ისევ დოპინგი და დისკვალიფიკაცია - მორიგი დასჯილი ქართული დუეტი

AutoSharing Option
მორიგი სამწუხარო და სკანდალური ცნობა ქართულ სპორტში, ისევ დოპინგის თემაზე, რომელმაც ერთბაშად ორი მოჭიდავის კარიერა შეაფერხა.

პირველი მათგანი ევროპის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ედიშერაშვილია (55), მეორე - ბერძნულ-რომაულში ახალგაზრდებში ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120.

მათ სინჯები შარშან მოსკოვში, 8-10 ნოემბერს გამართულ "ევროპის ერთა თასზე" აუღეს. პირველმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, განმეორებითზე კი ორივე სპორტსმენმა უარი განაცხადა - როგორც ამ დარგის ექიმებმა განგვიმარტეს, იმდენნაირ პრეპარატსა და ისეთ დოზებზეა საუბარი, ამას აზრიც არა აქვსო.

ორივე ფალავანს ორწლიანი
დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა ესეც იმის ხარჯზე, რომ ჯერ ძალაში არ შესულა ახალი დებულება, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრია და პირველივე შემთხვევაზე ოთხწლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, რაც ავტომატურად ნიშნავს ოლიმპიადის გამოტოვებას.

ახლა ქართული მხარის მთავარი საზრუნავია, იქნებ როგორმე სადამსჯელო მექანიზმის გადმოცემას მაინც მიაღწიონ და სპორტსმენებს ოდნავ ნაკლები სასჯელი დაააკისრონ, რათა მათ სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეძლონ; თუმცა ძალზე საეჭვოა, ამ გადმოცემას მიაღწიონ.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ფედერაცია უკვე შეუდგა სათანადო საბუთების მომზადებას.

დისკვალიფიკაციის ვადა 2013 წლის 11 ნოემბრიდან აითვლება, 2015 წელს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობა კი (ადრე აქ გაიცემოდა ყველაზე მეტი საგზური) სექტემბრის დასაწყისშია ლას-ვეგასში.

სავარაუდოდ, ფალავნებს ამის შემდეგაც ექნებათ ლიცენზიების მოპოვების შანსი (ალბათ, ორიოდე სალიცენზიო ტურნირი ისევ ჩატარდება), თუმცა დისკვალიფიკაციის პერიოდში ისინი ვერ ივარჯიშებენ ნაკრებთან, ანუ სრულფასოვნად ვერ მოემზადებიან.

ამავე პერიოდში მათ მოეხსნებათ ხელფას-პრემიებიც, რაც ამ სამწუხარო ცნობის მიღებისთანავე მყისიერად გააკეთეს სამინისტრომ, ფედერაციამ თუ ოლიმპიურმა კომიტეტმა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა.

როგორც ექიმები და ჩვენი ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ამჯერადაც თვითნებურად მიღებულ და ინტერნეტით გამოწერილ პრეპარატებზეა საუბარი.

სამწუხაროა, რომ მავნე და საკუთარი კარიერის დამღუპველი ასეთი მიდგომა ისევ გრძელდება. ხელწერა ამჯერადაც იგივეა - მეგობრების, ნაცნობების, მწვრთნელების დახმარებით გამოწერილი და ექიმთა დაუკითხავად მიღებული პრეპარატები...

როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ამ დროს ათლეტებს არასწორი ინფორმაცია აქვთ კონკრეტული წამლის შემადგენლობაზე და მისი კვალი გაცილებით დიდხანს რჩება ორგანიზმში, ვიდრე ამას არაპროფესიონალები ეუბნებიან.

ჯერ მხოლოდ მოარული ინფორმაციით, ერთ-ერთ პრეპარატზე თურმე მათ იცოდნენ, რომ ოთხ დღეში გამოდიოდა ორგანიზმიდან, მაგრამ 80 დღის შემდეგაც კი აღმოაჩნდათ მისი კვალი!

სამწუხაროა სპორტსმენთა ასეთი თვითნებობა, მაგრამ კიდევ უფრო დამღუპველია, ამას ექიმებს რომ უმალავენ... მოსკოვის ზემოაღნიშნულ ტურნირზე გამგზავრებამდე ასე ვაიპროფესიონალებისგან დაიმედებულ ერთ-ერთ მოჭიდავეს ეყო გონიერება და ექიმები დაუკითხავად მიღებულ წამალზე გააფრთხილა...

ვინაიდან იყო მისი ჩავარდნის საშიშროება, ის საერთოდ არ წაიყვანეს იმ შეჯიბრებაზე. ცოტა უფრო ადრე ანალოგიურად მოიქცა ერთი ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (მოგვიტევეთ, თუ ახალგაზრდა კაცის ვინაობას პირდაპირ არ ვასახელებთ - მან მოინანია თავისი შეცდომა) და იმასაც გამოატოვებინეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი წინდახედულების მაგალითები ძალზე მცირეა.

უკვე ცნობილია ის ხალხი, ამ ბიჭებმა ვისი მეშვეობითაც გამოიწერეს წამლები. საინტერესოა, რომ ლაპარაკია ერთსა და იმავე დარბაზთან დაკავშირებულ ადამიანებზე - თურმე უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა იმ ჯგუფის მიერ გამოწერილი წამლებით სპორტსმენები დოპინგზე ჩავარდნენ. ჯერჯერობით ამ დარბაზის დასახელებისგანაც თავს შევიკავებთ, რადგან ოფიციალურად არავინ დაგვიდასტურა, თუმცა უახლოეს დღეებში (შესაძლოა, დღესვე) ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციაც იგეგმება და ვიმედოვნებთ, იქ ღიად იტყვიან ყველაფერს.

სავარაუდოდ, ისინიც ისევე დაისჯებიან, როგორც - ძალოსნობის მწვრთნელები, როცა ამას წინათ მათი მთელი ნაკრები ჩავარდა დოპინგზე.

ერთი სიტყვით, მოსკოვის ის ტურნირი ყოველმხრივ უიღბლო აღმოჩნდა ჩვენთვის - ეს ორნი ხომ დოპინგზე გაიჭედნენ, ტურნირზე წაუსვლელობისთვის იაკობ მაქარაშვილი (74), დაგვიანებით ჩასვლისთვის კი დავით მარსაგიშვილი (84) ძლივს გადაურჩნენ ექვსთვიან დისკვალიფიკაციებს ჩვენივე ფედერაციისგან.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მაშინ სათანადო ბრძანება გამოსცა კიდეც და პრესკონფერენციაზეც გააჟღერა, მაგრამ აღმასკომმა არ დაუმტკიცა. საბოლოოდ სპორტსმენებმა გაფრთხილება მიიღეს და კი გადარჩნენ, მაგრამ ვეჭვობთ, ამჯერად ქართული ფედერაცია გადარჩეს.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი ანალოგიური შემთხვევა - ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბესარიონ გუჩაშვილს (55) ორწლიანი დისკვალიფიკაცია ზაფხულში, 27 ივნისს უმთავრდება; თან ამჯერად ლაპარაკია ერთბაშად ორ ფალავანზე და, სავარაუდოდ, გარკვეული სანქციები ფედერაციასაც დაეკისრება.

დასასრულ, ერთი გარემოებაც: დეკემბრის დასაწყისში ორივე დასჯილმა ფალავანმა იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატში. ედიშერაშვილი ჩემპიონი გახდა, არაბული კი მესამეზე გავიდა, თუმცა ეს ფაქტი ჩვენს ფედერაციას ნაკლად და ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევად არ ჩაეთვლება, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი პირველი ტესტის შედეგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული