ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს, ძიუდოისტები - ვარჯიშის გაგრძელებას.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 მაისს, სასტუმრო "რედისონში" ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. მანამდე კი, ორშაბათს, 12:00 საათზე, სპორტსმენები ფედერაციაში მისვლას და ქართული ძიუდოს მმართველთან შეხვედრას აპირებენ.

ავთანდილ ჭრიკიშვილის თქმით, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილს რამდენიმე დღის წინაც ესტუმრნენ, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტმა მათთან შეხვედრას "უკანა კარიდან გაპარვა" ამჯობინა...

გასულ "უიქენდზე" ჭრიკიშვილს სარაევოში, ევროპის თასზე უნდა ეჭიდავა, თუმცა გამგზავრება ბოლო წუთს გადაიფიქრა და მეგობრების პროტესტს შეუერთდა:

- ნაკრების ყველა
წამყვანი ძიუდოისტი ერთ აზრზე ვართ - სანამ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ვარჯიშის გაგრძელებას არ ვაპირებთ! ფედერაციის პრეზიდენტი "რაღაც ჯგუფს" გვეძახის, მაგრამ ბოლო დღეებმაც აჩვენა, რამდენნი ვართ. ჩვენ თუ ჯგუფი ვართ, თვითონ რაღა არის?!

- სარაევოს ტურნირზე საკუთარი ხარჯით მიემგზავრებოდი. პროტესტის ნიშნად აღარ წახვედი?
- ბიჭებთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, იმის მიუხედავად, რომ უკვე აღვიდგინე ფორმა და ჩემთვის ახლა ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია.

- თუ ფორმაში ხარ, ევროპის ჩემპიონატზე რატომ არ წაგიყვანეს?
- ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამის გამო არც უკმაყოფილო ვარ და მით უმეტეს - პრეტენზია არ მაქვს. ყველამ იცის, რომ ტრავმა მქონდა, ტურნირებში ვერ ვიჭიდავე და ევროპის ჩემპიონატიც ამის გამო გამოვტოვე. ასე რომ, ჩემი პროტესტი კონტინენტის პირველობას არაფრით უკავშირდება.

- და რასაც უკავშირდება, იმაზე უფრო დაწვრილებით გვითხარი, თორემ უმეტესწილად, ზოგადი ხასიათის ბრალდებები ისმის...
- დიდი ხანია, პრობლემები გვაქვს... 2016 წლის ოლიმპიადის წინაც, ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელს გვიშლიდნენ და ის პერიოდი ძალიან ცუდად მახსოვს... დღესაც იგივე გრძელდება - ნაკრები სათანადო შეკრებას ვერ გადის, ბიჭებს კი შეჯიბრებებზე თავიანთი ფულით უწევთ გამგზავრება! ამას არ ახმაურებდნენ - თუ ვინმე იტყოდა, საკუთარი ხარჯით წავედიო, მაშინვე ურეკავდნენ - თანხას ახლავე ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვი, რომ ფედერაციამ დაგაფინანსაო!

- რამდენი ხანია, რაც ასე გრძელდება?!
- წლებია... ამ პრობლემებზე სპორტის უკვე მესამე მინისტრს ველაპარაკებით. ყველაფერი დალაგდება, ეს საკითხები სააშკარაოზე არ გამოიტანოთ, შიგნით მოაგვარეთო. ვიკავებდით კიდეც თავს გახმაურებისგან, მაგრამ "შიგნით" რომ აღარ გვარდება?! რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ერთი და იგივე?!

- გასაგებია, რომ ძიუდოს სამყაროს არ უნდოდა პრობლემებზე საქვეყნოდ ლაპარაკი, მაგრამ... "ჭირმა თავი არ დამალა" და... საქმე დაპირისპირებამდე მივიდა. არ სჯობდა, ეს ყველაფერი დროულად გახმაურებულიყო?
- სჯობდა, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ვითარება შეიცვლებოდა. მინისტრიც გვარწმუნებდა - ამ საქმეს პირადად მივხედავ, დაველაპარაკები და აღარ გამეორდებაო, მაგრამ... ლოდინს უკვე აღარ აქვს აზრი და კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ. გულშემატკივართანაც ხომ უნდა ვიყოთ მართლები?! შედეგი არ არის, ქომაგმა კი არ იცის, ეს რისი ბრალია. არადა, თუ სრულფასოვნად არ მოემზადე, ტურნირზე წასვლა აზრს კარგავს...

- ოლიმპიადის დაწყებამდე რით იყავით უკმაყოფილო?
- მაშინაც იგივე პრობლემები იყო. მწვრთნელები ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე ფედერაციას და მოხსნა კიდეც! იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენები მწვრთნელების გაშვების წინააღმდეგნი ვიყავით. ვუთხარი კიდეც ქევხიშვილს - ამ მწვრთნელების გაშვება არასწორია და ვინც მოგყავთ, გუნდს უარეს შედეგებამდე მიიყვანს-მეთქი. მიპასუხა - მე ვარ პასუხისმგებელი, რომ უკეთესი შედეგი იქნებაო!

ძიუდოისტებს ირაკლი უზნაძის დარჩენა გვინდოდა, ფედერაციის პრეზიდენტს კი ჯერ კიდევ 2013 წელს სურდა მისი გაშვება, მაგრამ მაშინაც ერთად დავდექით და ვერ მოგვერია! ევროპის იმ ჩემპიონატზე 6 მედალი ავიღეთ და როცა დავით ქევხიშვილს მწვრთნელებით უკმაყოფილების მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა - უკეთესი შედეგი მინდაო! უკეთესი კი არა, თავადაც ხედავთ, სადამდე მივედით!

- კონკრეტულად ლაპარაკს მაინც ერიდებით. არადა, ქომაგმა ხომ უნდა იცოდეს, რაში ადანაშაულებთ დავით ქევხიშვილს? თქვით, რაც სათქმელია!
- გვინდა, სუფთად დავრჩეთ და როცა ვხედავთ, რომ ამდენი არასწორი რამ ხდება, ჩუმად ყოფნა აღარ შეიძლება. რაც შეგვეძლება, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს... რაც არც გაგვიკეთებია და ვერც გავაკეთებთ, რადგან მთელი ცხოვრებაა სუფთად მოვდივართ, ჩვენს სახელს ვუფრთხილდებით... თუმცა, ისეთი რაღაცები ხდება, გაჩუმება უკვე შეუძლებელია. ამიტომაც სპორტულ თემაზე მაინც ვილაპარაკებთ.

მაგალითად, შეკრებების არასწორ დაგეგმვაზე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე და ა.შ. იაპონელებთან ხშირად აგებთო და თურმე, ამიტომ არ უშვებს პირველ ნაკრებს იაპონურ შეკრებაზე. ძლიერს თუ არ ვეჭიდავე და ნორმალური შეკრება არ გავიარე, შედეგი საიდან მექნება?

ჩემი მოწინააღმდეგეები დღეში 10-15 სპარინგს ჭიდაობენ, მე კი პარტნიორების არყოლის გამო 2-3 ორთბრძოლის მეტს ვერ ვატარებ და მეტოქეებს როგორ ვაჯობებ? თუშიშვილი ვარჯიშზე აქეთ-იქით იყურება ხოლმე, ვის ვეჭიდაოო? სრულფასოვანი პარტნიორი არ ჰყავს და როგორ აჯობოს მეტოქეებს, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ?!

- კი მაგრამ, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე რატომ არ ილაპარაკეთ ამ ყველაფერზე?
- არაერთხელ გვითქვამს, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ღია დაპირისპირებაც იყო, მაგრამ... ოლიმპიადის შემდეგ ამისთვის აღარავის ეცალა... მას მერეც, სულ გვესმოდა - ყველაფერი გამოსწორდება, კარგად იქნებაო.

ირაკლი უზნაძეს ლამის ჩხუბი მოსდიოდა, იაპონურ შეკრებებზე წასვლა რომ გაეტანა ხოლმე, ირაკლის გაშვების შემდეგ კი ქევხიშვილი თავად მართავდა მწვრთნელებად მოყვანილ თავის მეგობრებს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მათ რომ შეაწმინდა ხელი და გაათავისუფლა, დაავიწყდა, ყველა გადაწყვეტილებას თავად რომ იღებდა?! რაც ყველაზე ცუდია, გუნდის გაყოფა ხდება: ორ-სამ კაცს წაიყვანენ შეკრებაზე და ჰპირდებიან - ყველანაირი პირობა გექნება, იაპონიაშიც წაგიყვანთო და ა.შ. ეს იმისთვის კეთდება, რომ გუნდი დააცალკევონ და ერთად არ დადგნენ.

დავიჯერო, იაპონია და ავსტრია მხოლოდ 3-4 ძიუდოისტისთვის არის კარგი, დანარჩენებს კი არ გამოადგებათ?! მედლები ჰქონდათ და წავახალისეთო...

წახალისება კარგია, მაგრამ ვისაც მედალი არ აქვს, საიდან ექნება, თუ შეკრებაზე არ წაიყვან?

ახალგაზრდული ნაკრები ცალკე ჰყავთ ჩაკეტილი და სპარინგ-პარტნიორების პრობლემა მათაც აქვთ. თუ ასე გაგრძელდა, მალე, ალბათ, ძიუდო აღარ იქნება საქართველოში! არ ვიცი, რატომ ებღაუჭება ასე ამ სკამს... უფრო სწორად, მე კი ვიცი, მაგრამ...

- თქვენ თქვენსას ამტკიცებთ, დავით ქევხიშვილი კი ამბობს, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს...
- რამდენიმე დღის წინ - სანამ განცხადებას გავაკეთებდით - ძიუდოს ფედერაციაში მივედით, პრეზიდენტთან გვინდოდა შეხვედრა. ახლა "რაღაც ჯგუფს" რომ გვიწოდებს, 60 კილოგრამიდან დაწყებული, მძიმეწონოსნებით დამთავრებული, ყველა იქ ვიყავით.

გვინდოდა, პასუხები მიგვეღო ჩვენს კითხვებზე. დავით ქევხიშვილს სამი საათი ველოდეთ: ფედერაციაში იყო, მაგრამ უკანა კარიდან გააპარეს, რომ არ შეგვხვედროდა!

- ძიუდოისტებმა განზრახ ჩააგდეს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიო... ამაზე რას იტყვი?
- ასეთ რაღაცას რომელი სპორტსმენი იკადრებს?! საერთოდ არ გაემგზავრებოდნენ, ან ტურნირის დროს მოიმიზეზებდნენ ტრავმას, წასაგებად კი არავინ გავა, რადგან ეს ღალატია - შენი თავის და სამშობლოს ღალატი! ჩემთვის წარმოუდგენელია, ამდენი ხნის ნავარჯიშები ძალით "დაწვე" ევროპის ჩემპიონატზე!

- ქევხიშვილმა ნაკრებს დისციპლინაც დაუწუნა: მზადებისას მეტი ვარჯიში და მონდომებაა საჭირო, შედეგებმა ზოგს ილუზია გაუჩინა, რომ ბოლომდე დაუხარჯავადაც შეუძლიათ შედეგის მიღწევაო... როგორ გგონია, რას გულისხმობდა?
- ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მთქმელია. წლებია, ჩვენზე და ჩვენს შედეგებზე იდგა ფედერაცია, დღეს კი "რაღაც ჯგუფს" გვიწოდებს... არადა, ჩვენ თუ არ ვიჭიდავეთ, ეროვნული ნაკრები თუ არ იქნება, ვინ უნდა იჭიდაოს? ქევხიშვილის ადგილას რომ ვიყო, აქამდე ასჯერ წავიდოდი!

- ირაკლი ცირეკიძის მუშაობით კმაყოფილი იყავით?
- ირაკლის მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ფორმალურად იყო... ყველაფერს ფედერაციის პრეზიდენტი წყვეტდა. ქევხიშვილი და ცირეკიძე ბავშვობის მეგობრები არიან, ნათელმირონობაც აკავშირებთ და ირაკლიმ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო...

გუგავასგან და ბაინდურაშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია - გეგმას საერთოდ არ გვითანხმებენ, მხოლოდ მას შემდეგ გვეუბნებიან, სად მიდის გუნდი, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

მართებულია, როცა ყველაფერს შენთან შეუთანხმებლად წყვეტენ, შედეგს კი შენ გთხოვენ? ანდა, მწვრთნელს შედეგი როგორ ექნება, თუ თავისი შეხედულებებით არ ამუშავებ და არაფერს ეკითხები?

- ბოლოს, შენზე გკითხავ - როდის დაბრუნდება "ძველი" ავთო ჭრიკიშვილი?
- ტრავმების გამო ბევრი გამიცდა, მაგრამ დავბრუნდი, ფორმა აღვიდგინე და გულით მინდოდა, პირველ ტურნირზე კარგად მეჭიდავა... თუმცა სხვანაირად არ გამოდიოდა და ამის გამო ბოდიშიც მოვუხადე გულშემატკივარს... როდემდე შეიძლება გაჩუმება და ასეთი რაღაცების მოთმენა?

იმედია, მომეცემა შესაძლებლობა, გავაგრძელო ჭიდაობა და ვასახელო ჩემი ქვეყანა. მსოფლიო ჩემპიონატამდე ოთხი თვე დარჩა და ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, მოსამზადებელ შეკრებას არცერთი ჩვენგანი არ გაივლის!

▶ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! - საუკეთესო ძიუდოისტები ქართველებს მხარდაჭერას უცხადებენ [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი: ზვიადაური თუ პრეზიდენტი გახდება, მე ძიუდოდან წავალ
დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?
"არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 22 /
გადადგომასაც ვაშკაცობა და მენტალიტეტი სჭირდება, როგორც ეტობა ამ კაცში არის უკიდურესი პროვინციალიზმი, არც არის გასაკვირი.
saqsani
10:50 07-05-2018
3
ოღონდ ავთოს ძველებური ჭიდაობა მაჩვენა და ფედერაციის პრეზიდენტს კი არა, სპორტის მინისტრსაც ულაპარაკოდ გავიმეტებ გადასადგომად
სოსო
13:59 07-05-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული