ქალები საფრანგეთში იყვნენ შეკრებილნი. ბოლო დისციპლინა, რომელშიც მათ ურთიერთობა გაარკვიეს - სუპერგიგანტი იყო. და კარიერაში მეშვიდედ, სეზონში კი პირველად, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი.
ტექნიკურ და გაყინულ ტრასაზე, რომელიც ძალიან კარგად ერგებოდა მის უნივერსალურ სტილს, გიორგლი თავდაპირველად აგებდა თავის თანამემამულე ანა ფენინგერთან, მაგრამ უკეთ გაიარა ტრასის ბოლო ნაწილი, სადაც მაქსიმალურ სიჩქარეს (საათში 106 კილომეტრი) მიაღწია და გაუსწრო მთავარ კონკურენტს ხუთი
მსოფლიო თასის მოქმედი მფლობელი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფენინგერი ამ სეზონში ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს. მიუხედავად ამისა, საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზეა და 249 ქულას აგებს სლოვენიელ ტინა მაზესთან. ეს უკანასკნელი სუპერგიგანტში მესამე ადგილზე გავიდა - გიორგლთან მხოლოდ 13 მეასედი წამი წააგო.
რაც შეეხება ლინდსი ვონს, რომელმაც შაბათს სწრაფდაშვება მოიგო, მან დისტანციის დასრულება ვერ შეძლო, თუმცა ტრავმებს გადაურჩა. ამერიკელმა დაკარგა შანსი, მოგებების რაოდენობით დასწეოდა ლეგენდარულ ანემარი მოზერ-პრიოდლს.
* * *
მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის დაწყებიდან უკვე 12 სტარტი ჩატარდა: ექვს ჩქაროსნულ დისციპლინაში ექვსი პოდიუმია ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდის ანგარიშზე, ექვს ტექნიკურ სახეობაში კი ამდენივე პოდიუმი აქვს ავსტრიელ მარსელ ჰირშერს. სწორედ მან მოიგო ალტა ბადიაში გიგანტური სლალომი.
ჰირშერი და იანსრუდი - ორი აშკარა ლიდერია წლევანდელი სეზონის პირველ ნაწილში. ნორვეგიელმა ულაპარაკოდ დაიპყრო სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი, ჰორშერს კი ბადალი არ ჰყავს სლალომსა და გიგანტურ სლალომში. იტალიაში ავსტრიელისთვის ხელის შეშლა თვით გიგანტური სლალომის მეფემ, ამერიკელმა ტედ ლიგეტიმაც ვერ შეძლო.
ჰირშერი პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა, ორი ცდის ჯამში კი მეორე ადგილზე გასულ ლიგეტის წამითა და 45 მეასედით გაუსწრო. ამერიკელი დააღალატა ცუდმა პირველმა ცდამ, სადაც მან მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.
იანსრუდმა გიგანტური სლალომი მე-14 ადგილზე დაასრულა და წააგო ჰირშერთან მორიგი რაუნდი, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში წინ არის ქულების მიხედვით: 610 ქულა 540-ის წინააღმდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"