ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურასთან" ნამატჩევს (1:2) "ფოლას" მწვრთნელმა ჯეფ შტრასერმა პრესკონფერენცია საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ჯერ დარბაზში შემოვიდა, დაჯდა, იკითხა, თუ სად იყო "ჩიხურას" მწვრთნელი, შემდეგ ადგა და გავიდა, წასვლის წინ კი თქვა, რომ თუ სოსო ფრუიძეც არ მოვიდოდა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარს ამბობდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ უკან მარტო დაბრუნდა და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე გასცა პასუხი შეკითხვებს.
"პირველ და მეორე შეხვედრებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. ჩვენ ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. თავიდან გოლი გავუშვით, მერე კაცნაკლულები დავრჩით. 0:2-დან თამაშის შემოტრიალება კი ძალიან რთული იყო. თუმცა, ჩემი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს.
ვერ ვიტყოდი, რომ ამ ორ გუნდს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემმა ფეხბურთელებმა ცუდად არ ითამაშეს და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. სახლში გოლები სტანდარტულებიდან გავუშვით, დღეს კი "ჩიხურამ" პირველი ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანა. ვთვლი, რომ თქვენი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან და კარგად გამოიყურებიან.
ჩვენ გვქონდა ეპიზოდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ჩიხურამ" გამარჯვება არ დაიმსახურა".
ლუქსემბურგელი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ შტრასერი წითელ ბარათსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსაჯს შეეძლო "ფოლას" ფეხბურთელი არ გაეძევებინა, თუმცა ამაზე დისკუსიის გაგრძელება აღარ სურდა.
შეკითხვაზე, "აბერდინი" უფრო რთული მეტოქე იყო თუ "ჩიხურა", შტრასერმა თქვა, რომ "აბერდინი" "ჩიხურაზე" გაცილებით ძლიერი გუნდია. მოგეხსენებათ, 2016 წელს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფოლა" სწორედ "აბერდინს" შეხვდა, გასვლაზე 1:3 დამარცხდა, ხოლო სახლში 1:0 გაიმარჯვა. "ჩიხურამ" კი "ფოლას" ორივეჯერ სძლია, თუმცა ლუქსემბურგელი მწვრთნელი თვლის, რომ შოტლანდიური კლუბი ქართულზე ძლიერია.
ბოლოს, მან ბოდიში მოიხადა გაუგებრობისთვის და აღნიშნა, რომ ადრე სადაც ყოფილა, განმეორებითი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ყოველთვის მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელთან ერთად იყო. სწორედ ამიტომ დატოვა თავიდან საკონფერენციო დარბაზი და ითხოვა, რომ ეს უპატივცემულობაში არ ჩაგვეთვალა.