ევრო 2016. F ჯგუფი. ავსტრია-უნგრეთი: უნგრეთმა დერბი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
* უნგრეთის ნაკრების მეკარე გაბორ კირაი გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მონაწილე - 40 წლისა და 74 დღის.
* მან ლოთარ მათეუსის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 39 წელსა და 91 დღეს შეადგენდა.
* კირაიმ უნგრეთის ნაკრების ისტორიაში პირველად შეინახა კარი მშრალად ევროპის ჩემპიონატებზე.
* უნგრეთი გახდა მე-4 გუნდი ევრო 2016-ზე, რომელმაც 2 გოლის გატანა შეძლო.
* ალეკსანდარ დრაგოვიჩი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელიც ტურნირზე გააგდეს.

ავსტრია-უნგრეთის შეხვედრაში ფავორიტად ავსტრიელებს მიიჩნევდნენ, მაგრამ გამარჯვება უნგრელებმა მოიპოვეს. შესაძლოა, ეს არ იყოს ძალიან დიდი სენსაცია,
მაგრამ შედეგს მოულოდნელი ეთქმის. ავსტრიამ შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად განვლო, ერთი ამოსუნთქვით გაიარა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუ უნგრეთთან ასე უშანსოდ წააგებდა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ავსტრიამ იმ ტაქტიკით ითამაშა, რომლითაც მთელი შესარჩევი ეტაპი გაიარა. შეტევის წინა ხაზზე იანკო მოქმედებდა, სიღრმიდან კი მას ჰარნიკი, იანუზოვიჩი და არნაუტოვიჩი ეხმარებოდნენ. ავსტრიელთა ლიდერი და მთავარი იმედი ალაბა, ბაუმგარლტლინგერთან ერთად, საყრდენ ხაზს ამაგრებდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელთა შვეიცარიელი მწვრთნელი მარსელ კოლერი იშვიათად ცვლის ტაქტიკას და არც ფეხბურთელთა როტაცია უყვარს - ნაცად ტაქტიკა-შემადგენლობას დაეყრდნო, რომელმაც ამჯერად არ გაუმართლა.

უნგრელთა გერმანელმა თავკაცმა ბერნდ შტორკმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და ფეხბურთელები 4-5-1 სქემით განალაგა. წინა ხაზზე ტანმაღალი სალაი გაუშვა, უკნიდან კი ერთბაშად ხუთი ნახევარმცველი დაუყენა. მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა უნგრელთა ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი ბალაჟ ჯუჯაკი.

გოლები
0:1 -ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე ერთობ ეფექტური გამოვიდა. ანგარიში სალაიმ 62-ე წუთზე გახსნა, რომელმაც კლაინჰაისლერთან ბურთი შესანიშნავად გაითამაშა და ბადეში გაახვია. ტანმაღალმა და თითქოს, მოუქნელმა ფორვარდმა შესანიშნავი კოორდინაცია გამოავლინა და ურთულეს ვითარებაში გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში.

0:2 - მეორე გოლი მაშინ გავიდა, როდესაც ავსტრია დიდი ძალებით იყო გადასული მეტოქის ნახევარზე და თანაც, კაცნაკლული თამაშობდა. შესაბამისად, ავსტრიელებს ზონები მოშიშვლებული ჰქონდათ - 82-ე წუთზე შეცვლაზე შესული შტიბერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ტექნიკური, რბილი დარტყმით გადაგზავნა ბადეში.

მატჩის შემდეგ
მარსელ კოლერი (ავსტრია): "თამაში კარგად დავიწყეთ და ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსიც გვქონდა. მატჩის დიდი ნაწილი, უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ. გოლის გაშვება ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდ დროს გაგვიტანეს - უნგრეთს ფრთები შეესხა და შემდეგ მეორეც გაგვიტანა. რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ვეცდებით, რომ მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ".

ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "უნგრეთის ნაკრები შეკრული გუნდია. ჩვენ კარგად ვიცნობთ ავსტრიას, ვიცით მათი ძლიერი მხარეები და სუსტიც. ჩვენი წარმატების მიზეზი კი ისაა, რომ შევძელით მეტოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების თამაშიდან გამოთიშვა. შემდეგი მეტოქე ისლანდიაა, ასევე ძლიერი გუნდი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ბრწყინვალედ გაიარა. მიხარია უნგრელი ფანების გამო, მათ გახარებულ სახეებს რომ ვუყურებ".

