუგეშო წრეში გადავიდა.

ამით სომბათჰეიში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი დამთავრდა, დღეს კი საქმეში ქალები ჩაებმებიან, რომლებიც ხვალ დაამთავრებენ შეჯიბრებას, თუმცა ჩვენ მონაწილე არ გვეყოლება. 1-2 აპრილს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ, სადაც ჩვენი ნაკრებიც გამოვა.

U23. ევროპის ჩემპიონატი
61 კგ
1. ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი); 2. სედათ ოზდემირი (თურქეთი); 3. შოთა ფარტენაძე (საქართველო), ალი რაჰიმზადე (აზერბაიჯანი).

70 კგ
1. ჰაჯიმურატ ომაროვი (აზერბაიჯანი); 2. ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი); 3. მირზა სხულუხია (საქართველო), ვასილ მიხაილოვი (უკრაინა).

86 კგ
1. მურატ ერთურქი (თურქეთი); 2. ბენდეგუზ ტოტი (უნგრეთი); 3. კანან ალიევი (აზერბაიჯანი), არსენ-ალი მუსალალიევი (რუსეთი); 9. ირაკლი მწითური (საქართველო).

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. ვიტალი პიასნიაკი (ბელორუსი); 3. კამილ კოსციოლეკი (პოლონეთი), ყაზბეგ ხუბულოვი (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული