როგორც იაპონური გამოცემა kyodonews-ი იტყობინება, სუმოს მონღოლი ლეგენდა ჰაკუჰო მაისის ბაშოს გამოტოვებს.
როგორც ჰაკუჰოს მშობლიური სკოლის - მიაგინოს ოსტატმა განაცხადა, ჰაკუჰოს მაჯის ტრავმა აქვს და ჯერ ვერ მოიშუშა. აქედან გამომდინარე, 12-26 მაისს გასამართ ტოკიოს ბაშოს გამოტოვებს.
„დაახლოებით 1 თვეში ის კარგად იქნება. გუშინ გვითხრა, რომ 70%-ით უკვე გამოჯანმრთელდა. ეს არ არის დიდხნიანი ტრავმა.
მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, თუმცა მე მგონია, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დრო. მისი მაჯა დაზიანებულია და დისკომფორტს განიცდის, როცა ძლიერად უტევენ", - თქვა მიაგინოს სკოლის ოსტატმა.
ჰაკუჰომ წინა
ბაშო 15:0-ზე დაასრულა და 42-ედ მოიგო იმპერატორის თასი. მან ტკივილი სწორედ მარტის ბაშოს ბოლო ბრძოლისას იგრძნო, როცა კაკურიუ დაამარცხა. განახლებულ ბანძუკეში ის პრესტიჟული აღმოსავლეთ იოკოძუნას ტიტულს ატარებს, ხოლო მისი თანამემამულე კაკურიუ დასავლეთის იოკოძუნა არის.
ოსტატმა ასევე აღნიშნა, რომ სუმოს 34 წლის მოჭიდავე ძალიან გულდაწყვეტილია, რომ იაპონიის ახალ იმპერიული ერაში პირველ ბაშოს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბაშო 12 მაისს დაიწყება და 26 მაისამდე გაგრძელდება. ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იბრძოლებს. მას 10 გამარჯვება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად.