ფოტო:fb.com/fc.saburtalotb/
დღეს, 16 ივლისს, "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლებს.
პირველი შეხვედრა მოლდოვაში "საბურთალომ" 3:0 მოიგო და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გარდა დიდი ანგარიშისა, "საბურთალო" ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში სჯობდა მეტოქეს.
ბურთის ფლობა 52:48-ზე იყო "საბურთალოს" სასარგებლოდ. კარისკენ თბილისელებმა 13-ჯერ დაარტყეს, ტირასპოლელებმა - მხოლოდ 7-ჯერ. ზუსტი დარტყმების მხრივაც "საბურთალოს" ჰქონდა უპირატესობა - 5:4.
"შერიფმა" 1-ით მეტი კუთხური ჩააწოდა, ვიდრე "საბურთალომ" - 6:5. ჯარიმების მხრივ გუნდებს თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, ორივე კლუბის ფეხბურთელებმა 11-11-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები.
გუნდმა, რომელიც შეხვედრამდე აშკარად ფავორიტად ითვლებოდა, საშინაო მოედანზე ვერაფრით აჯობა ქართულ კლუბს და ძნელი საფიქრალია, თუ რა საფრთხე შეუძლია შეუქმნას "საბურთალოს" თბილისში.
აღსანიშნავია, რომ 3-ბურთიანი სხვაობა ყველაზე დიდია, რა ანგარიშითაც "შერიფს" სახლში წაუგია. ამის მოხერხება "საბურთალომდე" ზაგრების "დინამომ" (2013 წ.), "ბაზელმა" (2010 წ.) სტამბულის "ბეშიქთაშმა" (2007 წ.) და "გრაციერ აკ"-მა (2002 წ.) მოახერხეს. პირველმა სამმა გუნდმა "შერიფი" "საბურთალოს" მსგავსად 3:0 დაამარცხა, ავსტრიულმა კლუბმა კი ტირასპოლში 4:1 მოიგო.
ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრებში დამარცხების შემდეგ "შერიფი" მომდევნო ეტაპზე არცერთხელ არ გასულა. არა მხოლოდ ამ შეხვედრებში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფი" არასდროს გასულა შემდეგ წრეში, როცა სახლში თამაში წააგო.
მოლდოვური კლუბი არც მაინცდამაინც გასვლაზე ბრწყინავს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფმა" გასვლითი 33 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა გამარჯვება. თან ამ კლუბების წინააღმდეგ: "არკასი" (სომხ), 2001 წ; "სლიემა ვონდერერსი" (მალტ), 2005 წ; "რეინჯერსი" (ანდორ), 2007 წ; "ინტერ ტურკუ" (ფინ), 2009 წ; "ულისესი" (სომხ), 2012 წ; "სუტიეშკა" (მონტენ), 2013 წ. და ისევ "სუტიეშკა", 2014 წ.
მოგეხსენებათ, შარშან "შერიფის" საკუთარ კედლებში დამარცხება ქუთაისი "ტორპედომ" მოახერხა.
მოკლედ, სტატისტიკა "შერიფის" მხარეს ნამდვილად არ გახლავთ. კლუბის სათამაშო ისტორიიდან გამომდინარე, ტირასპოლურ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.
გარდა ამისა, 1 კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ არც თანამედროვე "შერიფი" არის ძალიან ძლიერი მეტოქე. მოლდოველებს არც აწმყო და არც წარსული იმედს ნამდვილად არ აძლევთ.
რაც შეეხება "საბურთალოს", ვიცით, რომ ეს თბილისური გუნდისათვის პირველი ევროტურნირია და დასაწყისი შესანიშნავი გამოუვიდათ. აქიდან გამომდინარე, "საბურთალოზე" ბევრი დასაწერი ჯერ არ გვაქვს, თუმცა მაგალითად ქართული კლუბების მოყვანა შეიძლება.
ბოლო დროს ქართული კლუბები ევროტურნირების გასვლითი შეხვედრების მოგებას ხშირად ვერ ახერხებენ(თუ "ჩიხურას" არ ჩავთვლით), თუმცა თუ მოიგეს, შემდეგ ეტაპზე გადიან ხოლმე. არასასიამოვნო რამ ბოლოს ისევ საჩხერის "ჩიხურას" დაემართა, როცა "ზიმბრუსთან" გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ ზესტაფონში დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.
"საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროთასების პირველ შეხვედრას გამართავს.
დიდი უპირატესობის მქონე გუნდს დასამტკიცებელი საკუთარი გულშემატკივრისთვის აქვს, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ზაგრების "დინამო" იქნება, რომლის წინააღმდეგ გამარჯვებაც ბევრი გულშემატკივრის გარეშე ძნელი იქნება.
ამიტომ, "საბურთალოს" კარგი თამაში მართებს, რადგან მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა საკმარისი არ არის. თან "შერიფს" შესატევი აქვს და წესით, "საბურთალოს" სწრაფ ფეხბურთელებს დიდი სივრცეები უნდა ჰქონდეთ.
საბედნიეროდ, თბილისურ კლუბს ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს და სრული შემადგენლობით ემზადება დღევანდელი შეხვედრისათვის.
თამაში კი დღეს, 16 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა, როგორც სალაროებში, ასევე ონლაინ ამ ბმულზე შეგიძლიათ.
წარმატებები ყველა ქართულ გუნდს!!!
პ.ს ყველაზე მაგარი გრძნობა როცა თბილისელები-ქუთაისელები-აჭარლები ერთმანეთს ჭამენ შიდა ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ყველა ერთნი ვართ))
გენაცვალეთ!!
.