"სამგურალი" გასვლაზე, მცხეთაში კარგა ხანს გაუძალიანდა პირველადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" და მხოლოდ 81-ე წუთზე მოახერხა მცველმა გიორგი გეთიაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ხაზგასასმელია, რომ პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ვეკუამ პენალტი ვერ გამოიყენა.
თელავში ადგილობრივი გუნდისა და "ნორჩი დინამოს" შეხვედრა 1:2 დასრულდა. ანგარიში 34-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ გახსნა
ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრამ" 2:0 მოუგო ბათუმის "დინამოს", რომელიც სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ზედიზედ 4 მოგების შემდეგ "ცხინვალთან" წააგო. ამჯერად კი გია გეგუჩაძის შეგირდებს "გაგრამ" სძლია. პირველი გოლი "გაგრას" ლიდერმა რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე - თორნიკე გაფრინდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მე-11 წუთზე "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.