ეს მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და, აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია.
სწორედ ამიტომ ნაკრების ხელმძღვანელობამ არავითარი შეღავათი არ მისცა არავის - ერთი გამონაკლისის გარდა, ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი იჭიდავებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთ წონებში გამოვლენ.
მწვრთნელებმა ერთი შეღავათი ის დაუშვეს, რომ ნებადართულია 2 კილოგრამის გადაცილება, მაგრამ ზედა წონაში ვინმეს გამოსვლა
ეს შეღავათიც იმიტომ დაუშვეს, რომ თუ ვინმეს განსაკუთრებით აწუხებს ზედმეტი წონა, როგორღაც დაიკლოს და მოახერხოს სასურველ ნიშნულთან მიახლოება, რათა მსოფლიოსთვის ბევრი არ ჰქონდეს დასაკლები.
ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა სავსებით გამართლებულია, რადგან ეს სპორტსმენებს მუდამ ფორმაში ყოფნას აიძულებს, სამომავლოდ კი იმ 2-კილოგრამიანი შეღავათის გაწევასაც არ აპირებენ.
ის ერთადერთი ლიდერი, ვისაც მწვრთნელები ახლა ასვენებენ, დავით მარსაგიშვილია (84). მიზეზი კი მეტად არასასურველია - საზარდულის ტრავმა.
არ ვიცით, ეს პრობლემა რა სიმძიმისაა და დავიტოვოთ იმედი, რომ მსოფლიოსთვის მზადებაში ხელს სერიოზულად არ შეუშლის. სწორედ ეს ტრავმა გახდა მიზეზი იტალიურ სასარიში, "ოქროს დიდ პრიზზე" მისი გამოუსვლელობისა.
22 ივნისს დიღომში 55, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენებს კი ქომაგი მეორე დღეს იხილავს.
გამარჯვებულები სექტემბერში ბუდაპეშტში მსოფლიოს პირველობაზე წასვლის მთავარ პრეტენდენტებად იქცევიან, თუმცა შანსი სხვებსაც მიეცემათ და თან ლიდერობის განმტკიცება მათაც მოუწევთ საერთაშორისო ტურნირში.
გამარჯვებულები მსოფლიომდე, სავარაუდოდ, ერთგან იჭიდავებენ, საამისოდ კი ორი ტურნირი მოიაზრება - პოლონეთში ან სომხეთში, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო, ალბათ, ერევანში წავლენ სარგსიანის მემორიალზე - იქ წასვლა ბევრად იაფი ჯდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"