წყალბურთი. "არენა" 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
2003-04 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს 2018-19 წლების გამარჯვებული "არენა" გახდა.

"არენამ" ფინალში "ივერიას" 12:5 სძლია.

თავდაპირველად 2003-04 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს 2018-19 წლების ჩემპიონატში 11 გუნდი ჩაება.

ერთწრიანი პაექრობების შემდეგ გამოიკვეთა მედლებისთვის მებრძოლი ექვსი გუნდი. მე-2 წრეში სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა "არენა" (დიმა ჭუმბურიძე, გიორგი კირიაკიდი, ლუკა ჩიქოვანი, თემურ სურმავა, გიორგი აზარაშვილი, ლუკა მელიქიძე, ლუკა თავყელიშვილი, საბა ტყეშელაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი, დავით გორგოძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, დიტო გოგუა, დათო ჩხეიძე, ცოტნე ჯიბლაძე, ნიკა ლაზარეიშვილი, მწვრთნელები - სოსო მაისურაძე და ნოდარ ჩხარტიშვილი),
რომელმაც ჯგუფში ხუთივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მას 3 ქულით ჩამორჩა "ივერია", მესამე-მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად, "დინამო" და "ბათუმი" გავიდნენ.

სწორედ ამ ოთხეულმა მოიპოვა პლეი-ოფში თამაშის უფლება. ნახევარფინალში "არენამ" "ბათუმი" დაჯაბნა - 12:4, ხოლო "ივერიამ" "დინამოს" მოუგო - 10:5. გადამწყვეტ პაექრობაში სოსო მაისურაძის შეგირდებმა "ივერიასაც" სძლიეს - 12:5 და 16-წლამდელებში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ვერცხლის მედლები "ივერიას" ერგო. დაძაბული და დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის შეხვედრა. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 9:9. პენალტებით დინამოელებმა 7:6 გაიმარჯვეს და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

- პრიზიორ გუნდებში ზოგი საქართველოს 15, ზოგიც 17-წლამდელთა ნაკრების წევრი თამაშობს. წლეულს მათ კარგი სეზონი ჰქონდათ. ახლა ცოტას დაისვენებენ და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატების დასკვნითი ეტაპებისთვის მზადებას დაიწყებენ. 15-წლამდელები ბულგარეთში (ივლისი), 17-წლამდელები კი თბილისში (აგვისტო) იასპარეზებენ, - გვითხრა სოსო მაისურაძემ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა: 1. "არენა", 2. "ივერია", 3. "დინამო", 4. "ბათუმი", 5. "რუსთავი", 6. "ქუთაისი" (2), 7. "სპორტმენეჯმენტი", 8. "ერევანი", 9. "ტონუსი", 10. "დიღომი", 11. "ქუთაისი" (1).

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული