ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინეთი-შვეიცარიის წინ: შვეიცარიას ისტორია სურს

AutoSharing Option
A ჯგუფში მეორე ტური პარიზში რუმინეთისა და შვეიცარიის გუნდების მატჩით იწყება. შვეიცარიელები, მეტოქისგან განსხვავებით, კარგ ხასიათზე ხვდებიან მატჩს.

ვლადიმირ პეტკოვიჩის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა ალბანეთი და სამი ქულა უკვე აქვს. აი, რუმინელებმა კი ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს დიმიტრი პაიეს დიდებულ დარტყმულს. ასე რომ, ქულები ანგელ იორდანესკუს კრებულს უფრო სჭირდება.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა, 12-დან 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 5-ჯერ რუმინელებმა იმარჯვეს და ამდენჯერვე - შვეიცარიელებმა. რუმინეთის ნაკრებს ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავდა საკვალიფიკაციო ეტაპზე - სულ ორი გოლი
გაუშვა 10 მატჩში, ზუსტად იმდენი, რაც ევრო 2016-ის გახსნის მატჩში საფრანგეთთან.

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი): "ეს შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვისა და რუმინული ფეხბურთისთვის. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური აღდგენა უნდა მოგვესწრო და ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. ფრაგებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და დასანანია, რომ დავმარცხდით. შანსები გვქონდა, თუმცა, ვაღიარებთ, რომ სამი ქულა უფრო საფრანგეთმა დაიმსახურა. ხვალ ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდი იქნება, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. რეალობას არ უნდა გავექცეთ, შვეიცარიელთა დიდი ნაწილი ბუნდესლიგასა და მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობს. ჩვენი მიზანი კი ჯგუფიდან გასვლაა".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია): "ჩემი აზრით, რუმინელებს თავისუფლად შეეძლოთ ფრანგების დამარცხება. ამიტომ უნდა გამოვასწოროთ თამაში, რადგან ალბანეთთან ჩვენი შესაძლებლობების დონეზე ვერ ვითამაშეთ. ჩემი რწმენით, საჭიროა ისე ვითამაშოთ მთელი მატჩი, როგორც ალბანეთთან მატჩის პირველ 20-30 წუთში შევძელით.

პარასკევის მატჩში მართლაც ძალიან მომეწონა რუმინეთის ნაკრები. ახლა ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი იმავე დონეზე თამაშს. ჩემი აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას, თუკი საუკეთესოდ ვითამაშებთ. შვეიცარიას არასოდეს მოუგია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩში. გვინდა, რომ ისტორიაში ჩავეწეროთ".

15 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
რუმინეთი-შვეიცარია 20:00
რუმინეთი (სავარაუდო): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, კირიკეში, გრიგორე, რაცი - პინტილიი, ჰობანი - ტორჟე, სტანჩუ, სტანკუ - კეშერუ
შვეიცარია (სავარაუდო): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯემაილი, ჯაკა - შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული