ევრო 2016. F ჯგუფი. ისლანდია-ავსტრია: ისლანდიამ სასწაული სრულყო! [VIDEO]

AutoSharing Option
* ისლანდიის ნაკრებმა ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატებზე და მერვედფინალშიც გავიდა.
* ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე 6 მატჩია, არ მოუგია - 2 ფრე და 4 წაგება.
* ევრო 2016-ზე მორიგი პენალტი გაფუჭდა - ალექსანდარ დრაგოვიჩმა ვერ გაიტანა.
* ისლანდიამ ჯგუფის არც ერთი მატჩი არ დათმო, არადა, არც ერთ შეხვედრაში არ ჰქონია ბურთის ფლობა 40%-ზე მეტი.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო - ავსტრიელები ბოლო ტურში ტურნირის აღმოჩენასთან, ისლანდიის ნაკრებთან დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
ისლანდია კი, ყველასათვის მოულოდნელად, მერვედფინალში გავიდა. თანაც, ისლანდიის ნაკრებმა, მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა!

აღსანიშნავია, რომ კარი არნასონმა, იოჰან გუდმუნდსონმა და ბირკირ ბიარნასონმა ეროვნულ ნაკრებში თავიანთი 50-ე მატჩები ჩაატარეს. ისლანდიის ნაკრები მერვედფინალურ მატჩს ორშაბათს, 23:00-ზე, ნიცაში გამართავს და ამ გუნდის მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება.

სასტარტო შემადგენლობები
ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე ზუსტად ის შემადგენლობა გაიყვანა, რომელმაც წინა ტურში უნგრეთთან ფრე (1:1) გაახერხა. ავსტრიის ნაკრებს დისკვალიფიკაციამოხდილი დრაგოვიჩი დაუბრუნდა, ძირითადი შემადგენლობიდან კი ჰარნიკი ამოვარდა.

გოლები
1:0 - ბიოდვარსონი (18): გუნარსონის გრძელი აუტის შემდეგ არნასონმა ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გადაგზავნა, სადაც ბიოდვარსონმა ის ძალიან კარგად მიიღო და დაახლოებით 8 მეტრიდან დალაშქრა ალმერის კარი.

1:1 - შიოპფი (60): ალაბამ ისლანდიელთა კარიდან 20 მეტრში შიოპფს დაუგორა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით ჰალდორსონს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2:1 - ტრაუსტასონი (94): ავსტრიის ნაკრები მთელი გუნდით შეტევაზე იყო გადასული და ისლანდიას ბოლო წამებზე მშვენიერი კონტრშეტევის შანსი მიეცა, რომელიც ტრაუსტასონმა გამარჯვების გოლით დააგვირგვინა.

მატჩის შემდეგ
ლარს ლაგერბაკი (ისლანდია): "ფანტასტიკური შედეგი გვაქვს, უბედნიერესი ვარ! პირველ ტაიმში ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მეორე ნახევარში კი ძველებურად, მხოლოდ ბრძოლაზე გადავედით. მერვედფინალიდან ყველა მეტოქე განსაკუთრებით ძლიერია, ინგლისთან შეხვედრა კი, უბრალოდ, ძალიან მახარებს და მომწონს. ახლა ოთხი დღე გვაქვს იმისათვის, რომ კარგად დავისვენოთ - წინ უფრო მძიმე და მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის".

მარსელ კოლერი (ავსტრია): "სამივე თამაში ცუდად ჩავატარეთ, ისლანდიასთან კი, სულაც მხოლოდ მეორე ტაიმში მოვედით აზრზე. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებების მიღწევა ადვილი არც არის, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, მეტი შეგვეძლო".

- ისლანდიელი კომენტატორი გამარჯვების გოლზე, უბრალოდ, გაგიჟდა [VIDEO]

მატჩის გმირი
მატჩი არ იყო დიდად ინტენსიური და თუ რომელიმე ფეხბურთელი გამორჩევას და საუკეთესოს წოდებას იმსახურებს, პირველ რიგში, ისლანდიის ნაკრების მეკარე ჰანეს ჰალდორსონი. მან ექვსი სახიფათო მომენტი განმუხტა და ავსტრიას თამაშის მოგების საშუალება არ მისცა.

მსაჯი
შეხვედრის პოლონელმა არბიტრმა სიმონ მარჩინიაკმა 28-ე წუთზე დაუშვა შეცდომა, როცა არნაუტოვიჩისა და არნასონის ორთაბრძოლა საკადრისად არ შეაფასა. ავსტრიის ნაკრების წინახაზელი იდაყვის უშნო მოქნევისთვის მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა. სხვა მხრივ, პოლონელ მსაჯს შეცდომები არ ჰქონია.

ანალიზი
პორტუგალიასთან შეხვედრისგან განსხვავებით, ავსტრიის ნაკრებმა გაცილებით უფრო შემტევი ტაქტიკა აირჩია. კოლერმა თამაში სამი მცველით (ჰინტერეგერი, პრიოდლი, დრაგოვიჩი) დაიწყო და ამასთან, გარემარბები, ფუხსი და კლაინიც უმეტესად ძალიან წინ მოქმედებდნენ. ასე გამოუვიდა ავსტრიის ნაკრებს 3-4-3 ტაქტიკური სქემა, სადაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დავიდ ალაბა (!!!) ვიხილეთ, ფლანგებზე კი - არნაუტოვიჩი და ზაბიტცერი.

თუმცა ავსტრიის ნაკრებს ამ ტაქტიკური სქემის კარგად შესრულება უჭირდა. მაგალითად, ფუხსი მარცხენა ფრთაზე ვერაფრით გაერკვა, რა დროს როგორ უნდა მოქცეულიყო და ხან შეტევაში რჩებოდა და ხანაც ასვლას აგვიანებდა. ამოვარდნილი იყო დავიდ ალაბაც - განსაკუთრებით, პირველმა ტაიმმა ჩაიარა მის გარეშე.

თავი დავანებოთ იმას, რომ ბურთი თითქმის არ ჰქონდა - როცა ჰქონდა, მაშინაც ძალიან ნერვიულად გამოიყურებოდა და უჩვეულოდ ბევრი არაზუსტი პასი გააკეთა. პრინციპში, ეს ყველაფერი დიდად არც გვიკვირს, რადგან დავიდ ალაბა ყველაფერია - გარდა ცენტრალური თავდამსხმელისა.

პირველ რიგში, ის მარცხენა მცველია, თუმცა საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობების შესრულებაც ყოველთვის ეხერხებოდა. "ბაიერნში" გვარდიოლა ალაბას ცენტრალური მცველის რანგშიც იყენებდა. ავსტრიის ნაკრებში ბოლო დროს გამთამაშებელი იყო ხოლმე, ახლა კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესეს და მისგან ბატისტუტობაც მოითხოვეს...

ისლანდიის ნაკრებს ამ მატჩამდე, ევროპის ჩემპიონატზე ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა (28%) და ავსტრიასთან თამაშის პირველ ტაიმში 45 პროცენტი ჰქონდა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ავსტრიის უკანა, შუა და წინა ხაზებს შორის ზედმეტად დიდი დისტანციები იყო. მცველებს ნახევარმცველებთან არ ჰქონდათ ჯეროვანი კავშირი, ნახევარმცველებს კი - თავდამსხმელებთან.

იანკოსა და შიოპფის მოედანზე გამოჩენის შემდეგ ალაბამ ერთი რიგით უკან დაიხია, უკვე კლასიკური 8 ნომრისა და კლასიკური 10 ნომრის ნაზავად მოგვევლინა. შესაბამისად, ბაიერნელი თამაშში უფრო აქტიურად ჩაერთო და ავსტრიის ნაკრებსაც მეტად წაადგა. თუმცა ამან შედეგი მაინც არ გამოიღო.

დასკვნა
ისლანდიელებმა ისევ მაგრად იბრძოლეს, მაგრამ გაუმართლათ კიდეც. ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელები კი, უბრალოდ, ძალიან გვიან გამოფხიზლდნენ. ისლანდიის ნაკრები საყოველთაო დაფასებას და აღიარებას იმსახურებს - ის, რაც ამ პატარა ქვეყნის დიდმა ნაკრებმა გააკეთა, ნამდვილად სასწაული და კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს.

whoscored.com-ის ტოპ-5
კარი არნასონი ისლ. 8,4
ალესანდრო შიოპფი ავს. 7,6
დავიდ ალაბა ავს. 7,6
იონ ბიოდვარსონი ისლ. 7,4
კრისტიან ფუხსი ავს. 7,3

22 ივნისი. პარიზი. "სტად დე ფრანსი"
ისლანდია-ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 ბიოდვარსონი (18. არნასონი), 1:1 შიოპფი (60. ალაბა), 2:1 ტრაუსტასონი (94. ბიარნასონი)
ისლანდია (4-3-1-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, ა. სკულასონი - გუდმუნდსონი (86. ინგასონი), გუნარსონი, გ. სიგურდსონი - ბ. ბიარნასონი - ბიოდვარსონი (72. ტ. ბიარნასონი), სიგტორსონი (80. ტრაუსტასონი).
ავსტრია (3-4-3): ალმერი - პრიოდლი (46. შიოპფი), დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი - კლაინი, ბაუმგარტლინგერი, ილსანკერი (46. იანკო), ფუხსი - ზაბიტცერი (78. იანტშერი), ალაბა, არნაუტოვიჩი.
შენიშვნა: დრაგოვიჩმა (ავსტრია) 37-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაფრთხილება: ა. სკულასონი, სიგტორსონი, არნასონი, ჰალდორსონი - იანკო
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11(3)-23(7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 68 714

თ მ ფ წ ბ ქ
1. უნგრეთი 3 1 2 0 6-4 5
2. ისლანდია 3 1 2 0 4-3 5
3. პორტუგალია 3 0 3 0 4-4 3
4. ავსტრია 3 0 1 2 1-4 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული