ლინდსი ვონი - სამთო თხილამურების ულამაზესი დიდოსტატი [PHOTO]

AutoSharing Option
დოსიე:
ლინდსი ქეროლაინ ვონი (ქილდოუ)
სამთო თხილამურები
დაიბადა: 1984 წლის 18 ოქტომბერს, სენტ პოლში (აშშ)
ტიტულები: ვანკუვერის (2010), ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2009) და სამგზის ვერცხლის პრიზიორი (2007, 2011); მსოფლიოს თასის ოთხი (2008, 2009, 2010, 2012) სპორტული სეზონის საუკეთესო მოთხილამურე; მსოფლიო თასის 63 ეტაპის გამარჯვებული (რეკორდი).


ტრიუმფი კორტინა დ'ამპეცოში
ტრიუმფალური გამოდგა ამ დღეებში კორტინა დ'ამპეცოში (იტალია) მიმდინარე მსოფლიოს თასი თხილამურებით დაშვებაში ამერიკელი ლინდსი ვონისთვის. ტიტულოვანმა ამერიკელმა ქალბატონმა კორტინა დ'ამპეცოს ტრასაზე შეძლო რიგით 63-ე გამარჯვების მოპოვება
მსოფლიოს თასზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია სპორტის აღნიშნული სახეობისათვის ქალთა შორის.

აქამდე, მსოფლიოს თასის 62 ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებით საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრიელ ანამარია მოზერ-პრიოლს ჰქონდა, რომელიც ავსტრიელმა 1980 წელს დაამყარა.

გადამწყვეტი იერიში ავსტრიელის რეკორდზე ვონმა დეკემბერში მიიტანა, როცა ლეიკ ლუიზსა (აშშ) და ვალ დ"ეზირში (საფრანგეთი) გამართულ მსოფლიოს თასებზე თითო გამარჯვება მოიპოვა, ორივეჯერ სწრაფდაშვებაში და ამ სტატუსის შეჯიბრებებზე მის მიერ მოგებული ეტაპების რაოდენობა 61-მდე გაზარდა.

კორტინა დ'ამპეცოში ლინდსის პირველ დღეს ხელი მოეცარა (მეათე ადგილი), 18 იანვარს სწრაფდაშვებაში აჯობა ყველას და მოზერის რეკორდი გაიმეორა, 19 იანვარს კი სუპერგიგანტში მოპოვებული წარმატება მისთვის ზღვა სიხარულის მომტანი აღმოჩნდა - ის ახლა უკვე ყველა დროის საუკეთესოა მსოფლიოს თასებზე მოპოვებული გამარჯვებებით სათხილამურო სპორტში!

"ადრე თუ გვიან მე აუცილებლად დავამხობ მოზერის რეკორდს, რადგან სპორტში ყველაზე დიდხანს მხოლოდ რეკორდები ამახსოვრდებათ. თუ მინდა, რომ სპორტის გულშემატკივრებს დიდხანს ვახსოვდე, სწორედ რეკორდის ავტორი უნდა გავხდე", - იქადნებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში ლინდსი და როგორც ვნახეთ, სრულიად საფუძვლიანადაც.

Sportall.Ge
ქილდოუდან ვუდსამდე
სპორტულ სამყაროში მეტად პოპულარული ეს ამერიკელი მოთხილამურე გათხოვებამდე გვარად ქილდოუ გახლდათ. 2007 წლამდე ლინდსის სწორედ ამ გვარით იცნობდა სპორტის გულშემატკივარი, თუმცა იქამდე იგი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი წარმატებებით ცნობილი არც ყოფილა.

ლინდსი სწორედ ამ წელს, ამერიკელ მოთხილამურე თომას ვონზე დაქორწინების მერე გადავიდა მეუღლის გვარზე. ცოლზე 9 წლით უფროსი თომასი სათხილამურო სპორტში უფრო გამოცდილი იყო და ვიდრე ერთად იყვნენ, მწვრთნელის ფუნქციასაც თავად ითავსებდა. თუმცა ლინდსი და თომასი ერთად დიდხანს არ ყოფილან. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2011 წელს გაყრა გადაწყვიტეს.

2013 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ლინდსი ვონი სახლგანთქმულ ამერიკელ გოლფისტს ტაიგერ ვუდსს ხვდებოდა. სპორტის ორი ვარსკვლავის ურთიერთობა თანდათან გაღრმავდა. ლინდსი და ტაიგერი ხშირად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე ერთად. გარდა ამისა, უშუალოდ შეჯიბრებებზეც, როცა ვუდსი თამაშობს, ვონი აქტიური ქომაგია, ამ უკანასკნელის თხილამურებით სრიალისას კი გულშემატკივართა შორის ხშირად ნახავთ ტაიგერს.

ლინდსის არ განუცხადებია, დატოვებს თუ არა ყოფილი მეუღლის გვარს და დაიბრუნებს ქილდოუს, ან იქნებ მომავალში ვუდსთან და ქორწინება თუ გადაწყვიტა კიდევ ახალი გვარი მოირგოს. მაგრამ იქამდე უფრო მნიშვნელოვანი მისი საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერაა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

შთამბეჭდავი კარიერა
უმცროს ასაკში ლინდსის სპორტული კარიერა თავბრუდამხვევი წარმატებებით არ ყოფილა გამორჩეული. მოგვიანებით, როდესაც ეს უაღრესად პერსპექტიული სპორტსმენი გოგონა "გაიხსნა", თავისი პოტენციალის რეალიზებასაც შეუდგა და შეჯიბრებებზე ჯილდოების მოგროვებასაც აქტიურად მიჰყო ხელი.

ლინდსის მსოფლიო თასზე დებიუტი 2000 წელს 16 წლის ასაკში ჰქონდა. პირველი წარმატება კი ამ რანგის შეჯიბრებაზე 2004 წელს კანადაში, ლეიკ ლუიზში მოიპოვა. საყურადღებოა, რომ ეს ტრასა ლინდსისთვის ტრადიციულად წარმატებულია. 62-დან 15-ჯერ გამარჯვებას მსოფლიო თასის ეტაპებზე ამ სპორტსმენმა სწორედ ლეიკ ლუიზში მიაღწია.

მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ლინდსი პირველად 2007 წელს ვიხილეთ. თუმცა მაშინ "ოქროს" ვერ შესწვდა და ორი "ვერცხლით" დაკმაყოფილდა. 2009 წელს ვალ დ"იზერში (საფრანგეთი) მედლების რაოდენობა იგივე დარჩა, სამაგიეროდ, ხარისხი ჩაანაცვლა "ოქროთი". ამავე რანგის შეჯიბრებაზე 2011 წელს ლინდსიმ სწრაფდაშვებაში კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მიიღო.
ტიტულოვანი მოთხილამურე ოლიმპიადებზე სამჯერაა ნამყოფი. 2002 წელს, სოლტ ლეიკ სიტიში, საუკეთესო შედეგი, მე-6 ადგილი ჰქონდა. ოთხი წლის მერე, ტურინის ოლიმპიადაზე, სუპერგიგანტსა და სწრაფდაშვებაში ათეულში მოხვდა. 2010 წელს კი, ვანკუვერში, ბრწყინვალედ იასპარეზა - სწრაფდაშვებაში ოქროს, სუპერგიგანტში კი ბრინჯაოს მედლებით დაიმშვენა მკერდი.

მსოფლიოს თასებზე მიღწეული გამარჯვებებით გამორჩეული სეზონი ვონს 2009-10 წლებში ჰქონდა, როცა საკუთარ აქტივს ამ რანგის შეჯიბრების 11 უმაღლესი ჯილდო შემატა. ამავე წელს Lაურენს ჭორლდ შპორტს Aწარდს -ის ვერსიით ის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

2011-12 წლების სეზონშიც ლინდსიმ მსოფლიო თასებზე ყველაზე მეტი, 12 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. 2012 წლის 26 თებერვალს მან ბულგარულ ბანსკოში, სუპერგიგანტში ასპარეზობისას, კარიერაში მეთვრამეტედ ირგუნა გამარჯვება. ამდენჯერ სამთო სათხილამურო სპორტში სუპერგიგანტში არასოდეს არავის მოეგო. ამავე წლის მიწურულს, ლეიკ ლუიზში სამ დღეში სამი გამარჯვებით დაასრულა გამოსვლა და შესანიშნავად დაწყებული წელიწადი ბრწყინვალედ დახურა.

სამწუხაროდ, 2013 წელი მისთვის ნავსიანი გამოდგა. 5 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონატზე შლადმინგში (ქვეყანა) ტრასაზე დაშვებისას ძალიან ცუდად დაეცა და მძიმე ტრავმა მიიღო. მუხლზე რთული ოპერაციის გადატანის მერე, არცთუ მცირე ხანს მას უქმობამ მოუწია.

"ადრე უფრო ვახერხებდი ტრავმებთან დიდი ხნის პაუზის გარეშე გამკლავებას, თუმცა ამჯერად საქმე გაცილებით რთულ სიტუაციასთან გვქონდა. განსაკუთრებით პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე გამიჭირდა ვითარებასთან შეგუება. ექიმები თითქმის უძრავად ყოფნას მთხოვდნენ, ყავასაც კი ვერ ვიმზადებდი დამოუკიდებლად", - იხსენებს ლინდსი.

სარეაბილიტაციო პერიოდის ნაყოფიერად გავლამ 2013 წლის მიწურულს (დეკემბერში) ლინდსის ისევ შეაძლებინა მწვერვალიდან დაშვება - ლეიკ ლუიზში (კანადა) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე პოზიციაზეც აღმოჩნდა. მაგრამ მორიგ ხიფათს მაინც ვერ ასცდა. ვალ დ"ეზირში ასპარეზობისას მარჯვენა მუხლი კვლავ დაიზიანა და მცირე ხნის მკურნალობის შემდეგ, იძულებული გახდა სოჭის ოლიმპიადა გამოეტოვებინა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ამის გაკეთება მიხდება, მაგრამ, ჩანს, ჩემი მუხლი ძალზე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გასვლის საშუალებას არ მაძლევს", - აცნობა მან საკუთარ გულშემატკივრებს "ფეისბუქით".

ტრავმამოშუშებული ლინდსი საშეჯიბრო არენას 2014-2015 წლების სეზონში, კერძოდ 6 დეკემბერს ლეიკ ლუიზში (კანადა) დაუბრუნდა, სადაც სწრაფდაშვებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. შემდეგ იყო მსოფლიო თასზე მოპოვებული 61-ე გამარჯვება ფრანგულ ვალ დ'ეზირში და ტრიუმფი, რომელზედაც ვრცლად თავშივე მოგიყევით.

Sportall.Ge

სპორტის მიღმა
ასეთ ტიტულოვან და ამავდროულად, ულამაზეს ქალბატონთან საქმიან ურთიერთობას, აბა, რომელი კომპანია არ შეეცდება. შესაბამისად, ვონს არაერთ ცნობილ ფირმასთან აქვს სარეკლამო კონტრაქტი გაფორმებული და სპორტული წარმატებებით მოხვეჭილ შემოსავალს ამ გზითაც ზრდის.

მსოფლიოში საუკეთესო გოლფისტ ტაიგერ ვუდსთან მისმა ურთიერთობამ ხომ ორივეს პოპულარობა ერთიორად გაზარდა. ლინდსი მეგობარი მამაკაცით კმაყოფილებას არ მალავს.

"ტაიგერი არ ცდილობს ჩემზე ზეგავლენის მოხდენას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში ხელს არ მიშლის. საქმისადმი მიდგომაში მას ტოლი არ ჰყავს. ვერავინ წარმოიდგენს, რა მძიმე შრომას ეწევა ტაიგერი და მაინც არასოდეს კარგავს კონცენტრაციას", - ამბობს ლინდსი.

მიუხედავად ამისა, ვონი სამაგალითო სპორტსმენად როჯერ ფედერერს მიიჩნევს. ის მასთან სარეკლამო რგოლშიცაა გადაღებული, რომლის დროსაც ლინდსიმ და ფედერერმა შვეიცარიის მთებში 3450 მეტრის სიმაღლეზე ითამაშეს ჩოგბურთი.

2010 წელს, პოპულარულ გამოცემა Sports Illustrated-ის დამსახურებით, ულამაზესი ამერიკელი მოთხილამურის ფოტოსესიის ეფექტი მსოფლიოს მილიონობით ადამიანს მისწვდა.

30 წლის ლინდსი შთამბეჭდავი წარმატებების მწვერვალზეა და იქიდან დაშვებას ჯერ არ აპირებს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული