ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარათონი ჩილეში სრულდება

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ჩილეში გაფრინდება, სადაც ამ ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში 9-13 აგვისტოს მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართება ამ ასაკში. მასში საქართველოდან 13 სპორტსმენი გამოვა: 10 ვაჟი და 3 გოგონა.

ევროპის ჩემპიონატის დარად, ბიჭების ნაკრები სეზონის ამ მთავარ შეჯიბრებაშიც მაქსიმალური მონაწილით, თუმცა მაინც არასრული გუნდით წარსდგება - მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიზილაშვილის გადაწყვეტილებით, 50 კილოგრამში არც ამჯერად გვეყოლება მონაწილე, წონის გამოტოვების ხარჯზე კი ამჯერადაც სამ წონაში გვეყოლება ორ-ორი მონაწილე.

კონტინენტის პირველობასთან შედარებით, ყიზილაშვილს არც დიდი საკადრო ცვლილებები განუხორციელებია. მან
ევროპის ჩემპიონატთან შედარებით მხოლოდ ერთი მონაწილე შეცვალა და ისიც ფესტივალის მონაწილეა: 81 კილოგრამში ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ ახალკაცი, ვინც ამჯერად ილია სულამანიძეს შეცვლის.

თავის დროზე, ყიზილაშვილმა ფესტივალზე ევროპაზე ნაჭიდავებთაგან მხოლოდ ორი ფალავანი წაიყვანა: ევროპის ფინალისტი მიხეილ ბექაური (90) და მძიმეწონოსანი ბრინჯაოს მედალოსანი ლევან ჭელიძე, რომელთაგანაც პირველი უნგრეთში ჩემპიონი გახდა, მეორემ კი ისევ ბრინჯაო მოინადავლა. ჩილეში ორივე მათგანი იჭიდავებს. არადა, თვე-ნახევარში მათ უკვე მესამე დიდი შეჯიბრება უწევთ, თუმცა ყიზილაშვილი იმედიანადაა, არ არიან გადაღლილებიო.

რაც შეეხება გოგოების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს, მისი არჩევანი მთლიანად გუნდური შეჯიბრების ინტერესითაა გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობა პირველად ჩატარდება შერეული პრინციპით ანუ გოგოებისა და ბიჭების გაერთიანებული ნაკრები იჭიდავებს. გუნდურში რვა წონაა, რაც თანაბრადაა განაწილებული ორივე სქესზე. გოგოების წონებია 44, 52, 63 და +70 კილოები, ბიჭებისა - 55, 66, 81 და +90. თუმცა თენაძეს ამ ოთხიდან მხოლოდ სამში მიჰყავს მონაწილე, რადგან 44-ში ხეირიანი კანდიდატი არ გვყავს.

ბექაური-ჭელიძისა არ იყოს, დანარჩენ სამ წონაში გოგოებსაც მარათონული სეზონი გამოუდით, რადგან ევროპა-მსოფლიოზე ნაჭიდავები სპორტსმენები მიდიან. თუმცა მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილის შემთხვევაში ეს ახალი გამოწვევაცაა - ევროპის კონტინენტისა და ფესტივალის გამარჯვებულს შანსი ეძლევა, მესამე დიდი შეჯიბრებაც მოიგოს და ტრიპლეტი შეასრულოს. მთავარია, ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი, რადგან წელს იტკიებს.

ფესტივალის გამარჯვებულ მარიამ ჭანტურიას (63) დუბლის შესრულების შესაძლებლობა ეძლევა.

ძალიან ცუდია, რომ ჩვენები ამ შეჯიბრებაში ყველა შეხვედრას ერთქულიანი ჩამორჩენით დაიწყებენ, თუმცა, იმედია, ამის გაბათილებას შეძლებენ.

ვაჟები
55 კგ: ლუკა კაპანაძე
60 კგ: გიორგი კაპანაძე
66 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი
73 კგ: ლაშა ბექააური
81 კგ: გოჩა ღვაჩლიანი, ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ: მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული
+90 კგ: ლევან ჭელიძე, ალექსი სვიანაძე

გოგონები
52 კგ: ეკატერინე ტატუნაშვილი
63 კგ: მარიამ ჭანტურია
+70 კგ: სოფიო სომხიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მივესალმები 81 ში ცვლილებებს ახალკაცი ბევად უფრო სტაბილურია
coco
21:41 05-08-2017
0
კაციასჰვილი, ნაგლიასჰვილი,გრიგალასჰვილი არ მინდა კიდე ვინმე გამომრცჰეს სად არიან,მიპასუხეტ ტუ სჰეიზლება.
ver gavige
11:28 06-08-2017
0

სიახლეები პოპულარული