თავის დროზე ახალმა ხელისუფლებამ სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, მაგრამ ოლიმპიადის აპოლიტიკურობის ცნება რამდენიმე დღის წინ თავად რუსეთმა დაარღვია, როცა აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის "გმირად" შერაცხილი პილოტი ივან ნეჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ შეარჩია.
საქართველოში ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და სამართლიანადაც - საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა და ოლიმპიადის
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხელისუფლება და ოლიმპიური კომიტეტი.
მანამდე კი "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მთავარ იმედად მიიჩნევა. ჩვენ გედევანიშვილს აშშ-ში დავუკავშირდით:
- რაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვარჯიში განვაგრძოთ.
- კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ თქვენ მზად ხართ, უარი თქვათ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.
- უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ.
- ამ დღეებში ყველას გაახსენდა, რომ წლების განმავლობაში თქვენ რუსეთში ვარჯიშობდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ იქ ვარჯიშის გაგრძელების საშუალება აღარ მოგცეს.
- რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ.
ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ, ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.
მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ:
ნიკა რურუა: ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე