როგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მომავალ ორ შეხვედრას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 და 10 ივნისს გიბრალტარისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს.

ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული შეხვედრებისთვის გუნდში 27 ფეხბურთელს უხმო. გადავხედოთ, როგორ ფორმაში ხვდებიან მოთამაშეები სანაკრებო მატჩებს.

მეკარეები

გიორგი ლორია ("მაგდებურგი", გერმანია): მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეკარის "მაგდებურგი" ბუნდესლიგიდან გავარდა, გიორგი ლორიას მაინც კარგი სეზონი ჰქონდა. სეზონის მეორე ნახევარში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 10 გოლი გაუშვა.

ლორიამ აპრილი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და 4 გოლი გაუშვა.

დიდი ალბათობით, ის კვლავ ნომერი პირველი
არჩევანი იქნება ვლადიმირ ვაისისთვის.

გიორგი მაკარიძე ("სეტუბალი", პორტუგალია): "რიუ ავედან" "სეტუბალში" გადასვლის შემდეგ გიორგი მაკარიძე მოედანს დაუბრუნდა და ბოლო შეხვედრის გარდა, 23 თებერვლის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

მის ანგარიშზე 11 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გაშვებული გოლია, 4 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში სწორედ 29 წლის მეკარე ვიხილოთ.

როინ კვასხვაძე ("ტორპედო", საქართველო): ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეს ეროვნულ ნაკრებში დრო არ ეძლევა, თუმცა მოედანზე გამოსასვლელად ნებისმიერ წამს მზად არის. მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 21 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 4 შეხვედრაში შეინახა.

მცველები

ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია): 23 წლის მარჯვენა მცველი "ლუცერნის" შემადგენლობაში 4 ნოემბრის შემდეგ პირველად 20 აპრილს, "სენტ გალენთან" შეხვედრაში გამოჩნდა, სადაც მოედანზე მხოლოდ ერთი წუთი გაატარა. იმდენივე დრო მიეცა შემდეგ მატჩშიც. ამის მერე სამჯერ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ბოლო შეხვედრა კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ოთარ კაკაბაძე არ არის საუკეთესო ფორმაში, თუმცა ამ ფორმაციის ნაკრებში ის შეუცვლელ მოთამაშედ ითვლება.

საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი): საბა კვირკველია რუსული "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეა. აწ უკვე დასრულებულ პრემიერლიგაში მან 30-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 29 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მოიგო რუსეთის თასი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც საბამ მოედანი ნაადრევად დატოვა, პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა იყო "უფას" წინააღმდეგ. კვირკველიამ დაზიანება მიიღო, თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ტრავმა სერიოზული არ არის და 27 წლის მცველს მოახლოებულ დაპირისპირებებში ვიხილავთ.

დავით ხოჭოლავა ("შახტარი", უკრაინა): 26 წლის მცველს სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აკლია. ის მიმდინარე სეზონში "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. პრემიერლიგაში 24-ჯერ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე კი - 3-ჯერ. ორივე შეხვედრა სრულად ჩაატარა ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ.

გურამ კაშია ("სან ხოსე", აშშ): გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია. ვლადიმირ ვაისის გუნდში ის შეუცვლელი ფიგურაა, რასაც ვერ ვიტყვით "სან ხოსეზე". 30 მარტის შემდეგ კაშიამ MLS-ში მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მას შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება უჭირს.

გია გრიგალავა ("არსენალი", რუსეთი): 29 წლის ქართველი მცველი ტულის "არსენალის" შეუცვლელი ფიგურაა. რუსეთის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 26 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებში ბოლოს 2017 წლის 11 ოქტომბერს, კვიპროსთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩში ითამაშა, სულ 7 წუთით. ბოლოს კი ოფიციალურ მატჩში 2015 წელს გიბრალტარის წინააღმდეგ (4:0) გამოვიდა მოედანზე. მას, დაცვის ცენტრის გარდა, მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი): 2019 წლის ზამთარში ლაშა დვალმა კლუბი შეიცვალა და პოლონური "პოგონიდან" უნგრულ "ფერენცვაროშში" გადაბარგდა, სადაც შეუცვლელად იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა.

ლაშამ 4 მაისს "უიპეშტთან" მოგებულ (2:1) მატჩში ხელი მოიტეხა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და როგორც ჩანს, დვალი უკვე შესაბამის ფორმაშია.

გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის "დინამო"): გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ნაკრების განაცხადს დაუბრუნდა. მან ბათუმის "დინამოში" თამაშიც დაიწყო და ფორმაში შევიდა. გასულ ტურში საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ (2:1) სრული მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მას ეროვნულ გუნდში 35 შეხვედრა აქვს გამართული.

ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია): 19 წლის ლევან ხარაბაძე გიორგი ნავალოვსკის კონკურენტია. ის შვეიცარიულ კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი თავიდანვე მოიპოვა. მან სუპერლიგაში 16-ჯერ იასპარეზა, სადაც 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. გარდა ამისა, მან ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "ნაპოლის" წინააღმდეგ ორივე მატჩში ითამაშა.

ლევან ხარაბაძე 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა. მისი დებიუტი 26 მარტს, ირლანდიასთან წაგებულ (0:1) შეხვედრაში შედგა.

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი): საქართველოს ნაკრების კაპიტანი "ტობოლში" თითქმის შეუცვლელად თამაშობს, თუმცა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე. მიმდინარე სეზონში ვლადიმირ გაზაევი მას ძირითად დაცვის ცენტრში ათამაშებს, თუმცა ეს შესაძლოა სწორი ნაბიჯიცაა, რადგან 10 ტურის შემდეგ მისი გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგას ლიდერობს.

ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი): ჯაბა კანკავას მსგავსად, "ტობოლში" ნიკაც შეუცვლელი ფიგურაა. მან ამ სეზონში 11-ჯერ ითამაშა და 2 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებში კანკავა-კვეკვესკირის ნახევარდაცვის დუეტი შეუცვლელია.

ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია): 26 წლის ნახევარმცველი შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში სათადარიგოთა შორის კი იყო, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. მას ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს გამართული, 2017 წელს უზბეკეთთან.

ის "ესბიერგის" ლიდერია და ჯერ კიდევ არდასრულებულ სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ის დანიაში თამაშობს, მომავალი მოწინააღმდეგეების ნაწილს იცნობს და შესაძლოა, მოედანზე ვიხილოთ.

გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი): 24 წლის ნახევარმცველი, სამწუხაროდ, ბოლო წლებში რეგრესს განიცდის, თუმცა ბოლო თვეებში "ლუგოს" ძირითად შემადგენლობაში თითქმის შეუცვლელად ასპარეზობს. მისი გუნდი ლა ლიგა 2-ში მე-18 პოზიციას იკავებს და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

მიმდინარე სეზონში გიორგი აბურჯანიას ანგარიშზე ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 23 მატჩში 1 გოლია.

ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი): მას შემდეგ, რაც ვაკო გვილიამ "ლუცერნი" დატოვა და იჯარის წესით "გურნიკში" გადაბარგდა, თვითონაც უფრო პროდუქტიული გახდა და კლუბიც გავარდნას გადარჩა.

ვაკოს ანგარიშზე ექსტრაკლასაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე პასია. მისი თქმით, ის "ლუცერნში" დაბრუნებას აღარ აპირებს.

ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია): 23 წლის ნახევარმცველი ავსტრიული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. მის ანგარიშზე 29 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასია.

ოთარს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და მიმდინარე სეზონში 6 სხვადასხვა პოზიციაზე იასპარეზა.

გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი): 23 წლის მოთამაშე წელს ტრავმება გააწამა, თუმცა მეორედაც დაუბრუნდა მოედანს და "სარაგოსაშიც" მეტი სათამაშო დრო მიეცა.

ბოლო ორ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა გოლისა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სულ მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პოლონეთი): გიორგი მერებაშვილს პოლონეთში კარგი სეზონი ჰქონდა. ჰქონდა სათამაშო დროც და თავი 6 გოლს და 3 საგოლე პასსაც მოუყარა.

ექსტრაკლასა დასრულდა და ფორმის შესანარჩუნებლად 32 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.

ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი): ჯაბას "გრენობლში" ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მხოლოდ ერთხელ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 12-ჯერ შევიდა შეცვლაზე. 2019 წელს კი მოედანზე სულ 89 წუთი გაატარა.

ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი): 25 წლის ნახევარმცველი სლოვაკური ფორტუნა ლიგიდან ჩეხურ ფორტუნაში 2019 წელს გადაბარგდა და იქ 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხეთში სეზონი აპრილის ბოლოს დასრულდა, ჭანტურიშვილმა კი ბოლოს 13 აპრილს ითამაშა.

გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი): გიორგი ხარაიშვილი, წინა სეზონის მსგავსად, წელსაც "გეტებორგის" ლიდერია. მისი გუნდი შვედეთის უმაღლეს დივიზიონში მეორე პოზიციას იკავებს, რაშიც დიდი წვლილი ქართველ ნახევარმცველსაც მიუძღვის.

გიორგი ხარაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია): საბა ლობჟანიძე კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც დანიურ ფეხბურთს კარგად იცნობს. ის "რანდერსის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და გუნდის ლიდერია.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 26 მატჩი, 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ხვიჩა კვარაცხელია ("ლოკომოტივი", რუსეთი): 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ნაკრების დებიუტანტია. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

იური სიომინი ახალგაზრდა ქართველს ენდობა და ნელ-ნელა შემადგენლობას აჩვევს. პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში მას 155 წუთი მიეცა, "რუბინის" წინააღმდეგ კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია): გიორგი ქვილითაიამ "გენტში" მისი სადებიუტო სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო დიდი დროის გამოტოვება მოუწია.

მას მწვრთნელი ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა, თუმცა ბოლო მატჩები ქვილითაიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ბოლო ტურში "ანდერლეხტთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი): 21 წლის თავდამსხმელს ეროვნულ გუნდში დებიუტი "ირლანდიასთან" მატჩში ჰქონდა. ის შეტევაში გიორგი ქვილითაიასთან ერთად მოქმედებდა.

ბოლო 11 მატჩში მას მეტოქის კარი არ აუღია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, მას შედარებით უკნიდან ათამაშებენ.

ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია): ლევან მჭედლიძე წლებია საქართველოს ნაკრების მთავარ ფორვარდად განიხილება, თუმცა ტრავმების გამო ბოლოს ნაკრების რიგებში 2016 წელს უელსის (1:1) წინააღმდეგ ითამაშა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ მან "ემპოლის" რიგებში რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბოლო მატჩები კი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. "ემპოლი" სერია B-ში დაქვეითდა, მჭედლიძე კი, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.

altერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარია, გიბრალტალური ბარიერი დავძლიოთ როგორმე, თორემ დანიელებს რომ ბრდღვინს ავადენთ, ორი აზრი არაა - დანიელი ბუკმეკერები უკვე ფსონებსაც აღარ ღებულობენ .
კოპენჰაგენიდან
18:23 29-05-2019
2
რატომ უნდა იყვნენ ნაკრებში ჯიღაური და ჭანტურიშვილი? ან რატომ არის ცისარტყელა გურამა ნაკრების ლიდერი და შეუცვლელი?
llcl
16:40 29-05-2019
26

სიახლეები პოპულარული