დავიწყებული ტკივილი - როგორ მოიგეს პეკინის ოლიმპიადა ტრავმირებულმა ქართველებმა

AutoSharing Option
Sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას "ნაცნობი ფაქტების უცნობი ამბები", სადაც ცნობილი ქართველი სპორტმენების განვლილი გზისა და გადალახული სირთულეების შესახებ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობ ამბებზე მოგითხრობთ.

* * *
საქართველოს ძიუდოსა და ჭიდაობაში არაერთმა სპორტსმენმა მოუტანა წარმატება საერთაშორისო ტურნირზე, არაერთმა ააჟღერა ქართული ჰიმნი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სპორტსმენებს საქართველოს დროშის ყველაზე მაღლა აფრიალებისთვის, ქართველი გულშემატკივრის გახარებასა და სიამაყისთვის რთული მომენტების გადალახვა მოუწიათ. ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც მომხდარა, როცა ქართველმა სპორტსმენებმა ერთი შეხედვით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს.

ამის დასტურად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისა და მოჭიდავეთა ნაკრებების ექიმის, ზურაბ
კახაბრიშვილის
დახმარებით, პეკინის ოლიმპიური ჩემპიონების, რევაზ მინდორაშვილის, მანუჩარ კვირკველიასა და ირაკლი ცირეკიძის ამბებს გიამბობთ.

"არაერთხელ ვყოფილვარ თვითმხილველი, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაძლიოს სირთულე, ტკივილი და ტრავმის მიუხედავად, მიაღწიოს წარმატებას. ასეთი მაგალითები ბევრი შემიძლია გავიხსენო. რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირდაპირ ოლიმპიადაზე ვიტყვი - მოწმე ვარ, როგორ მოიგო 2008 წელს რევაზ მინდორაშვილმა ოლიმპიადა თითმოტეხილმა.

ნეკა თითი მან უკვე მესამე ორთაბრძოლაში დაიზიანა. ფაქტიურად, მთელი ტურნირი ასე, მოტეხილი თითით იჭიდავა და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

არადა, ტრავმის შესახებ არავის არაფერს ეუბნებოდა, გამაყუჩებელსაც არ იკეთებდა იმ დოზით, რაც საჭირო იყო. ანუ იმდენად იყო მობილიზებული და იმდენად სურდა გამარჯვება, რომ საერთოდ, ყველა ტკივილი დაავიწყდა. არადა, მოგეხსენებათ, რომ გამაყუჩებელი ნემსი იქნება თუ აბი, ყველაფერი ტვინზე მოქმედებს. მან ეს ყველაფერი გადალახა და გაიმარჯვა!

2008 წლის პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ მენისკის ტრავმა მიიღო, რომელიც საოპერაციო იყო. სპორტსმენის შეცვლის შანსი არ იყო, ამიტომ გადავიღეთ სურათი და ანთების ჩასაქრობად 1-2 ნემსის გაკეთება გადავწყვიტეთ. ასე ჩავიდა ცირეკიძე პეკინში და გახდა კიდეც ოლიმპიური ჩემპიონი!

სხვათა შორის, ცირეკიძეს ფეხი დღემდე საოპერაციო აქვს. ამბობდა, დღეს-ხვალ გავიკეთებ ოპერაციასო, მაგრამ მას შემდეგ თითქმის 8 წელიწადი გავიდა და ისევ ისეა. ხანდახან, როცა ვეკითხები, ხელს აიქნევს ხოლმე, ვიღას ახსოვს უკვე ეგ მენისკის ტრავმაო...

პეკინში თითი ჰქონდა დაზიანებული მანუჩარ კვირკველიასაც. საერთოდ, ოლიმპიადამდე მას არაერთი ტრავმა ჰქონდა მიღებული, შემდეგ კი წონის კლების ფონზე, კიდევ დასუსტდა. ამ პრობლემების მიუხედავად, ვერ შეატყობდი, თუ რამე აწუხებდა. ერთადერთი, ტურნირის დროს გვერდში ყოფნას მთხოვდა, რადგან როდის დასჭირდებოდა სამედიცინო დამხარება, თავადაც არ იცოდა.

ფაქტია, კვირკველია თითის ტრავმით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი", - იხსენებს კახაბრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ბატონი ზურაბი და ჩვენი საამაყო ჩემპიონები
lnzm
18:06 26-03-2016
0
Aseti xalxis bejebze dgas saqartvelo
Irakli apkhaidze
12:37 26-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული