თბილისის "დინამოს" მცველი: ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს; მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ

AutoSharing Option
ფოტო: Fc Dinamo Tbilisi

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანული "გაბალა" სტუმრად კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში პირველი გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმა მისცა.

Sportall.ge საპასუხო შეხვედრის წინ იაშვილს დაუკავშირდა და განვლილ და მომავალ შეხვედრებზე ესაუბრა.

- როგორ შეაფასებ "გაბალასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩს?
- "გაბალას" თამაში შესწავლილი გვქონდა, ვიცოდით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობ, იმ დავალებას, რაც გვქონდა, ბიჭებმა კარგად გავართვით თავი და ეს შედეგზეც აისახა. 90 წუთის განმავლობაში
მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს თბილისის "დინამო" იყო. ვფიქრობ, რომ მეტოქეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ.

- პირადად საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ, საგოლე გადაცემა მიითვალე...
- ამ გოლს რაც შეეხება, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა, რადგან გოლამდე 22 პასი გაკეთდა და შეტევაში მონაწილეობა ყველამ მიიღო. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ საგოლე გადაცემა მივითვალე და ამაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე.

- შეტევაში აქტიური იყავი, ბევრჯერ გაამწვავე თამაში, დაცვაში კი რამდენიმე შეცდომა გქონდა. ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე თუ ფიქრობ და მუშაობ?
- რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა, მეც მაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც უმნიშვნელო შეცდომა მქონდა, ვეცდები, საპასუხო მატჩში არ განმეორდეს.

- როგორ ითამაშებს "დინამო" მეორე შეხვედრაში? ისევ პირველ ნომრად თუ ანგარიშიდან გამომდინარე, თქვენს შანსს დაელოდებით?
- ვიმოქმედებთ ისე, რა დავალებასაც მწვრთნელისგან მივიღებთ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ "დინამო" მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა. მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ. ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს და მოსულ გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუოთ.

- "გაბალასთან" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშე, თუმცა ეროვნულ ლიგაში უფრო ხშირად მარცხენა ფლანგზე მოქმედებ. სად უფრო უკეთ გრძნობ თავს?
- ჩემი საყვარელი პოზიცია მარჯვენა მცველობაა, თუმცა, სადაც გუნდს დასჭირდება და დახმარებას შევძლებ, ყველგან ვითამაშებ.

- "გაბალას" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში "ფეიენოორდს" შეხვდებით, უკვე ფიქრობთ ამ დაპირისპირებაზე?
- სიმართლე გითხრა, "ფეიენოორდზე" არ ვფიქრობ. ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ "გაბალას" ბარიერის გადალახვაა. 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

- რამდენიმე დღეში ეროვნული ლიგაც განახლდება. "დინამომ" ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა უკვე ცხრილის სათავეშია. რის ხარჯზე მოხერხდა ეს ყველაფერი?
- ეს ისევ ჩვენი ძლიერი ხასიათით მოხერხდა. "დინამოში" ვინც თამაშობს, ყველა საუკეთესოა. გუნდში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, ერთი ოჯახი ვართ. ჭირია თუ ლხინი, ერთად ვართ, სტაფიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. არც კი განიხილება, რისთვის უნდა იბრძოლოს "დინამომ", რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემპიონობისთვის. დარწმუნებული ვარ, "დინამოსთან" ერთად მეორედ ვიზეიმებ ჩემპიონობას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაბალას ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გავცდეთ,მაგრამ სტადიონი არ გაივსება,არც ფეინოორდთან გაივსება,რადგან ხალხს გამარჯვების იმედი არ ექნება,თუმცა ხალხის რაოდენობა საგრძნობი იქნება სტადიონზე,მაგრამ თუ მასაც გავცდით,აი მაშინ კი მოვა მაყურებელი მასიურად.
სოსო
13:58 31-07-2019
1
სწორეთაც,რომ გაბალასთან უნდა გადაიჭედოს სტადიონი და იმ თავში ვარდნილებს,რომ გონიათ რამით ჩვენზე მეტნი არიან მივუჩინოთ თავისი სდგილი და ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობის ძალა!!!
ზურა
09:07 31-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული