"ხვალინდელ შეხვედრაში შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და დადებითი შედეგი გვქონდეს. თუმცა ეს დაპირისპირება ორმატჩიანია და ყველაფერი თბილისში გადაწყდება.
ამ მომენტისთვის გუნდში ტრავმირებული არავინაა, უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედით. ირაკლი აზაროვი პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა ახლა გუნდში დიდი კონკურენციაა.
"გაბალა" საკმაოდ კარგი გუნდია. ასი პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს. ნორმალურად დაბალანსებული მეტოქეა და ვფიქრობ, ორივე შეხვედრა რთული იქნება.
დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში "გაბალას" შესახებ ბევრი რამ ვიცით და დარწმუნებული ვარ, ანალოგიურად არიან ისინი. უნდა ვუფრთხოდეთ სტანდარტებს და რამდენიმე საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელს.
საერთოდ არ ვფიქრობთ რამდენიმე წლის წინ წაგებულ შეხვედრასა და რევანშზე.
კარიკარი ჩვენთან ერთად არის. მან ხვალ შეიძლება ნებისმიერი მოთამაშის მსგავსი დრო მიიღოს. იმედია, ადაპტაციას მალე გაივლის", - განაცხადა ვისენტემ.
"გაბალასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 25 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.