ევრო 2016. გერმანიის ნაკრები: ვინ ითამაშებს უკან, მარჯვნივ?

AutoSharing Option
უნგრეთთან მოგებულ თამაშში (2:0) თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ საფეხბურთო გერმანია მაინც არაა ბოლომდე კმაყოფილი. გერმანიის ნაკრებმა შედეგი დადო, მაგრამ გერმანიაში ტესტ-მატჩის შედეგზე მეტად ის ადარდებთ, რომ ამ შეხვედრაში გარკვეული ნაკლოვანებები გამოჩნდა. მაგალითად, აშკარად პრობლემური ჩანს მარჯვენა მცველის პოზიცია.

ევროპის ჩემპიონატის წინ უკანასკნელ ტესტ-მატჩში გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ბენედიქტ ჰიოვედესს კიდევ ერთი შანსი მისცა. ამ უკანასკნელს გასული საკლუბო სეზონის გარკვეული ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, მაგრამ მარჯვენა მცველის რანგში დაცვით ფუნქციებს მაინც კარგად ასრულებს.

თუმცა თანამედროვე
ფეხბურთში და, მით უმეტეს, გერმანიის ნაკრებში, მარჯვენა მცველი შეტევაშიც ხეირიანად უნდა ერთვებოდეს, რაც ჰიოვედესს კარგად ნამდვილად არ გამოსდის.

"ვიცი, რომ დანი ალვეში არ ვარ და ვეღარც გავხდები. სხვათა შორის, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის წინაც ვთქვი", - აცხადებს ჰიოვედესი და აი, რას გულისხმობს: "მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგად თამაშს მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შემიძლია, ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ დაცვითი ფუნქციები შევასრულო კარგად, რადგან შეტევაში თამაში არასდროს მეხერხებოდა. საბოლოო ჯამში, ჩემი თამაშით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ".

უნგრეთის ნაკრები გერმანიასთან დაცვით ფეხბურთს რომ ითამაშებდა, ეს ყველამ იცოდა. ამიტომაც ფიქრობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები, უკეთესი იქნებოდა, რომ ლიოვს მარჯვენა მცველად უფრო შემტევი ფეხბურთელი გამოეცადაო, მაგრამ ბუნდესმწვრთნელმა უპირატესობა მაინც ჰიოვედესს მიანიჭა, რომელსაც "დანი ალვეშობას", პრინციპში, არც არავინ სთხოვს.

გერმანელი ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ევრო 2016-ის პირველ შეხვედრაში, უკრაინასთან, ლიოვი მარჯვენა მცველად სხვას გაამწესებს.

თანაც, ცხადია, რომ გერმანიასთან უკრაინელებიც დაცვით ტაქტიკას აირჩევენ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბენი ჰიოვედესს პრაქტიკა მიეღო. ეს უკანასკნელი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგისთვის გვყავს ჯოშუა კიმიხიც, რომელიც შეტევაში საკმაოდ კარგად ერთვება ხოლმე", - ამბობს ლიოვი.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ჰიოვედესი, არც კიმიხია ნომინალური მარჯვენა მცველი და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ლიოვს ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნაკრებში არასდროს გამოუცდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და უჩა რომ ვათხოვოთ? თავით საკაიფოდ გამოაქვს ბურთები საჯარიმოდან
llcl
17:18 07-06-2016
0

სიახლეები პოპულარული