ჩისკო: ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლაა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის წევრმა ჩისკო მუნიოსმა ეროვნული ლიგის ვებგვერდთან "გაბალასთან" გასამართი მატჩის წინ გუნდის მდგომარეობაზე, აზერბაიჯანულ კლუბთან მატჩსა და ახალწვეულებზე ისაუბრა.

ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- როგორ შეაფასებთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს?
- კარგად მოვემზადეთ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მაღალ დონეზე ჩავატარეთ საშინაო შეხვედრა. ისეთი ანგარიშით მოვიგეთ, რომ მშვიდად შეგვეძლო გასვლით მატჩზე გვეფიქრა.

ბედნიერები ვართ ამ ეტაპზე მიღწეული შედეგით. ჩვენს მომდევნო მეტოქესთან აშკარად მეტი მომზადება და ძალების დახარჯვა მოგვიწევს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ჩვენი მაქსიმუმი არ იყო.

- 19
მაისს გამართა "გაბალამ" ბოლო ოფიციალური მატჩი - აქედან გამომდინარე, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სამწვრთნელო შტაბისთვის მეტოქის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია?
- ამ მიმართულებით ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა სიღრმისეულად იმუშავა. ჩვენ გავარჩიეთ ვიდეოებიც, ფეხბურთელებიც. ერთადერთი პრობლემა არის აზერბაიჯანული კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიმატეს. ვფიქრობ, ამ პრობლემასაც გადავწყვეტთ და დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელებს ინდივიდუალურადაც ვაჩვენებთ მათ პოზიციაზე მოთამაშე ოპონენტების ასპარეზობას.

- თქვენ "გაბალასთან" შანსები 50/50 შეაფასეთ. ასე მოიქცეოდით სხვა ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში თუ რეალურად ხედავთ ამ თანაფარდობას?
- რეალურად ასე ვაფასებ შანსებს. უფრო ძლიერი ან სუსტი მეტოქის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ვიტყოდი. "გაბალას" შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე ვამბობ ამას. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული თამაში გვექნება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების.

ამ თავდაჯერებას მიძლიერებს ბოლო პერიოდში "დინამოს" თამაშის ხარისხი და შედეგი. გუნდი ძალიან კარგ კონდიციაშია, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საპასუხო შეხვედრაში "დინამო არენაზე" ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭირონ, იმის მიუხედავად, თუ რა ანგარიში დაფიქსირდება გაბალაში.

- მიიჩნევთ თუ არა თქვენს უპირატესობად იმას, რომ "გაბალას" აქვს უთამაშებლობის პრობლემა, თუ არ ჩავთვლით შეკრებაზე გამართულ რამდენიმე მატჩს?
- არ ვფიქრობ, რომ ამ კომპონენტში უპირატესობა გვაქვს. "გაბალამ" ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. აქ საუბარია ევროთასებზე და ბუნებრივია, რომ ყველა მოთამაშე მაქსიმუმს გაიღებს მოედანზე. ზოგადად, ვფიქრობ, არ არის მნიშვნელოვანი, როგორ ითამაშებს მეტოქე. მთავარია, როგორ გამოვალთ მის წინააღმდეგ.

- უკანასკნელ შეხვედრებში "დინამომ" თვალშისაცემი ტრანსფორმაცია განიცადა და ზედიზედ ევროთასებიანად 9 თამაშის მოგება შეძლო. ხედავთ თუ არა ამ პროგრესის გაგრძელების რესურსს გუნდში?
- გუნდში ჩემი მოსვლის პერიოდში "დინამოს" მთავარი პრობლემა უბურთოდ თამაში იყო. საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორებას. დღეს მოცემულობა აბსოლუტურად შეცვლილია და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება.

"დინამოში" ბევრი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს და ასეთ შემთხვევაში ტაქტიკური და თეორიული მონახაზის გადატანა მოედანზე უფრო ადვილია და პროცესიც სასიამოვნო ხდება. ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვა ის, რომ ეროვნული ლიგის დასკვნითი ნაწილი იქნება ძალიან რთული და სწორედ ამ დროს ექნება თითოეულ ფეხბურთელს დასამტკიცებელი რეალური სიძლიერე.

- რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა "დინამოში". როგორ შეაფასებთ ახალწვეულებს? აღნიშნული ტრანსფერები ემსახურება ლოკალური, ამ შემთხევაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, ამოცანის გადაჭრას თუ გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე?
- ქიმაძეს და ქავთარაძეს რაც შეეხებათ, მათ ის პლუსი ჰქონდათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ და კარგად იცნობენ ამ საფეხბურთო გარემოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იციან იმ მაისურის ფასი, რომელიც ახლა აცვიათ.

დანარჩენ ახალწვეულებს, ვფიქრობ, სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ ჩაჯდნენ გუნდის სტრუქტურაში. ჩვენ მათი გვჯერა. ველოდებით ზუსტად იმ მომენტს, როდესაც დაგვჭირდება მივიღოთ მათგან მაქსიმუმი და გუნდს შეეშველონ დასახული მიზნების განხორციელებაში. ჩვენი მიზანი კი ეროვნული ლიგის მოგება და ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლაა.

altეს ის "გაბალა" აღარ არის - რა გუნდია თბილისის "დინამოს" მეტოქე

altზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული