* მძიმე წონაში ოქრო 27 წლის პაუზის შემდეგ მოვიგეთ.
* თავისუფალ ჭიდაობაში ერთ მსოფლიოზე სამი მედალი რეკორდის გამეორებაა.
პარიზში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, პლანეტის პირველობაზე პირველად მოვიპოვეთ ორი ოქროს მედალი, სულ კი ჩვენს აქტივში სამი ჯილდოა: ზურაბ იაკობიშვილის (65) და გენო პეტრიაშვილის (125) ჩემპიონობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) ბრინჯაო დაუმატა.
- თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,
არადა, საქართველოს ნაკრებმა შორეულ 2003 წელს გუნდურ ჩათვლაში სულაც გაიმარჯვა, მაგრამ ორი ჩემპიონი მაშინაც არ გვყოლია ("ბერძენ-რომაელებს" 2007-ში ჰყავდათ: დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე). თუმცა ამის შანსი მალევე კი მიეცა, თანაც ზედიზედ ორჯერ - 2005-06 წლებში. პირველად ბუდაპეშტში მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84) და იმხანად უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე (96) გავიდნენ ფინალში, მაგრამ მხოლოდ მინდორაშვილმა გაიმარჯვა. მეორედ გუანჯოუში სამი ფინალისტი გვყავდა: ოთარ თუშიშვილი (66), ისევ მინდორაშვილი და მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი, ოღონდ რუსეთის სახელით გიორგი გოგშელიძე (96), თუმცა სამივე დამარცხდა. საბედნიეროდ, "ოქროს დუბლზე" ოცნება მესამე ცდაზე ახდა.
პეტრიაშვილის ოქრო იმითაცაა გამორჩეული, რომ რატომღაც ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულ მძიმე წონაში (ისე, საკითხავია: მჩატე წონებში მოპოვებული ოქრო რითია მძიმე წონისაზე ნაკლები?) თითქმის 3 ათეული წელიწადია, მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია. ჩვენებიდან ამ წონაში ბოლოს დავით გობეჯიშვილმა გაიმარჯვა, როცა 1990 წელს ბუდაპეშტში გამართულ ფინალში ამერიკელ ბრიუს ბაუმგარტნერს სძლია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სულ სამი ჩემპიონი გვყავდა: მინდორაშვილი, კურტანიძე და ხინჩეგაშვილი (კიდევ ვიმეორებთ: გოგშელიძემ რუსეთის სახელით გაიმარჯვა, თუმცა დღეს თავის ტიტულიანად ჩვენ გვეთვლება), ახლა კი, რის მიღწევასაც მეოთხედი საუკუნე მოვანდომეთ, ერთი ტურნირით ერთბაშად ორი ერთეულით გავზარდეთ.
პარიზში ჩვენთვის აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტი მოხდა: მსოფლიოს ფედერაციამ 60 წელს გადაცილებული რამდენიმე დამსახურებული მსაჯი დააჯილდოვა, მათ შორის - ედიშერ მაჩაიძეც.
ფაქტები
* რუსეთის ნაკრები საერთოდ ოქროს გარეშე დარჩა სამივე საჭიდაო სტილში, მსგავსი რამ კი ბოლოს როდის მოხდა, ვერ ვიხსენებთ (ან მოხდა კი საერთოდ?). სავარაუდოდ, შეეშინდათ რუსებს დოპინგის, მხოლოდ გატენილი კეისებით კი ფონს ვერ გავიდნენ. * თვალში საცემია აზერბაიჯანელთა ჩავარდნაც - თითო ოქრო-ბრინჯაო, თუმცა მათ ფინანსურად იმდენად გაუჭირდათ, ჩემპიონატის წინ მოჭიდავეები ბოიკოტითაც კი იმუქრებოდნენ. ამდენად, ვერც მათი ფული ჭრის ძველებურად.
* ასევე აღსანიშნავია ამერიკელთა წარმატება: სამივე სინჯის 2-2 მედალი მოიპოვეს, სულ 6 ჯილდო. იანკებმა მართლაც ჩინებულად მომზადებული გუნდი ჩაიყვანეს პარიზში.
* ამ ტურნირზე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკელთა ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74), მესამედ - აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი (61), მეორედ - იტალიელი ფრენკ ჩამიზო (70) და ამერიკელთა კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი კაილ სნაიდერი (97).
* ირანელთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰასან იაზდანი ჩარატიმ (86) უფროსებში სამ წელიწადში მესამე წონითი კატეგორია გამოიცვალა და ყველგან დიდი წარმატებით ჭიდაობს: შარშანწინ 70 კილოგრამში მსოფლიოს ფინალში გავიდა, შარშან 74-ში ოლიმპიადა მოიგო, წლეულს კი 86-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
პარიზული შოუ
ამ ჩემპიონატის მშვენებად თავისუფლად შეგვიძლია, ორი ფინალი მოვნათლოთ: პეტრიაშვილი - ტაჰა აკგული (თურქეთი) მძიმე წონაში და კაილ სნაიდერი (აშშ) - აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) ქვემძიმეში. ორივე "ტიტანთა ბრძოლა" იყო, რომელიც უახლოეს წლებში კიდევ ბევრჯერ გამეორდება. ასევე აღსანიშნავია თავად ჩემპიონატის ორგანიზებაც: მსოფლიოს ფედერაციამ მიბაძა ამერიკულ თუ ინდურ ლიგებს და ტურნირი შოუდ აქცია განათებებით, სპეცეფექტებით, მუსიკალური გაფორმებებით და სხვა. ოღონდ, ტექნიკური გაშუქების თვალსაზრისით, ჯერაც გვარიანი ხარვეზები აქვთ.
მებრძოლი სული
ჩვენს მოჭიდავეებს რაც შეეხებათ, კიდევ ერთხელ გამოვარჩევთ იაკობიშვილის საბრძოლო შემართებას და გამარჯვების დაუოკებელ ჟინს. მან ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა და მსოფლიოს ფედერაციას "გამარჯვებისკენ სწრაფვის" ნომინაცია რომ ჰქონდეს, ჩვენებური ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა.იაკობიშვილი მთელი ტურნირი უტევდა, არც ერთ შეხვედრაში არ უჭიდავია "მეორე ნომრად". კი, ქულებიც დაკარგა, მაგრამ თავადაც ბლომად იღებდა და ჩოქბჯენში თავსაც კარგად იცავდა. ასეთმა სტილმა მოაგებინა სულ პირველად ინდოელ ბაჯრანგ ბაჯრანგთან დაძაბულ პაექრობაში - 6:5, და თურქთა ევროპის ფინალისტ მუსტაფა კაიასთან. კაია ორჯერ გადააგდო მოგვერდით, თუმცა მეორე ბევრად ფასეული გამოდგა: თავიდან 8:2 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მეორე პერიოდში თურქი გააქტიურდა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა: 8:6. აი, სწორედ ამ დროს იყო ის მეორე მოგვერდი, რაც მსაჯებმა 4 ქულად შეაფასეს, თუმცა იქვე იაკობიშვილმა ბეჭებზეც დადო.
მისი კარგი ხასიათი ფინალშიც გამოჩნდა: როგორც წესი, ქართველთა უმეტესობა ფინალში გასვლით კმაყოფილდება, იაკობიშვილმა კი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ მას საგრძნობლად მოუმატებია. ეტყობა, ევროპულმა მედალმა საკუთარი ძალების რწმენა გაუათმაგა და შედეგიც მივიღეთ: მსოფლიოს პირველივე პირველობაზე ჩემპიონი გახდა.
დებიუტანტი იყო ერბოწონაშვილიც, თუმცა ის არაა იაკობიშვილივით გამოცდილი და, ალბათ, სწორედ ეს დააკლდა მედლამდე. სამაგიეროდ, გამოუცდელობას ვერ დავაბრალებთ ოდიკაძეს, მაგრამ მას პერიოდულად უჭირს ხოლმე ფსიქოლოგიურად განწყობა კონკრეტული შეხვედრისთვის. სომეხთა 32 წლის გიორგი კეტოევი მასთან საბრძოლველად ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ერთადერთი მისიით გამოვიდა - როგორმე არ შეეშვა ფეხში, რაც წარმატებით განახორციელა, ქართველმა კი ახალი ვერაფერი დაუპირისპირა და ვერც ღონით დაჯაბნა.
ხინჩეგაშვილის ჭიდაობაზე აუგს ვერ ვიტყვით, ისეთი შეხვედრები მოიგო და ისეთი დონე გვაჩვენა! მას ნამდვილად არ წაუგია ვინმე შემთხვევით მეტოქესთან: დაღესტანელი ჰაჯიმურად რაშიდოვი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია. პარიზში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენებურს წარმატებით შეუძლია ამ წონის ნებისმიერ ლიდერთან ბრძოლა, ხოლო ზედიზედ რამდენიმე სეზონს დაუმარცხებლად, აგერ, "რუსულ ტანკად" წოდებული აბდულრაშიდ სადულაევი და ამერიკელი ლეგენდა კაილ სნაიდერი ვერ ატარებენ.
სადღაც ერთი ჩავარდნა გამოერევა და ამაში არაფერია გასაკვირი. მთავარია, რომ ხინჩეგაშვილი უაღრესად ჭკვიანი, მშრომელი, დახვეწილი და პროფესიონალია, რაც სამომავლოდ კიდევ ბევრი წარმატების წინაპირობაა.
ვფიქრობთ, ბექა ლომთაძე (57) წონის კლებამ დააზარალა, ვინც ხინჩეგაშვილთან კონკურენციის გამო 61-დან ჩამოინაცვლა აქ. იგივე პრობლემა უნდა ჰქონდეს ჯუმბერ ყველაშვილსაც (74), დავით ხუციშვილი (86) და სხვა ქართველები კი ვერაფერს უხერხებენ აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"