მატჩის გმირი
ეს არ იყო მატჩი, რომელშიც ერთმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა და ყველასგან გამოირჩა. უნგრეთმა გუნდური თამაშით სძლია მეტოქეს და ამ წარმატებაში თითოეულმა ფეხბურთელმა თანაბარი წვლილი შეიტანა. მატჩის გმირად შეგვიძლია ადამ სალაი შევრაცხოთ, რომელმაც ურთულეს ვითარებაში შეძლო გოლის გატანა, ანგარიშის გახსნა და უნგრეთის გამარჯვებას დაუდო სათავე.

მსაჯი
მატჩის არბიტრი ფრანგი კლემან ტურპენი გახლდათ, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. უხეში შეცდომა არ დაუშვია და ზოგადად, შეუმჩნეველი იყო, რაც მსაჯისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. მან 66-ე წუთზე დრაგოვიჩი გააძევა მოედნიდან და ავსტრია კაცნაკლული დატოვა, რისთვისაც მას ვერავინ გაამტყუნებს.

ანალიზი
დარჩა შთაბეჭდილება, რომ უნგრელებმა უფრო კარგად იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე. მათთვის მთავარი საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო, გოლის შეგდებას კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ. უნგრელებმა ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშეს და სწორედ ამის ხარჯზე მიაღწიეს გადამწყვეტ უპირატესობას. შტორკის შეგირდები ვერ გამოირჩევიან უბადლო ტექნიკით, მაგრამ სწორი თამაშით ცდილობენ ამ ნაკლის კომპენსირებას, რაც ავსტრიელებთან შეხვედრაში ძალიან კარგად გამოუვიდათ.

უნგრელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება. ფაქტია, რომ უნგრელთა ერთი შეხედვით, მოუხეშავი და მოუქნელი შეტევები ხშირად სრულდებოდა კარში დარტყმით, ორჯერ კი ბურთი ბადეში აღმოჩნდა. უნგრეთმა იმაზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ამის მოლოდინი იყო საფეხბურთო ევროპაში, ან გნებავთ, მსოფლიოში.

აი, ავსტრიამ კი აშკარად გააწბილა გულშემატკივარი, რადგან შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ ამ გუნდისგან ასეთ უსუსურ გარჯას არავინ ელოდა. უნგრელების არ იყოს, ვერც ავსტრიელები დაიკვეხნიან ტექნიკით და როდესაც არც სხვა კომპონენტებში ვარგიხარ, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეს. კოლერის შეგირდები თამაშობდნენ ნელ ტემპში, ფანტაზიის გარეშე, ასე კი რთულია თუნდაც ლოკალური წარმატების მიღწევა.

პერიოდულად ალაბა ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ ერთი მერცხალი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ცხადზე უცხადესია. საერთოდ დაკარგული იყო ავსტრიელთა კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მარკო არნაუტოვიჩი, რომელიც ფლანგიდან ირჯებოიდა, მაგრამ სახეირო არაფერი გაუკეთებია.

მთლიანობაში, უნგრეთმა აშკარად აჯობა მეტოქეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებით, შტორკის შეგირდებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს მერვედფინალისკენ, თუმცა წინ კიდევ ორი რთული მატჩია...

დასკვნა
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა. უნგრეთის ნაკრებმა ფავორიტად შერაცხული ავსტრია დაამარცხა და, რაც მთავარია, თამაშით აჯობა მეტოქეს. უნგრეთი მერვედფინალს მიუახლოვდა, ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ავსტრიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ასევე იასპარეზებს.

whoscored.com-ის ტოპ-5
ზოლტან გერა უნგ. 8,4
ტამაშ კადარი უნგ. 8,1
გაბორ კირაი უნგ. 7,4
ადამ ნადი უნგ. 7,3
რიჩარდ გუზმიჩი უნგ. 7,3


14 ივნისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"
ავსტრია-უნგრეთი 0:2
გოლები: 0:1 სალაი (62. კლაინჰაისლერი), 0:2 შტიბერი (87. პრიშკინი)
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუხსი - ბაუმგარტლინგერი, ალაბა - ჰარნიკი (78. შიოპფი), იანუზოვიჩი (60. ზაბიტცერი), არნაუტოვიჩი - იანკო (65. ოკოტიე)
უნგრეთი (4-5-1): კირაი - ფიოლა, გუზმიჩი, ლანგი, კადარი - ნემეცი (89. პინტერი), ნადი, გერა, კლაინჰაისლერი (79. შტიბერი), ჯუჯაკი - სალაი (69. პრიშკინი)
გაფრთხილება: ნემეცი (უნგრეთი)
გაძევება: დრაგოვიჩი (66. ავსტრია)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-15 (3-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 34 424

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული