თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: "ერთა თასზე" უძლიერესი გუნდით

AutoSharing Option
ფოტოზე: გენო პეტრიაშვილი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები დღეს ამთავრებს შეკრებას ბორჯომში და ხვალ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაფრინდება, სადაც "ევროპის ერთა თასზე" იჭიდავებს. შეჯიბრება ერთდღიანია და ის 18 ნოემბერს ჩატარდება.

იმავე დღეს იჭიდავებენ ქალებიც, "ბერძენ-რომაელები" კი 19-ში იასპარეზებენ. ისინი რუმინეთში ერთი დღით გვიან, 17-ში გაფრინდებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს რუმინეთში ოპტიმალური შემადგენლობა მიჰყავს. ხანმოკლე შესვენების შემდეგ სწორედ ამ შეჯიბრებით იწყებენ ახალი სეზონისთვის მზა
დებას ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125), რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ არსად უჭიდავიათ.

ზოგადად, მინდორაშვილს რუმინეთში ოლიმპიური თამაშების ყველა, ექვსივე მონაწილე მიჰყავს და აქ უფრო ძლიერი გუნდით იასპარეზებს, ვიდრე ერთი კვირის შემდეგ ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში. რიო დე ჟანეიროში ნამყოფთაგან რამდენიმე იქაც ეყოლება, მაგრამ უმეტესობას ასვენებს.

"ევროპის ერთა თასი" ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაციის ერთ-ერთი ნოვაციაა, თუმცა ის რამდენიმე წლის წინათ დააარსეს და უკვე იმხელა ისტორია აქვს, სიახლეს ვეღარ ვუწოდებთ. იქ ევროპის ჩემპიონატის გუნდური შედეგების მიხედვით იწვევენ მონაწილეებს, ამ ნიხრით კი ჩვენი ნაკრები შეჯიბრების ფავორიტია - მოგეხსენებათ, რიგაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა გაიმარჯვეს და რუსეთს გაუსწრეს.

ამ ორი გუნდის გარდა, ბუქარესტში იჭიდავებენ მასპინძელი რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და უკრაინა. ამ ექვსეულიდან ხუთი - საქართველო, რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა "ბერძენ-რომაელთა" შორისაც გამოვლენ, ბელორუსს კი თურქეთი ჩაანაცვლებს.

ეს ტურნირი ადრე ყოველთვის ოქტომბერში იმართებოდა, ახლა კი ცოტა მოუხერხებელ დროს ტარდება - ბოლო უქმეებზე, 12-13 ნოემბერს მოსკოვში ალმასის კომპანია "ალროსას", რუსეთის ჭიდაობის გენერალური სპონსორის სახელობის თასი გაიმართა, სადაც საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ექვს დღეში უკვე რუმინეთის ტურნირია, ერთ კვირაში კი ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" შეჯიბრებაა.

თუმცა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციისგან ორგანიზებულობა თუ გაგვიკვირდება, თორემ მსგავსი უთავბოლობა აღარც გვიკვირს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ. დავით ტლაშაძე
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ. სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული