"ამაყი ვარ, რომ პატარა საქართველო სჯობნის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის რუსეთი, გერმანია, ჰოლანდია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ეთერ ლიპარტელიანთან

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ვანტააში 12 სექტემბერს, ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია, გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო.

ქართული ძიუდოს ისტორიაში ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. იგი 23 სექტემბერს 20 წლის ხდება და აღსანიშნავია, რომ საკუთარ დაბადების დღეს ევროპის ჩემპიონის სტატუსით პირველად ხვდება.

რა გზა გამოიარა ჩემპიონობამდე ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა და როდიდან დაუკავშირა საკუთარი
მომავალი სპორტის ამ სახეობას, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე Sportall.ge-ს თავად სპორტსმენი პასუხობს.

- ეთერ, რა განცდა გქონდა ბრძოლის წინ, ელოდი, რომ ჩემპიონი გახდებოდი? როგორი გრძნობაა, როცა საკუთარი ქვეყნისთვის გამარჯვება მოგაქვს?
- განცდა არ მქონია, უბრალოდ ძალიან მინდოდა, რომ მომეგო; ძალიან მინდოდა, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი და რა თქმა უნდა, ველოდი გამარჯვებას.

ბედნიერებით ვივსები ყოველი გამარჯვების დროს. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც უცხოეთში საქართველოს ჰიმნს ვაჟღერებთ და ჩვენი დროშა ყველაზე მაღლაა. ამაყი ვარ, რომ პატარა ქვეყანა სჯობნის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის რუსეთი, გერმანია, ჰოლანდია და კიდევ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს.

- როდიდან დაინტერესდი ძიუდოთი? ვისი ინიციატივით დაიწყე სპორტის ამ სახეობაზე სიარული?
- ძიუდოთი დავინტერესდი 8 წლის ასაკში, ვარჯიშიც დავიწყე ჩემს ოცნებებთან ერთად, ჩემი ინიციატივით. ძალიან ცელქი და სპორტული ბავშვი ვიყავი. ლენტეხში ვცხოვრობდით, ქვემო სვანეთში. იქ მყავდა ძმაკაცები და მათთან ერთად დავიწყე ძიუდოზე სიარული.

- როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას მშობლები?
- ჩემმა გადაწყვეტილებამ დედას გული ძალიან დასწყვიტა, რადგან არ უნდოდა, გოგოს ასეთ ძლიერ სპორტზე მევლო. თან სვანებიც ცოტა მკაცრები არიან, სულ მეუბნებოდნენ, რა უნდა გოგოს ძიუდოზეო, მაგრამ მე მაინც დაჟინებით ვუმეორებდი, რომ ბოლომდე გავყვებოდი. ჩემი სურვილების ასრულებაში ხელი ძალიან შემიწყვეს მამამ და ბიძაჩემმა. 10 წლის ვიყავი, სვანეთიდან რომ წამომიყვანეს. რუსთავში ვცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი თბილისში სავარჯიშოდ, ბიძაჩემი კი სულ თან დამყვებოდა, სულ მამხნევებდა და ხელს მიწყობდა ყველანაირად. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს წარმატებული ძიუდოისტი ვარ.

- გვესაუბრე შენი მწვრთნელის შესახებ...
- 10 წლის ასაკიდან სულ თან დამყვება ჩემი პირადი მწვრთნელი კახაბერ მოცრაძე. ფაქტობრივად, ჩვენ, სპორტსმენებს უფრო დიდ დროს გვითმობს, ვიდრე თავის ოჯახს. ახლა მასთან ერთად ჩემი პირადი მწვრთნელია, გია თენაძე. ეს ორი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიდი სპორტსმენები გავხდეთ და ამასთან ერთად, ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ და მათთან ერთად ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში.

- ძიუდოს გარდა, კიდევ რითი ხარ დაინტერესებული?
- ძიუდოს გარდა, კიდევ ფეხბურთით, კალათბურთით და მეკლდეურობით ვარ დაინტერესებული. თავისუფალ დროს დავდივარ ხოლმე ცოცვის დარბაზში ავთო ქურასბედიანთან. იგი ხელს მიწყობს და მეხმარება ყველაფერში.

- რადგან გოგო ხარ, ამის გამო ხომ არ გირჩევდნენ, სხვა პროფესიას გაჰყოლოდი?
- მირჩევდნენ, ცეკვას გავყოლოდი, რადგან ძიუდოს დაუფლება ძნელია. ყველას ეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა.

- ახალგაზრდა სპორტსმენი ხარ, როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- გეგმები დიდი მაქვს. მთავარია, როგორ განვახორციელებ. მინდა ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვო და ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო ოლიმპიადაზეც.

- რა დროს უთმობ ვარჯიშს?
- 3-4 საათს ვუთმობ ძიუდოს, ზოგჯერ უფრო მეტს, 6 საათსაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც დღის განმავლობაში 2-3ჯერ გვიწევს ვარჯიში.

- რა რეაქცია აქვს დედ-მამას, როცა შენს ასპარეზობას ადევნებენ თვალს? ეთერ, რამდენი დედმამიშვილი გყავს?
- ძალიან ნერვიულობენ. ამიტომ, რომ არ ვანერვიულო, ზოგჯერ არც ვეუბნები რომ ვჭიდაობ. ორი და მყავს და ერთი ძმა.

altგიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს! [VIDEO]

რუსკა კილასონია, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეთო კარგი გოგო ხარ. გვეამაყები!
tamta
12:40 13-09-2019
0
ყოჩაღ, ეთერ! შენ იცი, ისახელე თავი და ასახელე საქართველო. ძალიან გგულშემატკივრობ :)
ტერეზა მეი
13:33 13-09-2019
0

სიახლეები პოპულარული