ბიძინა ივანიშვილმა საგარეჯოში ახალი საჭიდაო არენა გახსნა

AutoSharing Option
ამ დღეებში ქართულ ჭიდაობაში მორიგი დიდი შეჯიბრება საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში გაიმართა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ერთობლივი პროექტით.

ასპარეზობა ახალი ნახერხმოყრილი საჭიდაო სარბიელის გახსნას დაემთხვა. სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან და ჭიდაობის ქომაგებთან ერთად, ღონისძიებას სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ახალი საჭიდაო არენების გახსნა სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა.

მათ დაფინანსებაზე დაპირება ბატონმა ბიძინამ შარშან, წინასაარჩევნოდ ქარელის რაიონის სოფელ ფცაში, ქართულ ჭიდაობაში მასშტაბურ შეჯიბრებაზე სტუმრობისას გააჟღერა.

მშენებლობის პროცესი წლეულს გაზაფხულზე დაიწყო და ისევ გრძელდება. არენები
უკვე გახსნილია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ახლა კი ესტაფეტა კახეთმა გადაიბარა.

კაკაბეთის საჭიდაო არენას ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავნის, უშანგი კუზანაშვილის სახელი ეწოდა.

"ქართველმა მოჭიდავეებმა დიდი სასწაულები მოახდინეს მსოფლიოში და სახელი გაუთქვეს ჩვენს სამშობლოს.

ვაპირებთ კიდევ არაერთი ასეთი საჭიდაოს მშენებლობას მთელ საქართველოში, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენს მოჭიდავეებს, სამშობლოს შორს გაუთქვან სახელი"
- უთხრა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა და ყველას მიულოცა ახალგახსნილი სარბიელი.

"ძალიან გვიხარია, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი დაესწრო შეჯიბრებას ქართულ ჭიდაობაში. ჩვენს ეროვნულ საჭიდაო სახეობას იგი გვერდში უდგას, რისი გამოხატულებაც წლეულს მრავლად კეთილმოწყობილი ღია საჭიდაო არენაა.

ბატონი ბიძინას მხარდაჭერით ასეთ სარბიელებზე გამართული ასპარეზობებით არაერთი დღესასწაული ვაჩუქეთ ჩვენს ერთგულ ქომაგს, ქართველ ფალავნებს"
- თქვა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.

მანვე პრემიერ-მინისტრს ფედერაციისაგან სიმბოლურ საჩუქრად ქართული ჭიდაობის ჩოხები გადასცა, წარწერით "ბიძინა ივანიშვილი".

ფალავნებმა მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. ნახერხმოყრილ მოედანზე კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის წარმომადგენელი 30-მდე სპორტსმენი გავიდა.

საინტერესოდ დაძაბულ პაექრობებში უძლიერესი აღმოჩნდა ქარელელი პაატა ღვინიაშვილი, რომელმაც ფინალი საჩხერელ ონისე ბუღაძეს მოუგო. მესამე ადგილზე გავიდა ხაშურელი გიორგი ნოზაძე. გამარჯვებულმა და პრიზიორებმა ქართული ჭიდაობის ფედერაციისაგან ფულადი ჯილდო მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ბიზინა კრივს გადახედე ვინები მართავენ და რა დგესჰია კრივი
melia
23:25 25-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული