რიო 2016: საქართველოს "თავისუფალთა" გუნდის შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობამ დაასახელა ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა, რომელიც რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს:

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74), ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).

როგორც ვხედავთ, ნაკრების ხელმძღვანელობა იმ ექვსეულს დაეყრდნო, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა. ამათგან სადავო და გასარკვევი მხოლოდ 86 კილოგრამის საკითხი იყო, სადაც ამინაშვილს კონკურენციას ევროპის
წლევანდელი მესამეადგილოსანი, ევროპის ორგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი უწევდა, თორემ სხვებს სერიოზული მოცილე არც ჰყავდათ.

86-ში კონკურენცია გასულ უქმეებზე მადრიდში გადაწყდა, სადაც კონკურენტებმა "ესპანეთის დიდ პრიზზე" იჭიდავეს, ამინაშვილმა კი პირადი შეხვედრა 6:0 მოუგო მარსაგიშვილს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე, რომელსაც 22 ივლისს დაასრულებს.

ბრაზილიაში წასვლამდე ნაკრები კიდევ ერთ შეკრებას გაივლის - 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე, რომელსაც ისევ დუშეთში გამართავს. იყო ბორჯომის ალტერნატივაც, რომელიც თავიდან იუარეს, თუმცა მოგვიანებით ისევ მოისურვეს იქ წასვლა, მაგრამ სპორტული კომპლექსი უკვე დაკავებული დახვდათ, თავისუფალი ადგილები აღარ იყო. ამიტომ ისევ დუშეთი ამჯობინეს, სადაც პირობებს ნამდვილად არ უჩივიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბრაზილიაში 8 აგვისტოს გაფრინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული