ახალი ბანძუკე (რეიტინგი) გამოქვეყნდა - ცვლილებები ქართველ სუმოისტებსაც შეეხოთ

AutoSharing Option
იაპონიის სუმოს ასოციაციამ რამდენიმე საათის წინ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები მოახლოებულ აკი ბაშოზე იასპარეზებენ.

თითქმის 8 (უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, 7-ნახევარი) საფეხურით განიცადა ვარდნა ჯურიოს დივიზიონში მოღვაწე გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა და აღმოსავლეთის მე-10 ნომრის სტატუსით მოგვევლინა. წინა ბაშოზე გაგამარუ დასავლეთის მე-2 ნომრად ჭიდაობდა, მაკუუჩიში გადასვლის იმედიც ჰქონდა, თუმცა შეჯიბრების სტარტზევე მიღებული მძიმე ტრავმის გამო 15-დან მხოლოდ 3 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და მსგავსი  დაქვეითებაც მოსალოდნელი გახლდათ.

მცირე ცვლილება შეეხო ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონელი ტაკაკეიშოს ოძეკიდან სეკივაკეს
რანგზე ჩამოქვეითების გამო დასავლეთის მეორედან აღმოსავლეთის მეორე ოძეკის პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ ბაშოზე ტოჩინოშინი კადობანში იქნება ჩაყენებული და ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად კაჩი-კოში უნდა დააფიქსიროს.

იგივე ამოცანა ექნება შესასრულებელი იაპონელ ოძეკი გოეიდოსაც, რომელიც ლევანის დარად, კადობან-ოძეკის სტატუსით იასპარეზებს ტურნირზე.

რაც შეეხება სეკივაკეს წოდებაზე ჩამოქვეითებულ ტაკაკეიშოს, 10 ან მეტი ორთაბრძოლის მოგების შემთხვევაში, იგი ავტომატურად დაიბრუნებს ოძეკის სტატუსს.

სეკივაკეს რანგი შეინარჩუნა იაპონელმა მიტაკეუმიმ, რომელიც მიჯრით მე-16 ბაშოს ჩაატარებს სანიაკუში. წოდებას ინარჩუნებს ასევე იაპონელი აბი, რომელსაც თანამემამულე ენდო შეუწყვილდება კომუსუბის პოზიციაზე.

ერთადერთი, ვინც სანიაკუში ადგილი დაკარგა, ეს არის იაპონელი რიუდენი, რომელიც იმდენად ღრმად დაქვეითდა (დ-მ5), რომ ჯოი-ჯინშიც ვერ დაიკავა ადგილი.

სამაგიეროდ, ჯოი-ჯინში პირველად ვიხილავთ მეტად პერსპექტიულ იაპონელ რიკიშის, ტომოკაძეს, რომელიც დასავლეთის მე-3 მაეგაშირად იქნა განთესილი და პირველად მოუწევს კარიერაში ბობოლებთან ჭიდილი. ახალგაზრდა მებრძოლისთვის ეს იქნება მე-15 ბაშო და ჯერაც მაკე-კოში არ გააჩნია, რაც დოჰიოზე დგას.

ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს მაკუუჩი დივიზიონს, 28 წლის იაპონელი ცურუგიშოს სახით, რომელიც წინა ბაშოს ჩემპიონი გახდა ჯურიოში.

მაკუუჩის უბრუნდებიან მონღოლი აძუმარიუ, იაპონელი იუტაკაიამა და იაპონელი იშიურა, რომელიც უერთდება თანაკლუბელ ენჰოს და როგორც იქნა, აუსრულდება ოცნება იოკოძუნა ჰაკუჰოს. "თეთრი ფენიქსი" დოჰიო-ირის რიტუალის შესასრულებლად თანაგუნდელების თანხლებით გამოვა.

ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდნენ ბრაზილიელი გოლიათი კაისეი და სამი იაპონელი - იაგო, ჩიომარუ და იოშიკაძე.

აკი, იგივე შემოდგომის ბაშო ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში 8 სექტემბრიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს.

მომზადებულია https://www.facebook.com/GeorgianSumo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ პატივი ეცით საკუთარ ენას. ცუდად ხვდება ყურს "განიცადა ვარდნა". ეს არის ცუდად ნათარგმნი რუსული გამოთქმა "Потерпел падение". არ სჯობს რომ ვთქვათ "7 საფეხურით ჩამოიწია". ამის მსგავსია, როცა წერთ "მარცხი განიცადა" ("Потерпел поражение"). თქვი რა "წააგო" ან "დამარცხდა".
აშკარად შეუფერებელია, როდესაც წერთ: "ჯურიოს დივიზიონში მოღვაწე გაგამარუმ". უკაცრავად, მაგრამ "მოღვაწეობდა" ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში გამოდის (ასპარეზობს, ჭიდაობს).
ქართული ენის გულშემატკივარი
17:42 26-08-2019
1
ხოდა თუ ასე გააგრძელეს გამოგვაბანძუკებენ სუმოდან.
მიხა პაპა
13:17 26-08-2019
13

სიახლეები პოპულარული