სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვაკანტური საგზურებისთვის იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის არიან ელენე გედევანიშვილი (ქალებში), ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა (ყინულზე ცეკვა).
26 სექტემბერს ჩვენებურებიც გავიდნენ ყინულზე. ელენე გედევანიშვილი ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა (მე-14 ადგილი), შვიდ-შვიდჯერ იასპარეზა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში, კონტინენტის პირველობებზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი (2010, 2012) მოიპოვა.
მსოფლიოზე კი სამჯერ მეათე იყო. წლეულს ელენემ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა: ევროპაზე
23 წლის გედევანიშვილმა მოკლე პროგრამით იასპარეზა და პირველი დღის შემდეგ 35 მონაწილეს შორის 51,59 ქულით მეექვსეა.
ქართველ მოციგურავეს ამ საფეხურზე დაბლა დაშვების უფლება არა აქვს, რადგან ქალებში ოლიმპიადისთვის მხოლოდ 6 ვაკანტური ადგილია დარჩენილი.
64,69 ქულით 14 წლის რუსი ელენა როდიონოვა დაწინაურდა. წლეულს მან ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ასაკობრივი შეზღუდვის გამო როდიონოვა პირველ ექვსეულში მოხვედრის შემთხვევაშიც სოჭის საგზურს ვერ მიიღებს. 59,79 ქულით მეორე ადგილზეა 26 წლის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2007, 2011 წწ), ოთხი კონტინენტის ჩემპიონატის 2011 წლის გამარჯვებული იაპონელი მიკი ანდო.
ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა 2009 წელს მსოფლიოზე მე-3 ადგილი დაიკავა, 2010 წლის ოლიმპიადაზე მე-5 იყო. ბოლო ორი წელიწადია, მსოფლიოს ჩემპიონატებში არ უასპარეზია, რადგან შარშან შვილი შეეძინა.
და აი, დიდ ყინულზე დაბრუნების შემდეგ ანდო გერმანიაში 2014 წლის ზამთრის თამაშების ლიცენზიის მოპოვების უპირველესი ფავორიტია.
57,87 ქულით მესამე საფეხური 18 წლის ამერიკელს - ეშლი კეინს უკავია. გედევანიშვილს მცირედით უსწრებენ კანადელი ვერონიკ მალე (55,79) და გერმანელი ნატალი ვეინცერლი.
19 წლის ალემანმა წლეულს ევროპაზე მე-9, მსოფლიოზე კი მე-19 ადგილი დაიკავა და სოჭის ოლიმპიადაზე მოსახვედრად მცირედი დააკლდა. ცხადია, 27 სექტემბერს თავისუფალი პროგრამით შეეცდება გუშინდელი შედეგის განმტკიცებას და ზამთრის თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.
ყინულზე ცეკვაში ოლიმპიადის 5 საგზურისთვის 22 წყვილი ეცილება ერთმანეთს. 26 წლის ოთარ ჯაფარიძე გამოცდილი სპორტსმენია - ერთი ოლიმპიური თამაშების, ორი მსოფლიოს და სამი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.
გამოცდილება არც ანგელინა ტელეგინას აკლია, მაგრამ ორივე მოციგურავე წლების განმავლობაში სხვადასხვა პარტნიორთან ერთად გამოდიოდა ყინულზე.
ეს წყვილი შარშან შეიქმნა, ევროპის ჩემპიონატზე წლეულს მე-20 ადგილი დაიკავა, მსოფლიოზე საასპარეზოდ კი სარეიტინგო ქულები არ ეყო.
26 სექტემბერს ობერსდორფში ანგელინამ და ოთარმა მოკლე პროგრამით 45.47 ქულა მოაგროვეს და მე-13 ადგილზე არიან, თუმცა საგზურისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავთ, რადგან ჩვენებურებს მე-5 ადგილზე მყოფი ჩინელებისგან მხოლოდ 5,69 ქულა აშორებთ, რისი აღმოფხვრაც თავისუფალი პროგრამით ასპარეზობისას სრულიად შესაძლებელია.
მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ I-XIII ადგილებს ინაწილებენ:
1. ალექსანდრა პაული, მიჩელ ისლამი (კანადა, 59.06), 2. მადისონ ჰუბელი, ზახარი დონაჰუე (აშშ, 56.53), 3. კსენია მონკო, კირილ ხალიავინი (რუსეთი, 55.90), 4. ალისა აგაფონოვა, ალპერ უკარი (რუსეთი, 51.51), 5. ქსინტონ ჰუანი, ქსუნ ჟანი (ჩინეთი, 51.16), 6. დანიელე ობრაიანი, გრეგორი მერიმანი (ავსტრალია, 50.52), 7. შარი კოხი, კრისტიან ნშტერნი (გერმანია, 49.17), 8. ქეით რიდი, კრის რიდი (იაპონია, 48.41), 9. ფედერიკა ტესტა, ლუკაშ შოლი (სლოვაკეთი, 48.30), 10. სარა ჰურტადო, ადრია დიასი (ესპანეთი, 46,68), 11. რამონა ელსენერი, ფლორიან როსტი (შვეიცარია, 46.27), 12. ჰენა ლინდჰოლმი, ოსი კანერვო (ფინეთი, 45.68), 13. ანგელინა ტელეგინა, ოთარ ჯაფარიძე (საქართველო, 45.47).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"