ტანვარჯიში ხუთ სახეობას მოიცავს - მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, აკრობატიკა და აერობიკა. თითოეული მათგანი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.
რა დადებითი მხარეები აქვს სპორტის ამ სახეობას, რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე და რა დროს არ შეიძლება ვარჯიში, ამაზე მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი ციცია მკერვალი mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
- ტანვარჯიშს ბევრი სასარგებლო და დადებითი თვისება გააჩნია. პირველი და უმთავრესი, ალბათ, გაჯანსაღება და აღნაგობაზე დადებითი ცვლილებებია. ამ დროს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ვითარდება სწორად, უმჯობესდება მოტორიკა.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბავშვი ეჩვევა დისციპლინას, მნიშვნელობა არ აქვს, ტანვარჯიშით დაკავდება თუ სპორტის რომელიმე სხვა სახეობით. მესამე და ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის დამყარება მისივე ასაკის ბავშვებთან. XXI საუკუნეში კომუნიკაციის დიდ პრობლემას ვაწყდებით, ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბავშვი ეჩვევა დისციპლინას, მნიშვნელობა არ აქვს, ტანვარჯიშით დაკავდება თუ სპორტის რომელიმე სხვა სახეობით. მესამე და ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის დამყარება მისივე ასაკის ბავშვებთან. XXI საუკუნეში კომუნიკაციის დიდ პრობლემას ვაწყდებით, ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე.
- რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე?
- ოპტიმალური ასაკი 4-5 წელია, მაგრამ გვხვდებიან 3 წლის პატარებიც. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბავშვი, რომელიც სერიოზულად გსურთ დააკავოთ ტანვარჯიშის რომელიმე სახეობით, ჩვენთან 5 წლის ასაკში უნდა მოიყვანოთ, რადგან 3-4 წლის ბავშვებთან მასწავლებლებს ძირითადად გვიწევს "თამაში", რომ გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა 3-4 წლის ბავშვი ერთნაირია.
- თუ ბავშვს, მაგალითად, 8-9 წლის ასაკში მივიყვანთ ტანვარჯიშზე, დაგვიანებულია?
- თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დამოკიდებულია ბავშვსა და მის ინდივიდუალურობაზე. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც 11 წლისა მომიყვანეს, მაგრამ იმდენად სპორტული ხასიათის და შრომისმოყვარე ბავშვი აღმოჩნდა, რომ თავისუფლად აითვისა ძირითადი მასალა და შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება ავიღოთ რიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი რუსი მარგარიტა მამუნი, რომელმაც 7 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში და მას არათუ ოლიმპიურ ჩემპიონობას, არამედ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის არანაირ იმედს არ აძლევდნენ. ადამიანს, რომელიც კავდება სპორტით, სასწაულების უნდა სჯეროდეს და უაზროდ მშრომელი უნდა იყოს. არასოდეს არ იცი, რა მოხდება.
- რა შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ტანვარჯიშზე მიყვანა?
- დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია მენჯ-ბარძაყის პათოლოგიები, სახსრების პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, სასუნთქი გზების პრობლემები, ასევე, ფსიქიკური დაავადებები. ასეთ დროს არ არის მიზანშეწონილი და რეკომენდებული სპორტული აქტივობები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი სხვა რომელიმე სპორტის სახეობით ვერ დაკავდება. გააჩნია დატვირთვის დროსა და ხარისხს. არის ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც პირიქით, ტანვარჯიში აუცილებლობაა. მაგალითად, ხერხემლის პრობლემები (სქოლიოზი), სიარულისას გარკვეული ხარვეზები, მოტორიკის დარღვევა, ნერვული ტიპის ზოგიერთი პათოლოგია. მშობლებმა, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილები სპორტით იყვნენ დაკავებულნი, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია შესაბამისი მიმართულების ექიმთან.
- რა ეტაპებს გადის ბავშვი, როგორ, რა სიხშირით უნდა ივარჯიშოს, რომ წარმატებას მიაღწიოს?
- დამწყებ ეტაპზე საკმარისია 2-3 გაკვეთილი კვირაში, ერთი ან საათ-ნახევრის განმავლობაში. ფიზიკური აქტივობა თანდათან უნდა გაიზარდოს, რათა პატარას ორგანიზმმა შეძლოს დატვირთვის ატანა. მომდევნო წლებში უკვე დღეებისა და ვარჯიშისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა იზრდება ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე. საბოლოო ეტაპზე კი დღეში 8-9 საათიც არ ჰყოფნის ჩამოყალიბებულ სპორტსმენს, ამ შემთხვევაში - მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, იმისთვის, რომ კარგი შედეგი მიიღოს.