კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე - 10-11 ივნისს თბილისი ისევ უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზიას ხსოვნისა და თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს. სიმბოლურია, რომ ის ისევ სპორტის ძველ სასახლეში ჩატარდება - დარბაზში, რომელიც გაიგივებულია "კარტოზია-ბალავაძის ტურნირთან" და რომელსაც თავის კედლებში ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი დეივ შულციდან დაწყებული, არაერთი დიდებული ფალავანი უხილავს. ამასთან, ეს სპორტის სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს.

იყო დრო, როცა ამ შეჯიბრებას მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატსაც უწოდებდნენ, თბილისში იმდენად ძლიერი შეჯიბრება იმართებოდა. როგორც გითხარით, მაშინ ჩვენს დედაქალაქში მსოფლიოს წამყვანი ფალავნები ჩამოდიოდნენ,
სულ დეივ შულცის ყალიბისა. ვინ მოთვლის, რამდენი ისეთი შეხვედრა გამართულა, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადასაც რომ დაამშვენებდა. თუმცა იმ დროსთან ერთად ეს ტურნირიც წარსულს ჩაბარდა და ჯერ შესუსტდა, მერე კი ერთი პერიოდი საერთოდაც შეწყდა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ აღადგინეს, ჭიდაობის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ კი იმდენი მოახერხა, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულ ფედერაციას თავის კალენდარშიც შეატანინა და მას "დიდი პრიზის" სტატუსიც მიანიჭა. ახლა პრესტიჟის საქმეა მისი დონის ამაღლება, რაც ძლიერი გუნდების მონაწილეობითაა შესაძლებელი.

წინასწარი მონაცემებით, წლევანდელი შეჯიბრება მთლად უძლიერესი არა, მაგრამ არც სუსტი უნდა იყოს. ჯერჯერობით გაცხადებულია, რომ თბილისში 19 ქვეყნის ნაკრები გვესტუმრება: აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ნორვეგია, შვედეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირანი. სამი მონაწილე გვესტუმრება შორეული აფრიკიდან: გამბია, ნიგერია და ეგვიპტე. თუმცა ვიმეორებთ - ესაა წინასწარი განაცხადი, ამგვარი ტურნირების გამოცდილება კი გვასწავლის, რომ მონაწილეთა რაოდენობა ბოლო დღესაც შეიძლება შეიცვალოს და ვინმე დააკლდეს, თუმცა ვისურვოთ, რომ ამჯერად კი არ დააკლდეს, არამედ მოიმატოს.

სავარაუდოდ, ეს გუნდები უძლიერესი შემადგენლობებითაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენი შეჯიბრება მეტად ხელსაყრელ ვადებში ტარდება - გუნდები აგვისტოში პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მთლად სასტარტოდ თუ არა, საკონტროლოდ მაინც გამოიყენებენ მას.

გადაჭრითაა ცნობილი, რომ თბილისში არ ჩამოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც თავისი ქვეყნის პირველობისთვის ემზადება, რაც მათთვის მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. იმედია, აშშ, ირანი, თურქეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი ძირითადი შემადგენლობით ჩამოვლენ, რადგან მათ ძლიერი გუნდები ჰყავთ. მთლად ამათსავით სტაბილური შემადგენლობა არა, მაგრამ თითო-ოროლა ძლიერი ფალავანი პოლონეთს, შვედეთს, ნორვეგიას და სხვებსაც მოეპოვებათ, რაც გვაიმედებს, რომ თბილისში კარგი შეჯიბრება გაიმართება.

პოლონეთი ვახსენეთ და ისინი უკვე აქ არიან, თბილისში ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ ჩვენს ნაკრებთან. მათი მთავარი მწვრთნელი დაღესტნელი იუსუპ აბდუსალამოვია, ვისაც რევაზ მინდორაშვილმა პეკინის ოლიმპიადის ფინალში მოუგო. დაღესტნელმა უკვე მოინახულა მინდორაშვილი მის მშენებარე საჭიდაო კომპლექსში.

ჩვენი ორივე ნაკრები კარტოზია-ბალავაძის ტურნირისთვის თბილისში ემზადება და მათთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. თუმცა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსნები - ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და მესამეპრიზიორები - ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) შეჯიბრებიდან გაათავისუფლა და ავტომატურად დაუბევა ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული