ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

AutoSharing Option
ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაში ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული საჩხერელი ფალავანი ონისე ბუღაძე გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ბუღაძემ გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.

ტურნირი წინასწარი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ფინალურ ბლოკში 4 წონითი კატეგორიის საუკეთესო ფალავნებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს. 80 და 90 კგ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გიორგი კაციაშვილი და ილია
ბათურაშვილი გახდნენ.

ლაშა ტაველურმა გაიმარჯვა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მძიმეწონოსნებში (+100 კგ) საუკეთესოს ტიტულს გიორგი ზაქარიაძე დაეუფლა.

აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო - 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლისპრიზიორს, გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამეადგილოსანმა ნიაზ დიასამიძემ 5 000 ლარი გამოიმუშავა.

ფალავნობას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

"ფალავნობა 2019"
აბსოლუტური

1. ონისე ბუღაძე (იმერეთი)
2. გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)
3. ნიაზ დიასამიძე (სამცხე-ჯავახეთი)
4. ლაშა ტაველური (მცხეთა-მთიანეთი)

80 კგ
1. გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი)
2. ზაურ გაგნიძე (ქვემო ქართლი)
3. გიორგი კანკავა (შიდა ქართლი)

90 კგ
1. ილია ბათურიშვილი (კახეთი)
2. გოგა ქევხიშვილი (კახეთი)
3. თორნიკე ჯუღელი (თბილისი)

100 კგ
1. ლაშა ტაველური (მცხეთა-მთიანეთი)
2. გიორგი კობაიძე (თბილისი)
3. ნიაზ დიასამიძე (სამცხე-ჯავახეთი)

+100 კგ
1. გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)
2. ონისე ბუღაძე (იმერეთი)
3. გიორგი ქავთარაძე (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gaixare onise, magari qartveli vajkaci da zrdilobiania es kaci
Guru
21:28 17-12-2019
0

სიახლეები პოპულარული