ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ხინჩეგაშვილის ევროპული ოქრო და შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამჯერადაც 61 კილოგრამში და წარმატებით შეინარჩუნა შარშან რიგაში მოპოვებული ტიტული.

სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო საშეჯიბრო დღის წინ ჩვენს "თავისუფალთა" ნაკრებს 3 მედალი აქვს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ევროპის მესამეპრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

- ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ორი ბრინჯაო ყულაბაში [VIDEO]
- ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი

ხინჩეგაშვილმა ცოტა მძიმედ დაიწყო ტურნირი და ძლევამოსილი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა
ფინალში მაინც გვარიანად გვანერვიულა, რადგან რუსთა ჩეჩენ ახმედ ჩაკაევთან... 0:5 ჩამორჩა.

ჩეჩენი მსოფლიოს შარშანდელი მესამეპრიზიორია (შეგახსენებთ - შარშან პლანეტის პირველობა ცალკე ჩატარდა არაოლიმპიურ წონებში) და ხელწამოსაკრავი არაა, თუმცა ხინჩეგაშვილიც ტოპ-კლასია და ხუთქულიანის გაშვება მისგანაც დიდი მოულოდნელობაა. თან, იმ დროს ლადოს პასიურობისთვის 30-წამიანი დრო ჰქონდა ჩართული და გააქტიურება მართებდა, სანაცვლოდ კი ჩეჩენმა შეუტია, კარგად აიყვანა და მაღალი ტრაექტორიით გადააგდო.

ხინჩეგაშვილს ხშირად ახასიათებს ასეთი დუნე სტარტი. სამაგიეროდ, მეორე პერიოდში უმატებს ხოლმე და ახლაც ასე მოხდა - ალბათ, ბევრს არ სჯეროდა ამ პაექრობის შემოტრიალებისა, მაგრამ ხინჩეგაშვილი სხვანაირად ფიქრობდა: მეორე პერიოდში შეტევაც გააძლიერა, ბოლოს ფიზიკურადაც გატეხა მეტოქე და კლასით ხომ აჯობა და აჯობა.

მისი კოზირი აქაც ფეხში შესვლებიდან ჩოქბჯენში გადაყვანა და იქ დატრიალება იყო, რაც ამ ჩემპიონატზე სავიზიტო ბარათად ექცა. სწორედ ამგვარად ჯერ 2 ქულა აართვა ჩაკაევს, მერე ჩოქბჯენი-დატრიალების კომბინაცია მიაყოლა და 6:5 დაწინაურდა. ამ მომენტიდან ჩაკაევიც აირია, თან დაღლაც დაეტყო და შეცდომებიც დაუშვა, რაც ქართველმა ჩინებულად გამოიყენა და ანგარიში 10:7 გახადა.

ბოლო წამებზე სახალისო ნომერიც შემოგვთავაზა - შეგნებულად დაუწვა მეტოქეს და დროის გაყვანის ხარჯზე 2 ქულა დაუთმო: 10:9. ანალოგიური რამ მან პირველ ბრძოლაშიც გააკეთა, რაც შოუს ელფერს აძლევს მის გამოსვლას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge

არადა, ხინჩეგაშვილმა პირველი შეხვედრა მარცხით დაიწყო აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთან - პირველი პერიოდი 0:1 დათმო, რადგან პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთეს, ის კი ვერ გააქტიურდა და ქულა ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, მეორე დაიწყო იერიშით და ბრძოლა საბოლოოდ 9:5 მოიგო.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალი გაცილებით აქტიურად დაიწყო უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკთან და პირველი პერიოდის შემდეგ 6:1 უგებდა. მეორე წუთი იწურებოდა, როცა მეტოქეს ფეხში შესვლის მცდელობა დაუხურა და პირიქით გადაიყვანა ჩოქბჯენში, რასაც კომბინაციაში დატრიალებაც მიაყოლა - 4:0.

მომდევნო ორი ქულაც ისევ კონტრშეტევაზე მოიპოვა თავის ჩვეულ სტილში - ფეხში შესულ უკრაინელს ჩაუწვა და ჯვარედინი მოვლებიდან ზურგს უკან გადაისროლა. თუმცა იქვე ისევ წინა შეხვედრის მსგავსი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ამოსვლის საშუალება მისცა, რითაც პირველი ქულა დაკარგა: 6:1.

ბილეიჩუკი ძალიან კარგად შედიოდა ფეხში, შორეული ნახტომებით ახერხებდა ამას, თუმცა ლადო კიდევ უფრო ოსტატურად იცავდა თავს. სამაგიეროდ, თვითონ როცა წაეტანა მეტოქის ფეხს, შანსი არასოდეს დაკარგა. მაგალითად, მეორე პერიოდში ასე გადაიყვანა ორქულიანზე, თვითონ კი ბოლოს, წრიდან გასვლისთვის დაისაჯა კიდევ ერთი ქულით: 8:2.

კენჭაძის 2-წამიანი დრამა
გუშინ მედლის მოპოვების კარგი შანსი ავთანდილ კენჭაძესაც (74) ჰქონდა, ვისაც მეოთხედფინალში სულ რაღაც ორიოდე წამის გაძლება მართებდა სომეხ გრიგორ გრიგორიანთან, თუმცა მეტოქემ დაატრიალა და ანგარიში 5:4 გახადა. მეტოქემ ილეთი სასტვენამდე დაიწყო, თუმცა თავიდან მსაჯი მაინც არ უთვლიდა გდებას, ვიდრე სომხებმა "ჩელენჯი" არ შემოაგდეს. არადა, ჩვენებურმა კარგად იჭიდავა, თუმცა 4:3-ზე დაწინაურებულმა ცოტა ადრე დაიწყო დროის გაყვანაზე ზრუნვა...

მანამდე კენჭაძემ 5:1 მოუგო რუმინელ ვასილე მადალინ მინზალას, ხოლო ბულგარელი სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვი 15:4 "დაანგრია". სამწუხაროა ისეთი დასანანი მარცხიც და ისიც, რომ სანუგეშოშიც ვერ გადავიდა - გრიგორიანი ნახევარფინალში დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
ვაჟები
61 კგ.
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო); 2. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი); 3. ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა), ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი).

74 კგ.
1. სონერ დემირტაში (თურქეთი); 2. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი): 3. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი), ახმედ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი); 7. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო).

ქალები
55 კგ.
1. ბილიანა ჟივკოვა დუდოვა (ბულგარეთი); 2. კატსიარინა ჰანჩარ იანუშკევიჩი (ბელორუსი); 3. მატილდა ჰელენა რივიე (საფრანგეთი), ალიონა კოლესნიკი (აზერბაიჯანი).

75 კგ.
1. იასემინ ადარი (თურქეთი); 2. ჟანეტ ნემეტი (უნგრეთი); 3. სვეტლანა საენკო (მოლდოვა), ეპპ მაე (ესტონეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ლადო ,დიდებული ფინალი იყო.ოთხნახევარი წუთი ჰქონდა უპირატესობა ჩაკაევს.ის ხუთქულიანიც მეგონა სუფთად დააგდებდა,მაგრამ ლადო ხელებში დაუტრიალდა და გადარჩა,მეორე პერიოდში კი მეტოქის დაწყებული ილეთი,მან გააგრძელა და ინიციატივა ხელიდან აღარც გაუშვია.საოცრად სწრაფი ხელი აქვს ლადოს და უკეთესი გამძლეობა.
სოსო
12:59 05-05-2017
0

სიახლეები პოპულარული