პლანეტის პრიზიორები ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, რუსთაველი ბექა გურული (54) და ხულოელი ოთარ აბულაძე (63) გახდნენ. გუშინ ხვიჩა ქორიძის შეგირდებიდან დამამშვიდებელ წრეში ლანჩხუთელმა ევროპის ორგზის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი შოთაძემაც (58) იჭიდავა, მაგრამ მეშვიდეზე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობის დარად, ეს შეჯიბრებაც ახალი ფორმატით ტარდება, ანუ წინასწარი შეხვედრები პირველ დღეს იმართება, ფინალური ბლოკი - მეორე დღეს, როცა სპორტსმენები თავიდან იწონებიან. ამ სამეულმაც
გურულიც და აბულაძეც წინა დღეს ნახევარფინალში დამარცხდნენ. ამიტომ გუშინ მხოლოდ თითო შეხვედრა გამართეს დამამშვიდებლის ფინალში. გურულმა 110 წუთში წმინდად, 8:0 დაამარცხა მექსიკელი მიგელ ანგელ უგალდე აგილარი, აბულაძემ კი სულ რაღაც 24 წამში 9:0 გაანადგურა ყაზახი რაქხატ საგიმბაი. გურულმა 45-ე წამზე ჩახტომითი კისრულით გადმოიღო მეტოქე, შემდეგ კი 4-ქულიანზე გადააგდო: 6:0. შეხვედრის განახლებისთანავე კიდევ ერთი ჩახტომითი კისრული და ჩვენებურმა მეტად მარტივად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გურულის შეხვედრა ამერიკელ ტომას რიდჯ ლოვეტთან პირველი დღის საუკეთესო ორთაბრძოლად აღიარა.
შოთაძე სანუგეშო წრეში პირველივე შეხვედრაში 4:5 დამარცხდა რუს სერგეი ჩიგირევთან. აღსანიშნავია, რომ შოთაძე ევროპის წლევანდელი გამარჯვებულია, შარშან კი დუბლი შეასრულა.
6 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატში მორიგი ხუთეული ჩაება და დღეს ქორიძის კიდევ ოთხი შეგირდი იჭიდავებს ბრინჯაოსთვის: გარდაბნელები - ბათუმელი თემურ ხოზრევანიძე (46), დავით სოლოღაშვილი (69), გიორგი ცოფურაშვილი (76) და ოზურგეთელი ლუკა ზაქარიაძე (85). ამათგან ბოლო სამი ნახევარფინალში დამარცხდა და პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხოზრევანიძე კი სანუგეშო წრეშია.
ხოზრევანიძემ თავდაპირველად საუდის არაბეთის წარმომადგენელი ტოკრი ალიმ ჰაზოაზი დადო ბეჭებზე, მაგრამ შემდეგ უკრაინელ ვლადისლავ კუჟკოსთან 5:8 წააგო. სანუგეშოში ის პირველ შეხვედრას უზბეკ საიდისლომ ტეშაბოევთან გამართავს.
ძალიან ძლიერად იჭიდავა მედლის სამივე დანარჩენმა კანდიდატმა. სოლოღაშვილმა პირველივე ორთაბრძოლა მოლდოველ ალექსანდრინ გუთუს მოუგო - 8:7. მომდევნო პაექრობაში ქართველმა ათლეტმა სომეხი სარგის თადევოსიანი ასევე ეფექტური გდებებით მალევე დაჯაბნა - 11:1 მოიგო. ნახევარფინალში ჩვენებური ინდოელ აშუ აშუსთან 2:3 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მისი მეტოქე ბერნარდ ბეგლესა და ყაზახ გალიმბეკ ნურგალის შორის გამარჯვებული იქნება.
ცოფურაშვილს პირველივე წრეში ძნელი ბრძოლა გადახდა სომეხ დავიდ პოღოსიანთან - 4:1 სძლია. მეოთხედფინალში პოლონელი შიმონ შიმონოვიჩი 9:0 დაამარცხა. ჩვენებური ნახევარფინალში უნგრელ იშტვან ტაკაჩთან 0:7 დამარცხდა და დღეს ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ არაა ცნობილი.
ძალიან ძლიერად გამოვიდა ზაქარიაძეც, ვინც 1.05 წუთში საკვალიფიკაციოში 8:0 სუფთად გაანადგურა მექსიკელი ლუის ალფრედო ლოპეს ვასკესი, მერე კი 5:0 მოუგო ყირგიზ დანიარ შირიმბეკოვს. მათ უკრაინელი დავიდ სადტიც ზედ მიაყოლა - 4:0, ნახევარფინალში კი რუს მუჰამედ ევლოევთან 4:7 წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჯერ არც მისი მეტოქეა გარკვეული.
გუშინ ჩვენებიდან მხოლოდ ხაშურელი დიმიტრი ხაჩიძე (42) დამარცხდა - პირველივე წრეში 4:6 წააგო ბულგარელ არმენ ნაზარიანთან.
გუნდის გამოსვლაში ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ოქრო არ გვექნება, თორემ ჭიდაობის ხარისხი ძალიან მაღალი და სანახაობრივია, ბიჭები ბევრ ილეთს აკეთებენ დგომიდან.
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში
50 კგ.
1. მაცუი კენი (იაპონია); 2. ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი); 3. ჰაიკ ასატრიანი (სომხეთი), ვლადიმირ ზაბეივოროტა ( რუსეთი), 19. აკაკი ოსიაშვილი (საქართველო).
54 კგ.
1. გერმან დოევი (რუსეთი); 2. ნურსულთან ბაზარბაევი (ყაზახეთი); 3. ბექა გურული (საქართველო), ალექსანდრ პეჩურენკა (ბელორუსი).
58 კგ.
1. მოსენ ფატოლაჰ მადჰანი (ირანი); 2. სონუ სონუ (ინდოეთი); 3. კოსეი ტაკეშიტა (იაპონია), სერგეი ჩიგირევი (რუსეთი); 9. გიორგი შოთაძე (საქართველო).
63 კგ.
1. დმიტრო მიროშნიკი (უკრაინა); 2. მუსტაფა კაიედ ხორდენი (ირანი); 3. ოთარ აბულაძე (საქართველო), არტემ ეროხინი (რუსეთი).
100 კგ.
1. გოლტონ მიჰაელ შულცი (აშშ); 2. ბალინ ვატზი (უნგრეთი); 3. ალექსანდრ ევდოკიმოვი (უკრაინა), სეიედმოჯტაფა ჰოსეინი (ირანი); 18. ელგუჯა სილაგაძე (საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"