ევრო 2016. 1/8-ფინალი. ხორვატია-პორტუგალია: მძიმე მატჩი დრამატული ფინალით [VIDEO]

AutoSharing Option
* როგორც 90 წუთის განმავლობაში, ისე პირველი დამატებითი ტაიმის შემდეგაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო კარში ზუსტი დარტყმა.
* ნანი გახდა მე-4 ფეხბურთელი, ვინც პორტუგალიის ნაკრებში მე-100 მატჩი ითამაშა.
* წაგების მიუხედავად, დარიო სრნას სტატისტიკა შთამბეჭდავია - 14 ჩაწოდება და 6 შანსის შექმნა. კაპიტანმა მოიგო 5 ორთაბრძოლა მიწაზე და ხუთი - ჰაერში.
* პორტუგალიის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ მეექვსედ გააღწია მეოთხედფინალში. ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2004 წლის ჩემპიონატი, როცა პორტუგალიამ ფინალში ითამაშა.

ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე
გავიდა და უკან თვით ესპანეთის ნაკრები მოიტოვა. პორტუგალიამ მერვედფინალს გამარჯვების გარეშე უწია, რადგან მხოლოდ სამ ფრეს გამორჩა და მესამე ადგილით გააღწია პლეი ოფში. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ მატჩის წინ ფავორიტად ანტე ჩაჩიჩის გუნდი იყო მიჩნეული.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ანტე ჩაჩიჩმა ტრადიციას არ უღალატა და გუნდი ისევ 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი იყო, უკნიდან კი მას მარსელო ბროზოვიჩი, ივან რაკიტიჩი და ივან პერიშიჩი ეხმარებოდნენ. საყრდენი ხაზი მილან ბადელიმ და ლუკა მოდრიჩმა გაამაგრეს - პირველი უფრო ჩაშლაზე იყო ორიენტირებული, ხოლო მეორე შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩაჩიჩს კრამარიჩის და კალინიჩის სახით მაღალი კლასის ფორვარდები ჰყავს, შეტევაში ერთბაშად ორი თავდამსხმელის გამწესება ვერაფრით გარისკა.

ჩაჩიჩის არ იყოს, კრიტიკა არც პორტუგალიელთა თავკაც ფერნანდო სანტუშს აკლია, რომელიც გუნდს 4-4-2 ტაქტიკით ათამაშებს და არავინ ჰყავს ცენტრფორვარდის პოზიციაზე. შეტევის წინა ხაზზე მუდმივად ნანის და კრიშტიანო რონალდოს ათამაშებს, რომლებსაც კლასიკურ ფორვარდებს ვერ დავარქმევთ და ისინი უფრო ფლანგზე გრძნობენ თავს კომფორტულად.

პორტუგალიას ჰყავს ედერი, რომელსაც შეუძლია ცენტრფორვარდად თამაში და თუ მას ფრთებიდან რონალდო და ნანი დაეხმარებიან, წესით, პირენეელთა შეტევა უფრო სახიფათო უნდა გახდეს, მაგრამ სანტუშს თავისი ხედვა აქვს და ის 4-4-2-ს ეყრდნობა. ამჯერადაც, წინ ნანი და რონალდო იყვნენ, უკან კი დანარჩენები...

გოლი
0:1 - მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი 117-ე წუთზე გავიდა. თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ხორვატები მასირებულ იერიშზე გადავიდნენ და ორჯერ შეეძლოთ გოლის შეგდება, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში შესცოდეს, რისთვისაც მწარედ დაისაჯნენ. პორტუგალიელთა კონტრშეტევა 18 წლის რენატო სანჩესმა დაიწყო, რასაც ნანის შესანიშნავი პასი მოჰყვა, კრიშტიანო რონალდო კი მეკარესთან პირისპირ დარჩა - პორტუგალიელთა ლიდერს მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე რიკარდო კუარეჟმამ ივარგა და გამარჯვების გოლი თავით შეაგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გოლი დაგვაკლდა და შედეგად, დავმარცხდით. პორტუგალია მთელი 120 წუთის განმავლობაში კონტრშეტევაზე თამაშობდა, ჩვენ კი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში და ისიც გოლი გამოდგა. ფეხბურთში ყოველთვის ვერ იგებს საუკეთესო და ამჯერადაც ასე მოხდა. ჩვენ უფრო აგრესიულად ვთამაშობდით, მაგრამ პორტუგალია დაცვაში კარგად იდგა და უნდა შევაქოთ მეტოქე. ეს თამაში რომ მოგვეგო, შემდეგ უფრო იოლი კალენდარი გვექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია".

ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "ეს იყო ტაქტიკური დაპირისპირება, რომელშიც საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ. თავიდან ბურთზე კონტროლის დაწესება გვსურდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ გამოგვივიდა, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვმოქმედებდით და სწორედ ამან გაამართლა. ხორვატია უმაღლესი კლასის გუნდია, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად იყო მიჩნეული. კარგია, როდესაც გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ხანდახან უფრო პრაგმატული უნდა იყო, რომ წარმატებას მიაღწიო. იღბალი ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ ვიმსახურებდით გამართლებას, წინ კი პოლონეთთან ურთულესი მატჩი გველის".

მატჩის გმირი
მატჩის 50-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პორტუგალიის ნაკრებში პირველი ცვლილება მოხდა და ანდრე გომეშის ნაცვლად, მოედანზე რენატო სანჩესი გამოჩნდა, 18 წლის ნახევარმცველი, რომლის სანაცვლოდაც მიუნხენის "ბაიერნმა" 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

სანჩესი იყო ყველგან, სადაც მის გუნდს სჭირდებოდა და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც აღვნიშნეთ, რენატომ გოლშიც შეიტანა წვლილი, რადგან კონტრშეტევა სწორედ მან დაიწყო. სანჩესი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და არც ტექნიკა დაეწუნება, "ბაიერნში" კი, წესით, დიდ ფეხბურთელად უნდა ჩამოყალიბდეს. განვლილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ სანჩესი უნდა დავასახელოთ.

ანალიზი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი ვიხილეთ. 117 წუთის განმავლობაში არც ერთ გუნდს კარში ზუსტად არ ჰქონდა დარტყმული, მატჩი კი ისე ჩამთავრდა, რომ ხორვატებმა ეს ვერც მოახერხეს. სამაგიეროდ, პორტუგალიელებმა დაარტყეს, გაიტანეს და მოიგეს კიდეც პაექრობა.

თუ ბოლო 3-4 წუთს არ ჩავთვლით, მთელი თამაში ნელ ტემპში წარიმართა, მომენტები კი, პრაქტიკულად, არ შექმნილა. მცველები სჯობდნენ შემტევებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ინდივიდუალისტების ნაკლებობას არც ერთი გუნდი არ უჩივის - ერთ მხარეს მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი და მანჯუკიჩი; მეორე მხარეს - ნანი და კრიშტიანო რონალდო; ამ ფონზე კი ასეთი ჩაკეტილი, მძიმე და უსახური თამაში მართლაც მოულოდნელი იყო.

ბურთს უფრო ხშირად ხორვატები ფლობდნენ, მაგრამ შედეგი ამას არ ჰყოლია და დიდად არც პორტუგალიელთა კონტრშეტევები იყო სახიფათო. სამაგიეროდ, ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ჯარიმები. მოკლედ, თუ გოლს არ ჩავთვლით, სათქმელი და მოსაყოლი ბევრი არაფერია...

მსაჯი
მატჩს ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო ემსახურებოდა და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები საკმაოდ ბევრჯერ დაჯარიმდნენ და ზოგადად, ხისტად თამაშობდნენ, მხოლოდ ერთხელ ამოიღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ლოიალური მსაჯობაა და როგორც ჩანს, ეს უეფას მითითებაა.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალშია, ამ გუნდის რეალური ძალა ჯერ კიდევ არ გვინახავს და ჩემპიონატის ბადეც ისე დალაგდა, რომ ვინ იცის, იქნებ ფინალამდე ვერც ვნახოთ. რაც შეეხება ხორვატიას, ამ გუნდმა აშკარად გააწბილა გულშემატკივარი და ერთი უსახური თამაშით ხაზი გადაუსვა იქამდე ნაჩვენებ საკმაოდ კარგ ფეხბურთს.

whoscored.com-ის ტოპ-5
დარიო სრნა ხორ. 8,4
ლუკა მოდრიჩი ხორ. 8,2
ვედრან ჩორლუკა ხორ. 7,6
სედრიკ სოარეში პორ. 7,6
მარსელო ბროზოვიჩი ხორ. 7,6

25 ივნისი. "სტად ბოლარ დელელისი"
ხორვატია-პორტუგალია 0:0 (დ.დ. 0:1)
გოლი: 0:1 კუარეჟმა (117. რონალდო)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა (120. კრამარიჩი), ვიდა, სტრინიჩი - მოდრიჩი, ბადელი - ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (110. პიაცა), პერიშიჩი - მანჯუკიჩი (88. კალინიჩი)
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ჟოაო მარიო (87. კუარეჟმა), ადრიენ სილვა (108. პერეირა), ვ. კარვალიო, ანდრე გომეში (50. სანჩესი) - ნანი, რონალდო
გაფრთხილება: - ვ. კარვალიო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-28; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-5 (0-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 33 523

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული