CBC: ქუმარიტაშვილი ტრასის გაუმართაობას ემსხვერპლა!

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანადური ტელევიზიის CBC-ის ეთერში დღეს სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არის მოთხრობილი.

ადგილორივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო. ტელეკომპანია CBC-ის გადაცემაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.

ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯონ ფურლოგი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს,
თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.

კანადური ტელევიზიის მასალების დეტალებით დაინტერესდა ქართული მხარეც. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილი ახალი გარემოებების შესწავლას იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ვახტანგ გეგელიამ განუცხადა, უახლოეს დღეებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტი დეტალურად შეისწავლის კანადური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ინფორმაცია ზუსტია, ქართულ მხარე მოითხოვს ოფიციალურ განმარტებებს, როგორც ციგაობის საერთაშორისო ფედერაციიდან, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან და ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტიდან.

"ახსნა-განმარტებების მიღების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტი შემდგომ ნაბიჯებს უკვე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით გადადგამს. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი დადასტურდება, სულ მცირე, რაც მოხდება, კანადის სამართალდამცავი ორგანოები ფაქტის ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ",-აღნიშნა გეგელიამ.

ქართველი მოციგავე, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა. მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებირებს შეეჯახა.

12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ერთი წელი სრულდება.



”ინტერპრესნიუსი”





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული