ევრო 2016. E ჯგუფი. III ტურის წინ: ზლატანის ფინალური გაელვება?

AutoSharing Option
ჯგუფში თავი ქუდში მხოლოდ იტალიის ნაკრებს აქვს, თუმცა გუშინდელი ბატალიების შემდეგ მათ განწყობა შეეცვლებოდათ - ანტონიო კონტეს გუნდის ბრალი სულაც არ არის, რომ ესპანეთმა ხორვატიასთან წააგო და "სკუადრა აძურას" მეტოქედ მერვედფინალშივე წილად ხვდა.

მოკლედ, ერთი რამ უკვე ცხადია - წინა ევროპის პირველობის ფინალი აღარ გამეორდება, ფინალი უკვე მერვედფინალშია - იტალია ესპანეთის წინააღმდეგ.

დღეს ლილში "სკუადრა აძურა" მისთვის სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომტან მატჩს თამაშობს ირლანდიის წინააღმდეგ. ანტონიო კონტეს გუნდს პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

კონტე დიდ ცვლილებებს აპირებს, თითქმის მთელ შემადგენლობას გამოცვლის
(ალბათ, ბარძალის გარდა), ჯიჯი ბუფონსაც კი.

ურთიერთშეხვედრებში იტალიელებს უპირატესობა აქვთ - 7 თამაშიდან მათ 4 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და მხოლოდ 1 წააგეს. ის ერთი მარცხი კი უნდა გავიხსენოთ - 1994 წლის მუნდიალზე, ამერიკაში ირლანდიის ნაკრებმა "სკუადრა აძურა" 1:0 დაამარცხა. გავიხსენოთ ირლანდიისა და იტალიის ბოლო დაპირისპირებაც, რომელიც ლონდონში შედგა 2014 წელს - 0:0.

ანტონიო კონტე (იტალია): "არ მიმაჩნია, რომ რიგითი მატჩია, უსარგებლო - ირლანდიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა. ჩვენი გუნდი უკვე გასულია პლეი ოფში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბიჭებს მხოლოდ ერთი მიზანი ექნებათ - ფეხბურთის თამაში და გამარჯვება. იმიტომ, რომ მოგებას მოგება მოჰყვება.

შვედეთთან მატჩის შემდეგ, როცა ვნახე ბიჭების ვარჯიში, გადაწყვეტილება შევცვალე - ცვლილებები აუცილებლად იქნება. ირლანდიასთან თამაში უსარგებლო არაა, ამ შეხვედრას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ნაკრებისთვისაც. ნაკრებში არ არიან ძირითადის და სარეზერვო ფეხბურთელები, 23-ვე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია".

მარტინ ონილი (ირლანდია): "ექვსი თვის წინათ რომ ეთქვათ ჩემთვის, ბოლო ტურში მოიგებ და მერვედფინალში გახვალო, აუცილებლად კმაყოფილი ვიქნებოდი. ახლა ასეთი სიტუაციაა, მაგრამ უკვე არ ვარ კმაყოფილი. კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ თამაშზე ბოლო წამამდე, სანამ მსაჯი საფინალო სასტვენს ჩაბერავს. იტალიელები თავიანთ გეგმებზე მუშაობენ, მათ უკვე დაიმსახურეს პირველი ადგილი და ჩვენ არ ვაინტერესებთ. ალბათ, მეტოქის თავკაცი არ ათამაშებს ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც ყვითელი ბარათი მიღებული აქვს. რაც უნდა მოხდეს, იტალიის ნაკრებში ძალიან ბევრია მაღალი კლასის ფეხბურთელი".

* * *
შვედეთის ნაკრებმა უნდა მოიგოს, თუკი პლეი ოფში თამაში სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ბლაგულტი" ევროპის ჩემპიონატს ემშვიდობება. ამ შემთხვევაში სრულდება ერიკ ჰამრენის სანაკრებო კარიერა, მაგრამ ჰამრენს ვინ ჩივის, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თუ შვედეთი გავარდება, ეს იქნება მისი უკანასკნელი მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით. ასე რომ, მთელმა ნაკრებმა უნდა იბრძოლოს ჰამრენისთვის და იბრაჰიმოვიჩისთვის. ბელგიას კი ფრეც შესაძლოა ეყოს მიზნის მისაღწევად.

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "ზლატანი ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ძალიან ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა. ის ჩვენი შემტევი პოტენციალის მთავარი ძალაა, მაგრამ მარტო ვერ მოიგებს თამაშებს. გუნდურად უნდა ვითამაშოთ უკეთ პირველ რიგში. გადასაწყვეტია, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ თუ ფრთხილად ვიქნებით დაცვაში. ბელგიის ნაკრები სერიოზული მეტოქეა და თუ ყველა წინ გავვარდებით, აუცილებლად დაგვსჯიან. ამიტომ ბალანსის დაცვა აუცილებელია. ბიჭებს ვეუბნები, რომ მათ ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ, რომ თამაში მოიგონ და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვონ".

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "ზლატანი ძალიან სახიფათო იქნება, ის ხომ ისე ითამაშებს, როგორც კარიერაში უკანასკნელ მატჩში. მას ალბათ, სურს, რომ გაიბრწყინოს, მაგრამ ეს მაინც ჩვენს მცველებზე იქნება დამოკიდებული. ჩავთვალოთ, რომ ეს მატჩი ჩვენთვისაც ფინალურია და ისე ვითამაშოთ".

22 ივნისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
იტალია-ირლანდია 23:00
ტრავმა: კანდრევა (?) - უოლტერსი (?)
იტალია (სავარაუდო): სირიგუ - დე შილიო, ბარძალი, ოგბონა, დარმიანი - ბერნარდესკი, ტიაგო მოტა, სტურარო, ელ შაარავი - ძაძა, იმობილე
ირლანდია (სავარაუდო): რენდოლფი - კოულმენი, ო'ში, დაფი, ბრეიდი - ჰენდრიკი, უილანი, ქუინი, ჰულეჰანი - მერფი, ლონგი
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

22 ივნისი. ნიცა. "ალიანზ რივიერა"
შვედეთი-ბელგია 23:00
ტრავმა: ლუსტიგი (?) - დემბელე (?), ფერეირა-კარასკო (?)
შვედეთი (სავარაუდო): ისაკსონი - ლინდელიოფი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ოლსონი - ლარსონი, ეკდალი, ჩელსტრიომი, ფორსბერგი - ბერგი, იბრაჰიმოვიჩი
ბელგია (სავარაუდო): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ნაინგოლანი - მერტენსი, დე ბრუინი, აზარი - ლუკაკუ
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 2 2 0 0 3-0 6
2. ბელგია 2 1 0 1 3-2 3
3. შვედეთი 2 0 1 1 1-2 1
4. ირლანდია 2 0 1 1 1-4 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული