ფოტო: facebook.com/FCChikhura
საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელმა გიორგი კორიფაძემ Sportall.ge-სთან "აბერდინთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" შოტლანდიურ "აბერდინს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა და საჩხერელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გიორგი კორიფაძემ გაიტანა, რომელიც BBC-მ საკუთარ სტატიაში ვაჟა კორიფაძედ მოიხსენია.
"საკმაოდ დაძაბული თამაში გამოდგა. თავიდანვე ვიცოდით, რა შეეძლო ამ გუნდს და რა არა. ყველა ძლიერი და სუსტი მხარის გათვალისწინებით, "აბერდინი" რთული მეტოქეა, თუმცა არა ისეთი, რომ მათი დამარცხება არ შეგვეძლოს.
თამაშის დამთავრების შემდეგ ყველას უკმაყოფილების განცდა გვქონდა. ვგრძნობდით, რომ უნდა მოგვეგო, ანგარიშშიც წინ ვიყავით და შეგვეძლო ეს თამაში გამარჯვებამდე მიგვეყვანა. სასურველი შედეგი "ჩიხურასათვის" სწორედ გამარჯვება იქნებოდა.
საერთოდ არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ "აბერდინის" სტადიონი სავსე იქნება. პირიქით, გავსებული ტრიბუნები და საფეხბურთო ატმოსფერო უფრო დიდ სტიმულსა და მოტივაციას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი გავაკეთოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
ტურისტის სტატუსით "ჩიხურა" არცერთ ქვეყანაში არ ჩასულა. არც შოტლანდია იქნება გამონაკლისი. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვიბრძოლებთ, რომ გავიმარჯვოთ და ჩვენი გულშემატკივრები და ქვეყანა გავახაროთ."
გიორგიმ ბოლოს BBC-ს შეცდომაზეც ხუმრობით გვიპასუხა:
"კარგია, რომ გვარი არ შეეშალათ. ვეცდები, შემდეგ თამაშში სახელიც კარგად დაიმახსოვრონ."
საპასუხო შეხვედრა კი 1-ელ აგვისტოს, აბერდინში გაიმართება. "პითოდრის" სტადიონზე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.