მონაწილე არ გვეყოლება სამ წონით კატეგორიაში: 66, 73 და 90.
დღეს ვაჟებში 60-66 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, ჩვენგან კი მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) იასპარეზებს. ის პირველივე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც ფრანგ ჟოლან ფლორიმონს შეხვდება, მოგების შემთხვევაში კი მონღოლთა მსოფლიოს ექსჩემპიონ ბოლდბაატარ განბატსა და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტ რუსტამ იბრაევს შორის გამარჯვებულს გაეპაექრება.
24 თებერვალს 73-81 კილოგრამების ათლეტები იასპარეზებენ, ჩვენ კი ორი მონაწილე გვეყოლება 81 კილოგრამში და ორივე ახალგაზრდა:
კირაკოზაშვილს პირველ წრეში მეტოქედ ყაზახი აზიზ კალკამანული ერგო, ამათში მოგებულს კი მომდევნო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი ბულგარელი ივაილო ივანოვი ელოდება. ამ ჯგუფშია კანადელი მსოფლიოს ფინალისტი ანტუან-ვალუა ფორტიე.
მჭედლიშვილი თავდაპირველად ყირგიზ ერლან შეროვს გაეჯიბრება, მეორე წრეში გასულს კი მეტოქედ ლატვიელ ნიკიტა დუინიოვსსა და რუმინელ ვლად ვისანს შორის უძლიერესი ეყოლება. ტიტულოვანთაგან ამ ჯგუფშია ირანელთა მსოფლიოს შარშანდელი მედალოსანი საეიდ მოლაე და მსოფლიოს კიდევ ერთი ფინალისტი, სერბი სრდიან მრვალიევიჩი.
25 თებერვალს გერმანულ ტატამზე 90, 100 და +100 წონის ფალავნები გავლენ, რომელთა შორისაც ოთხი ჩვენებურიც იქნება. 100-ში ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და ყირგიზ ფარუჰ ბულეკულოვს შეხვდება. მასთან მოგებით მერვედფინალში გავა, სადაც მეტოქე ესტონელი გრიგორი მინასკინის, ავსტრიელი ლაურინ ბოლერისა და ლატვიელი იევგენის ბოროდავკოს სამეულიდან უძლიერესი იქნება. ამ წონაში ლაშა ტაველურიც მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც გერმანელ დანიელ ჰერბსტს გაეჯიბრება.
დაბოლოს, მძიმე წონა, სადაც ლევან მატიაშვილი პირველ წრეში ბოსნიელ ჰარუნ სადიკოვიჩს შეხვდება, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - აყლაყუდა უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"