- ევროპის ერთა თასი: საქართველო "ბებერ კონტინენტზე" უძლიერესია [VIDEO]
ამ ტურნირებს შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი პირად პირველობაში დაგროვებული ქულებით ვლინდება, მეორე კი გუნდური შეჯიბრებაა.
გუნდმა თბილისში დასვენებაც ვერ მოასწრო, სამშაბათს უკვე ბაქოში გაემგზავრა "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში საჭიდაოდ, სადაც 8 წონიდან 7 ლიცენზია გვაქვს. იქ წასვლამდე შევხვდით და ვესაუბრეთ
- როგორ ემზადებოდა გუნდი ამ ტურნირისთვის, ელოდით ასეთ წარმატებას თქვენი შეგირდებისგან?
- ბიჭებმა მართლაც მაქსიმუმი გააკეთეს, ამ ეტაპისთვის რაც შეეძლოთ. ამ ტურნირისთვის მხოლოდ 10-დღიანი შეკრება გავიარეთ, მცირე მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ოლიმპიადის შემდეგ ეს პირველი შეკრება იყო და ასე წავედით "ევროპის ერთა თასზე".
იქ ჩვენი გუნდის გამოსვლას დადებითად და კარგად შევაფასებ, რადგან რაც შეეძლოთ ამ ეტაპისთვის, მაქსიმუმი შეძლეს, მოინდომეს, მებრძოლი ხასიათი აჩვენეს, კარგად იჭიდავეს და ბრძოლის ჟინი გამოავლინეს.
- განწყობა მართლაც ეტყობოდათ ბიჭებს. გუნდურში უფრო უკეთ ახერხებენ ამას თუ პირადში?
- პირადი შეჯიბრება მართლაც სულ სხვაა - იქ მარტო შენს თავზე ხარ პასუხისმგებელი, გუნდურში კი ეს პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, რადგან შენს გამოსვლაზე სხვისი ბედიცაა დამოკიდებული. ამიტომ მეტი მობილიზება და უფრო მეტად განწყობაა საჭირო. ამ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ჩვენებს ეს შეუძლიათ და ძალიან კარგადაც მოახერხეს, გუნდურ შეჯიბრებას კარგად მოერგნენ ყველანი.
- თუ გამოარჩევდით ვინმეს კარგი ჭიდაობით?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, 57 კილოგრამში ძალიან კარგად იჭიდავა ახალგაზრდა ოთარ გოგავამ, 74-ში კარგად გამოვიდა ზურაბ ერბოწონაშვილი, გენო პეტრიაშვილზე აღარ მაქვს ლაპარაკი - ის ისეთი მოჭიდავეა, რომ დაგვჭირდეს, დაკვეთაც კი შეგვიძლია მივცეთ, როდის მოიგოს წმინდად. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერთი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ - მაღალ დონეზე. ზურაბ იაკობაშვილმა ფინალში ძალიან კარგად იასპარეზა - რუსი მურად ნუხკადიევი 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონია. დავით ტლაშაძემ სამივე შეხვედრა მოიგო და მართლაც კარგად იასპარეზა.
მთლიანობაში, ზოგადად, გუნდი გამოვიდა კარგად. ზოგიერთმა კი წააგო, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში, სადაც მოგება გვჭირდებოდა, გაიმარჯვეს.
- ისეთიც ხომ არ იყო, ვინც შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და უკმაყოფილო დარჩით?
- ასეთებიც იყვნენ, მაგრამ არ მინდა გვარ-სახელების დასახელება. მაგალითად, უკრაინასთან რამდენიმე სპორტსმენისგან უფრო მეტს ველოდით. ალბათ, ფსიქოლოგიურად დაიძაბნენ, რადგან მათთვის პირველი გუნდური შეჯიბრება იყო და ამიტომ მაქსიმუმი ვერ გამოავლინეს. მაქსიმუმი კი არა, ზოგმა თავისი ნიჭის მინიმუმიც ვერ იჭიდავა იმ კონკრეტულ შეხვედრებში და ისინი შევცვალეთ.
- ხინჩეგაშვილი ერთის მეტად რატომ არ დატვირთეთ, შანსი ლომთაძესაც მიეცით თუ რით იყო ეს გამოწვეული?
- მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდანვე გადავწყვიტეთ, ძალიან არ დაგვეტვირთა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში გვეჭიდავებინა. ოლიმპიადის შემდეგ პირველად ჭიდაობდა. თან - 61-ში, სადაც ევროპის ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ მაინც სხვა წონაა. ოლიმპიადის შემდეგაც ეს პირველი შეკრება იყო და ამიტომ არ დავტვირთეთ. ის მოემზადება ახალი სეზონისთვის, ახალ წონაში გაივლის შეკრებებს და შეჯიბრებებზე მაქსიმალურად დაიტვირთება.
- რუმინეთში რამე ზოგადი ნაკლოვანებებიც ხომ არ შეამჩნიეთ გუნდს, ხომ არ დაინახეთ ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც სამომავლოდ უნდა გააკეთოთ აქცენტი?
- შეჯიბრება არ არსებობს ხარვეზების გარეშე. ჩემპიონიც რომ გახდე გინდ პირადში, გინდ - გუნდურში, ნაკლოვანებები ყოველთვის გამოჩნდება, რაც ყოველდღიური სამუშაო პროცესია. იმის მიუხედავად, რომ გუნდი კარგად გამოვიდა, ხარვეზები აქაც გამოჩნდა - კონკრეტულ სპორტსმენებს აქვთ რაღაც-რაღაც პრობლემები - შეიძლება ეს იყოს ფიზიკური მომზადება, შეიძლება - ტექნიკური ან სხვა სახის. ამას ყველაფერს ვხედავთ და ეტაპობრივად ყველაფერზე ვმუშაობთ, ვასწორებთ. ეს სისტემატური პროცესია, ამის გარეშე ჭიდაობა არ არსებობს.
- რეზონანსი, გამოხმაურება როგორი ჰქონდა თქვენს გამარჯვებას? ეს ხომ პირველი შემთხვევა იყო, როცა რუსებმა ვერ მოიგეს...
- დარბაზში რასაც ვუყურებდი, ყველა ჩვენ გვქომაგობდა. სხვა ქვეყნების სპორტსმენები - ბელორუსები, უკრაინელები თუ სხვები, ჩვენ გვიჭერდნენ მხარს, აქტიურად გვქომაგობდნენ. თვითონ რუმინელებიც ჩვენებს უჭერდნენ მხარს.
- ხინჩეგაშვილი რუმინელს ხვდებოდა, მაგრამ მაყურებელი მაინც "ჯორჯია", "ჯორჯიას" გაიძახოდა...
- კი, ამ შეხვედრის დროსაც ხინჩეგაშვილს გულშემატკივრობდნენ. ყველას ძალიან უნდოდა ჩვენი მოგება.
- ბაქოში რა იქნება თქვენთვის მთავარი - შედეგი თუ ბიჭების შემოწმება?
- ეს სულ განსხვავებული შეჯიბრებაა, რადგან პირადი ტურნირია და არა გუნდური. რა თქმა უნდა, შედეგი კარგია და ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. თან ეს ისეთი შეჯიბრებაა, სადაც ბიჭები კარგ მომზადებას გაივლიან მომავალი ბატალიებისთვის, რომ გამოვიდნენ საქართველოს ჩემპიონატში და დაიწყონ მზადების ახალი ციკლი.
- ალბათ, ნაკრების მზადების სამომავლო კალენდარი უკვე გაწერილი გექნებათ. უახლოესი ღონისძიებების შესახებ რომ გვითხრათ?
- დეკემბერში იმ ორ არაოლიმპიურ წონაში - 61-სა და 70 კილოგრამებში მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და ამით ვამთავრებთ წლევანდელ სეზონს. იანვრიდან მზადების ახალ ციკლს დავიწყებთ. საგაისო კალენდარი უკვე ჩავაბარეთ ფედერაციას. წლის დასაწყისში დაიგეგმება, როგორ გადანაწილდებიან სპორტსმენები სხვადასხვა ტურნირზე. საქართველოს ჩემპიონატი დაგეგმილია 27 იანვარს, თუმცა 2-3 დღით თარიღის გადაწევ-გადმოწევაც არაა გამორიცხული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"