ადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

AutoSharing Option
რატომღაც, ცდილობენ, ზურაბ დათუნაშვილი მსხვერპლად მოგვივლინონ, არადა, ეს ასე არ არის. ყველა მსგავსი ინციდენტის პროვოცირება დათუნაშვილის მხრიდან ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დათუნაშვილის ცემაში ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილის მიერ პროვოცირებული იყო და აღნიშნულ ბრალში გეგეშიძე უდანაშაულოა.

"ზურა დათუნაშვილი არის პიროვნება, რომელიც ყველა შეჯიბრის შემდეგ, როცა წაგება ხდება, ჩხუბობს ხოლმე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთი ინფორმაცია გავრცელებული იყო მასობრივი ინფორმაციის
საშუალებითაც, რაც პირადად არაერთხელ მინახავს, მაგრამ ამაზე რატომღაც რეაგირება არ მომხდარა.

დათუნაშვილი ამ საქმეში, როგორც დაზარალებული გვევლინება. ევროკავშირის შეჯიბრზე, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობდა, მხოლოდ იმის გამო, რომ შეჯიბრის დროს სხვა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ის სპორტსმენს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდა. ამის გამო არც საქმის გამოძიება დაწყებულა, არც ცემასა და ძალადობაში დაუდანაშაულებია ვინმეს დათუნაშვილი", - აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე განმარტებით, ბრალში გეგა გეგეშიძე გამართლდება.

"გეგეშიძემ ორჯერ მოიქნია ხელი და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ფედერაციის პრეზიდენტი, ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას სპორტის სასახლეში დანაშაულის შემცველი ქმედება არ ჩაუდენია. უარესი ქმედებები აქვს ჩადენილი ზურაბ დათუნაშვილს, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. რატომ ხდება ასეთი შერჩევითი მიდგომა?

გვაქვს იმის იმედი, რომ გეგეშიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვა. გეგეშიძე თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას", - განაცხადა ცუცქირიძემ.

ადვოკატი საკუთარი შუამდგომლობით სასამართლოს სთხოვდა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოეთხოვა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ზურაბ დათუნაშვილს 2013 წლიდან დღემდე, ევროკავშირის შენგენის რომელიმე ქვეყანაში შესვლა აკრძალული და რა მიზეზით. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ ფაქტს გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა გეგეშიძის ადვოკატისთვის.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
სამსახურეობლივ საქმიანობას მუშტების ქნევით ახდენდა?
0
რატომ გვაბოლებთ ქალბატონო? :-)
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული