#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა. XVI ტურის წინ: ორხელისუფლებიანობა და სიტუაცია ჩხუბის შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: Fb.com/FcSaburtalo

28 მაისს ეროვნული ლიგის მე-16 ტური აიღებს სტარტს. 15 ტურის შემდეგ გათამაშებას ორი ლიდერი ჰყავს - "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" - 31-31 ქულით. მათ 5 ქულით "ტორპედო" ჩამორჩებათ, 8 ქულით კი - თბილისის "დინამო".

ტორპედო-დილა
ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას" წყალტუბოში უმასპინძლებს.

გასულ ტურში კახა ჩხეტიანის შეგირდები პრინციპულ შეხვედრაში თბილისის "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით (1:2) დამარცხდნენ და ლიდერებს 5 ქულით ჩამორჩნენ.

კლუბში ფინანსური პრობლემები მოგვარებული არ არის და ეს ნამდვილად აისახება "ტორპედოს" თამაშზეც.

რაც შეეხება "დილას", გორელები ბოლო 6 ტურია კარგ ფორმაში
არიან. მათ 13 ქულა მოიპოვეს და გათამაშების ლიდერებს არაფერი დაუთმეს (1:1 "საბურთალოსთან", 1:0 ბათუმის "დინამოსთან").

"ტორპედო" განსაკუთრებით "დილას" ლეგიონერს, ალვინ ფორტესს უნდა ერიდოს, რომელმაც აქამდე 4 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

კლუბებს შორის პირველი წრის მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" მატჩი 28 მაისს, 17:00 საათზე, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რუსთავი-დინამო (თბ)
"რუსთავი" ბოლო ტურებში ფორმაში შევიდა და გასულ 5 მატჩში ერთადერთხელ დამარცხდა (2 მოგება, 2 ფრე), თუმცა ყველაზე დასანანი, ალბათ, გასულ შეხვედრაში ბოლნისის "სიონთან" დაკარგული ქულებია.

ვარლამ კილასონიას შეგირდები 84-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე საკუთარ კარში 3 გოლი მიიღეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ.

მეორე ტაიმის შუაში ფეხბურთელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 რუსთაველი ფეხბურთელი შეეწირა - ლუკა გადრანმა და ლაშა ქოჩლაძემ წითელი ბარათები მიიღეს და მოახლოებულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

altეროვნული ლიგა. XV ტური: მასობრივი ჩხუბი, 4 გაძევება და ბოლო 7 წუთში "სიონის" გატანილი 3 გოლი [VIDEO]



თბილისის "დინამოს" კი ცუდი პერიოდი უდგას, თუმცა წინა ტურში პრინციპული მეტოქის - ქუთაისის "ტორპედოს" ძლევა (2:1) მაინც მოახერხა.

კლუბი გასულ კვირაში ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა - ფრან კარბიამ და სერხიო ნოჩემ დატოვეს. იწერება, რომ შესაძლოა "დინამოდან" ჩისკოც წავიდეს, რაც არასახარბიელო შედეგებს უკავშირდება.

ფაქტია, თბილისელები ლიდერებს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან, რაც მეორე წრის ბოლოსთვის საკმაოდ დიდი სხვაობაა.

"დინამო" მოახლოებულ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.

პირველ წრეში კლუბებს შორის დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

"რუსთავისა" და "დინამოს" შეხვედრა, 28 მაისს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

საბურთალო-ვიტ ჯორჯია
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.

გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გასულ ტურში გორის "დილას" დამარცხება ვერ შეძლეს (1:1) და ბათუმის "დინამოს" სატურნირო ცხრილში გათანაბრების საშუალება მისცეს, ამის გამოწორებას კი მომავალ მეტოქესთან ეცდებიან.

საოცარ ფორმაშია თბილისელთა ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 9 გატანილი გოლით.

ისედაც ცუდ ფორმაში მყოფი "ვიტ ჯორჯია" კი გასულ კვირაში მომხდარი სკანდალური დაკავებების ფონზე, კიდევ უფრო დასუსტდა, რაც წინა ტურში "ლოკომოტივთან" წაგებულ (0:3) მატჩშიც გამოჩნდა.

დაკავებული ხუთი მოთამაშე გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა დიდია შანსი, ისინი ფეხბურთს ვეღარ დაუბრუნდნენ - ამის შესახებ ხმამაღალი განცხადებები სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა



მოახლოებულ მატჩში დანაკლისი ორივე გუნდს აქვს - "საბურთალოს" დისკვალიფიკაციის გამო ლევან კაკუბავა და ალვინ ტერა დააკლდებიან; იმავე მიზეზით გამოტოვებს შეხვედრას კიდევ ერთი "ვეტერინარი" - კახაბერ კაკაშვილიც.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირება გია ჭიაბრიშვილის შეგირდების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

"საბურთალოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი 28 მაისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ლოკომოტივი-ჩიხურა
თბილისის "ლოკომოტივი" ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია. ბოლო სამი შეხვედრიდან კლუბმა სამივე მოიგო, თან ისე, რომ 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

ამ კარგი შედეგის წყალობით, "რკინიგზელებმა" ზემოთ აიწიეს და 18 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ. ამდენივე ქულა აქვს მე-7 ადგილზე მყოფ "დილასაც" და "ლოკოს" აქვს შანსი, ამ ტურში გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს.

საჩხერის "ჩიხურა" გასულ ტურში ბათუმის "დინამოსთან" ბრძოლაში დამარცხდა (1:2). სოსო ფრუიძის შეგირდებმა მე-4 ადგილი დაკარგეს და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლეს.

"ჩიხურაში" ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მიშიკო სარდალიშვილია, რომელმაც თავი უკვე 7 გოლსა და 3 პასს მოუყარა.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის დაპირისპირება საჩხერელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" მატჩი 29 მაისს, 18:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-სიონი
გათამაშების თანალიდერი ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

ანგისის ბაზაზე ბათუმელთა წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს. მიმდინარე სეზონში "დინამო" საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ პირველად და უკანასკნელად 5 მარტს, ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა (0:2).

გასულ ტურში გია გეგუჩაძე და მისი შეგირდები "ჩიხურას" ესტუმრნენ და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს (2:1).

როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო ჯოვინო ფლამარინიო, რომელმაც სოსო ფრუიძის გუნდის კარშიც გაიტანა გოლი და ჯამში 7 შედეგიანი დარტყმა აქვს.

ბოლნისის "სიონმა" კი გასულ ტურში "რუსთავთან" კარგი თამაში შემოატრიალა, თუმცა მეორე ტაიმის შუაში მომხდარი ჩხუბის გამო გაძევებული ფეხბურთელები მოახლოებულ მატჩში აუცილებლად დააკლდებიან.

ბათუმის "დინამოსთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დავით თარგამაძე და ვილი ისიანი გამოტოვებენ.

კლუბებს შორის პირველი წრის მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

ბათუმის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება 29 მაისს, 20:30 საათზე, ანგისის ბაზაზე გაიმართება.

Sportall.Ge