ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, გამოცდილი ფალავანი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ლონდონის ოლიმპიადის ბოლო ლიცენზიანტია.

საინტერესოა, რომ ოთარმა პირველსავე საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე მოიპოვა ლონდონის საგზური. 34 წლის გორელი მოჭიდავისთვის ეს მეოთხე და, როგორც გაგვიმხილა, ბოლო ოლიმპიადა იქნება. ათლეტს აღარც ასაკი უწყობს ხელს და მოხშირებული ტრავმებიც აიძულებს, გადადგას ეს ნაბიჯი.

- 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გამიცდა, ვიდრე შარშან შემოდგომით საქართველოს ჩემპიონატს ვიჭიდავებდი.

ამ ჩემპიონატზე დამაჯერებელი წარმატებით დაბრუნებამ, ბუნებრივია, ოლიმპიადის ლიცენზიის
მოპოვებაზე ფიქრის საშუალება მომცა, თუმცა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპის გავლაში ხელს მიშლიდა ამ შეჯიბრებაზე მიღებული ნეკნის ტრავმა.

ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა თავიდან არ მქონია დაგეგმილი. ეს მერე გადავწყვიტე, როცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე აუცილებელი გახდა საშეჯიბრო პრაქტიკა. რიგით ტურნირს კი, ცხადია, კონტინენტის მთავარ შეჯიბრებაში მონაწილეობა სჯობდა.

- კონტინენტის ჩემპიონატის კვარცხლბეკამდე ცოტა დაგაკლდა...
- ბელგრადის ხალიჩაზე სიცხიანმა ვიჭიდავე, თუმცა სასტარტო შეხვედრები მაინც კარგად ჩავატარე. მესამე ეტაპზე უკრაინელ ანდრეი სტადნიკთან გამარჯვებას დიდი ძალა შევალიე და მომდევნო შეხვედრებში საერთოდ აღარ მქონდა ენერგია.

მართალია, მესამე ადგილისათვის დაპირისპირების წინ დრო საკმარისი იყო ძალების აღსადგენად, მაგრამ რა უნდა მეღონა, როცა ისე სუსტად ვიყავი, წყალსაც ვერ ვსვამდი.

- მომდევნო საკვალიფიკაციო ტურნირი სოფიაში რატომ გამოტოვე?
- ეს გადაწყვეტილება მწვრთნელებთან კონსულტაციის შედეგად მივიღე. სხვათა შორის, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის, დავით ხურციას მოსაზრებით, რომელიც ორივე შეჯიბრებაზე ახლდა გუნდს, ტაიუანში უფრო ძლიერი შემადგენლობა იყო შეკრებილი და ლიცენზიისთვის ბრძოლაც დაძაბული გამოდგა.

- საბოლოოდ ოლიმპიადის საგზური შენ პირველივე ცდაზე მოიპოვე...
- ტაიუანში მთავარ კონკურენტად ინდოელ სუშილ კუმარს მივიჩნევდი, რადგან ვიცოდი, რომ უკრაინელი სტადნიკი იქ ჭიდაობას არ აპირებდა. იქამდე ასტანაში გამართულ აზიის სალიცენზიოზე ძალიან მომეწონა ჩინელი ხი ძენიც. იგი მხოლოდ არაობიექტური მსაჯობის გამო დარჩა მესამე ადგილზე. ამიტომ ველოდი, რომ ჩინელი სამშობლოში მოიწონებდა თავს, მაგრამ მოულოდნელად ის გამოეთიშა ბრძოლას.

კენჭისყრისას კი გაირკვა, რომ კუმარი ბადის მეორე მხარეს მოხვდა და ფინალამდე ერთმანეთს ვერ გადავეყრებოდით. სამაგიეროდ, მე კენჭისყრით მრავალრიცხოვან ჯგუფში მოვხვდი და ერთით მეტი შეხვედრის ჩატარება მიწევდა.

- პირველ სამ მეტოქესთან სამ-სამი პერიოდი ჭიდაობა რატომ დაგჭირდა?
- მეც და ნაკრების მწვრთნელებიც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ მოწინააღმდეგეებს იოლად გავივლიდი. ამიტომ მათ მირჩიეს დროულად, ორ-ორ პერიოდში მომეგვარებინა საქმე, რათა უმთავრეს პაექრობას (ფინალში გადასასვლელი) ძალიან დაღლილი არ შევხვედროდი. თავადაც მჯეროდა, რომ არ უნდა გამჭირვებოდა.

მართლაც, გერმანელ დუელგერს, კორეელ კიმ დეი სანს და თურქ იაკუპ გორს პირველი პერიოდები მშრალი ანგარიშით მოვუგე, მაგრამ ვერ აგიხსნით მიზეზს, მერე რა დამემართა - ფაქტობრივად, სამჯერვე უკუღმა დამიტრიალდა ხელი და გაჭირვებით გამოვგლიჯე მათ გამარჯვება.

ყველაზე რთული ჩემი და თურქის დაპირისპირება იყო. ბოლო წამებზე მთავარი მსაჯის მიერ ჩემთვის მოცემულ ქულა დამხმარე არბიტრებმა თურქისკენ გადაამისამართეს.

ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელების პროტესტი და გვარიანი აქტიურობა რომ არა, შინ ულიცენზიოდ წამოვიდოდი და დავრჩებოდი უკანასკნელი საკვალიფიკაციო შეჯიბრების იმედად.

- გადამწყვეტ შეხვედრაში დამაჯერებლად აჯობე მეტოქეს...
- ჩრდილოკორეელი იან ჩუნ სონი კარგი მოჭიდავეა, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია მისი ძლევა. ორივე პერიოდი მინიმალური სხვაობით, 1:0 მოვიგე, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდი და მეტოქისთვის ბრძოლის გადარჩენისთვის შანსი არ მიმიცია.

ფინალში კი, ვინაიდან საგზური ორივეს გვერგებოდა, არც მე გამოვიდე თავი მოსაგებად. იციან რა ჩემი ხშირი ტრავმების ამბავი, ნაკრების თავკაცები დავითანხმე. მთავარია, ლონდონის ლიცენზია ჯიბეში მქონდა. კუმართან, უბრალოდ, ძალების მოსინჯვა და მისი სტილის ნახვა მსურდა. ამ მიზნით ვეჭიდავე.

- სუშილ კუმარიც ვლადიმერ მესტვირიშვილის შეგირდია. ინდოეთის ნაკრების ქართველი მწვრთნელის ნაყოფიერ მუშაობაზე მისი წარმატებები მეტყველებს...
- ფინალის შემდეგ მე ცოტა ხნით გავესაუბრე სუშილს. ინდოელებს საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვთ ქართველ მოჭიდავეებზე და ამაში, ბუნებრივია, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენებურ მწვრთნელს. სხვათა შორის, როგორც კუმარმა მითხრა, მათ სურვილი აქვთ, ოლიმპიადამდე საქართველოში ჩამოვიდნენ ერთობლივი წვრთნებისათვის.

- საოლიმპიადოდ მთავარ კონკურენტებს შორის ვის მოიაზრებ?
- ძნელია ვინმეს გამორჩევა. საკმაოდ კარგი სპორტსმენები არიან ჩვენს წონაში - ირანელი მეჰდი თაგჰავი, ბულგარელი ლეონიდ ბაზანი, თუნდაც იგივე სუშილ კუმარი, ან ნებისმიერი ლიდერი რუსეთის ნაკრებიდან.

ტაიუანში რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვესაუბრე და მითხრა, შეიძლება მხოლოდ გადისოვი (96 კგ) გაათავისუფლონ შინაური ჩემპიონატიდანო. დანარჩენებიდან ყველას, თუნდაც გუნდისთვის ლიცენზიის მომპოვებელს, ხელახლა მოუწევს საკუთარი პირველობის დამტკიცება.

- ოლიმპიადამდე თუ იჭიდავებ რომელიმე ტურნირზე?
- ურიგო არ იქნებოდა მსოფლიო თასზე ბაქოში გამოსვლა, მაგრამ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთია და ვშიშობ, ცუდად არ იმოქმედოს ჩემს ჯანმრთელობაზე. ამის გამო ბოლომდე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ.

- ოლიმპიური თამაშების მერე რა გაქვს გადაწყვეტილი?
- სპორტის და კერძოდ, ჭიდაობისადმი ჩემი უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, მომავალში შეიძლება მწვრთნელობასაც მოვკიდო ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული