ჭაბუკმა ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 3 მედლით - 1 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა სერბულ ზრენჯანინში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი რამაზ ზოიძე (58) გახდა, მესამე ადგილზე კი ირაკლი მხეიძე (50) და გივი მაჭარაშვილი (100) გავიდნენ.

ემზარ ბედინეიშვილის ნაკრებმა რაოდენობრივად ზუსტად გაიმეორა ივნისში ევროპის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგი, მაგრამ ხარისხობრივად გააუმჯობესა ის - მაშინაც 3 მედალი იყო, მაგრამ ყველა - ბრინჯაოსი, ახლა კი ერთი ვერცხლიცაა.

მისი მფლობელი ზოიძე საინტერესო ფიგურაა ამ ასაკის ჭიდაობაში - 42 კილოგრამიდან
მოყოლებული, ლამის ყველა წონაში იასპარეზა და რაც ყველაზე საინტერესოა, თითქმის ყველგან მოიპოვა მედალი, ანუ არ უჭირს ადაპტაცია.

შეგახსენებთ, რომ ის "ლელომ" შარშან ქვეყნის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა და წლეულსაც ამ ტიტულის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია.

ის მესამე სეზონს ატარებს ჭაბუკებში და არც ერთი წელიწადი არ ჩაუგდია - არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი.

საქართველოში ის კიდევ უფრო შორს წავიდა და უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში აღწევს წარმატებებს - ქვეყნის ჩემპიონია.

ზრენჯანინში ზოიძე ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში (როგორი საქმეა!) და ზედიზედ მეორედ გახდა ვერცხლისმედალოსანი. ოღონდ შარშანდელისგან განსხვავებით, როცა ბაქოში ფინალში მისი წაგება მასპინძელ მიხაილ რახმანოვთან მსაჯთა დამსახურება იყო (ჩვენებურმა მას შარშანვე ევროპის პირველობის ფინალში მოუგო და აზერბაიჯანელებმა სახლში ყველა რესურსი გამოიყენეს რევანშისთვის), ამჯერად არბიტრებს ვერაფერს დავაბრალებთ - ზოიძე წლეულს უკვე მეორედ დამარცხდა თურქ სელიმ კოზანთან (პირველად ევროპირველობაზე წააგო). მეტოქემ ტაქტიკურადაც სწორად წარმართა ჭიდაობა, თუმცა, ვფიქრობთ, ჩვენებურს ძირითადად მაინც უკეთესი ფიზმომზადებით აჯობა.

მაგალითად - პირველივე ქულაზე, როცა წარმატებით გაუთიშა ხელი, მერე კი ცრუმანევრით მოძრაობაზე დაიჭირა და წელში წარმატებით შეეკრა, თავისუფლად აიტაცა ჰაერში და ღონივრად გაისროლა 3-ქულიანზე.

თურქმა მომდევნო ორი გდებაც ძალის ზედმეტად დაუძაბავად შეასრულა, მეორეზე ისევ გამოავლინა კარგი ფიზიკური მომზადება და მთლიანობაში, ისე აჯობა ჩვენებურს, შანსიც არ მისცა.

არადა, ფინალამდე ბათუმელმა ფალავანმა ოთხი მეტოქე დაამარცხა დამაჯერებლად - მონღოლი ჩოიდოგჯამტს ჯამსრანჯავი (2:2; 3:0), მოლდოველი მაქსიმ საკულტანი (1:3; 5:0), რუსი ურუზბეგ ცომარტოვი (9:5) და ბელორუსი დზიანის მაქსიმაუ (8:0).

ბედინეიშვილმა მხეიძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიყვანა ნაკრებში და ცვლილებამ გაუმართლა. უნგრელ რიჩარდ ვილჰელმთან იოლი გამარჯვების შემდეგ (9:1 პირველივე ორ წუთში) მხეიძე აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტთან, ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ მახირ ამირასლანოვთან დამარცხდა - 4:8; 0:4.

დამამშვიდებელ წრეში სამ პაექრობაში იმარჯვა, მათ შორის, ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც პოლონელ პატრიკ ოლენცზინთან, რომელსაც წმინდად მოუგო - 8:0 პირველივე პერიოდში.

მაჭარაშვილმა ჩააგდო ევროპის წლევანდელი პირველობა, ახლა კი შანსი გამოიყენა და საკუთარი თავის რეაბილიტაცია სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოახერხა.

ლიტველ დენის ნედობორთან წმინდად მოგების შემდეგ ის რუსთა მომავალ ჩემპიონ ზნაურ კოჩიევთან დამარცხდა - 0:6. დამამშვიდებელში იოლად გაუსწორდა ჯერ ინდოელ გურსევაკ სინგჰს (3:0; 5:3), ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი სომეხი მერუჟან ნიკოიანი 1:0; 5:0 დაჯაბნა.

ჩვენი ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლისთვის ტარიელ გაფრინდაშვილმაც (69) იჭიდავა, მაგრამ წააგო და ევროპის პირველობის მსგავსად, ამჯერადაც მეხუთეზე დარჩა.

ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია, ვინც ლამის მუდმივად იგებს საერთაშორისო ტურნირებს, მაგრამ ოფიციალურ შეჯიბრებაზე შედეგი ვერ აჩვენა.

მას არ ვამართლებთ, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სერბეთში მძიმედ დაბინტული ხელით, ანუ სერიოზული ტრავმით ჭიდაობდა.

ამის მიუხედავად, ნახევარფინალში მაინც უპრობლემოდ გავიდა - ვენესუელელი შალონ ველეგა ბეჭებზე დადო, ამერიკელი ჯონ ჯაი ჩავესი კი ბავშვივით ატრიალა აქეთ-იქით და მორიგი წმინდა მოგება მიითვალა - 6:0.

სამაგიეროდ, ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგო - ნახევარფინალში ირანელთა მომავალ ვიცე-ჩემპიონ კამრან გასემპოურთან სუფთად (0:8), დამამშვიდებლის ფინალში კი რუს ტიმურ ბიზოევთან ვერ გახდა ვერაფერს (2:7).

მას წლეულს რუსები ბედისწერად ექცნენ - ბრინჯაო ევროპის პირველობაზეც რუსთან, ოღონდ ნიკიტა სუჩკოვთან დათმო.

ბედინეიშვილის გუნდი სერბეთში ისედაც კაცნაკლული წავიდა - 42 კილოგრამში ევროპის წლევანდელმა მესამეპრიზიორმა ალექსანდრე კილაძემ წონა ვერ დაიკლო, ადგილზე კი ნაკრებს ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით კონტინენტის კიდევ ერთი წლევანდელი ბრინჯაოსანი და მედლის მოპოვების კანდიდატი შმაგი თოდუა (46) გამოაკლდა.

დანარჩენი კვარტეტი პირველივე წრიდან გამოვარდა - გიორგი ყაზარაშვილმა (54) ინდოელ რავი კუმარისთან წააგო, ედუარდ ნიკოლიშვილმა (63) - ირანელ ალი ესმაილპურჯოუბარისთან, გიორგი გიორგობიანმა (76) - უკრაინელ ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ბოგდან პოპკოვთან, ვაჟა ომარაშვილმა (85) - ტაჯიკ ბეკსულთან სულთანალიევთან.

მთლიანად ტურნირმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭიდაობის გეოგრაფიის ზრდა და საერთო დონის გათანაბრების ტენდენცია. ინდოეთის ნაკრებმა თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა და კიდევ რამდენიმემ მოიპოვა ჩასათვლელი ქულა გუნდურში; პრიზიორებში შევიდა სამხრეთაფრიკელი მოზარდი; ისე, ეტყობა, სერიოზულ ძალად იზრდება მონღოლეთის ნაკრები.

ასეთ პირობებში ჩვენს მწვრთნელებს კიდევ უფრო ეზრდებათ ისედაც დიდი საზრუნავი. საინტერესოა, რომ ევროპელთაგან დუბლი მხოლოდ უკრაინელმა ანდრეი იაცენკომ (54) შეასრულა, ანუ ევროპის პირველობის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, თუმცა რუს იმამ თესაევთან მოსაგებად დიდი ბრძოლა გადახდა.

კვარცხლბეკი
42 კგ. 1. რიო მაცუი (იაპონია); 2. იუნეს ემამიჩოგჰეი (ირანი); 3. ვიქტორ ტერზი (უკრაინა), ჯატინ ჯატინი (ინდოეთი).
46 კგ. 1. დარჰან კალკენოვი (ყაზახეთი); 2. ფაზილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი); 3. ტაკუტო ოტოგურო (იაპონია), ხეიროლან გარამანი (ირანი).
50 კგ. 1. აბდულაგავ შახბანოვი (რუსეთი); 2. მაჰირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი); 3. ირაკლი მხეიძე (საქართველო), ტოშიჰირო ჰასეგავა (იაპონია).
54 კგ. 1. ანდრეი იაცენკო (უკრაინა); 2. იმამ თესაევი (რუსეთი); 3. იერლან აბდულხანი (ყაზახეთი), ზანდანბუდ ზანაბაზარი (მონღოლეთი); 13. გიორგი ყაზარაშვილი (საქართველო).
58 კგ. 1. სელიმ კოზანი (თურქეთი); 2. რამაზ ზოიძე (საქართველო); 3. მაჰამადალი ალიევი (აზერბაიჯანი), ურუზბეგ ცომარტოვი (რუსეთი).
63 კგ. 1. აარონ პიკო (აშშ); 2. იუჰი ფუჯინამი (იაპონია); 3. ბაკარ აიუბოვი (რუსეთი), ტიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი); 18. ედუარდ ნიკოლიშვილი (საქართველო).
69 კგ. 1. აბდულმუსლიმ მუხუდინოვი (აზერბაიჯანი); 2. კამრან გასემპოური (ირანი); 3. ტიმურ ბიზოევი (რუსეთი), ალბერტს იუვჩენკო (ლატვია); 5. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო).
76 კგ. 1. ბატირბეკ ჩაკულოვი (რუსეთი); 2. ბალრაჯ ბალრაჯი (ინდოეთი); 3. ლინუს ლუციას ვან რენსბურგი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ალი მოჯერლოო (ირანი); 16. გიორგი გიორგობიანი (საქართველო).
85 კგ. 1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი); 2. მუჰამედ ენეს ალტუნი (თურქეთი); 3. ჟასულან იერმემბეტი (ყაზახეთი), ნურმაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი); 21. ვაჟა ომარაშვილი (საქართველო).
100 კგ. 1. ზნაურ კოჩიევი (რუსეთი); 2. ალიასგარ აკბარიზარინკოლაეი (ირანი); 3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო), ტურხან გურბანოვი (აზერბაიჯანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული