ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

AutoSharing Option
ჩათავდება ეს ტური და ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება: საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ხომ სექტემბრის დასაწყისში ოფიციალური მატჩები ელოდებათ! დღესდღეობით, ძალიან ძნელია იმის თქმა, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე რამდენ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2 და 5 სექტემბერს ერთმანეთზე ურთულესი ორი მატჩი ელოდება ირლანდიასა და ავსტრიასთან.

სამაგიეროდ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ბირთვი სწორედ ჩვენს ჩემპიონატში გამოდის და ისიც უნდა ვთქვათ, რომ "საბურთალოში", თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივში" მოასპარეზე ეს ფეხბურთელები ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭები არიან. ანუ საქართველოს ჩემპიონატშიც საკმარისზე მეტნი არიან
სანაკრებოდ საინტერესო ფეხბურთელები...

სანაკრებო პაუზის წინ დანიშნული ტური სამდღიანია და რამდენიმე მართლაც საინტერესო დაპირისპირების მოლოდინიც გვაქვს: ერთგან ძველი მეტოქეები ხვდებიან ერთმანეთს, მეორეგან - რეგიონული დერბია, მესამეგან - უშუალო კონკურენტები ხვდებიან ერთმანეთს და ასე შემდეგ...

25.08. ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =0-1, 9-3
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩიკვაიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - ჩიხურა) - ლუკა ლაკვეხელიანი, თორნიკე თარხნიშვილი (ორივე - საბურთალო)
I-II წრე 2:1, 2:1

ივანწმინდაში საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს: "ჩიხურა" და "საბურთალო" სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან და IV ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. თუმცა, ამ ტურს მეტოქეები აშკარად სხვადასხვა განწყობით ხვდებიან: "ჩიხურამ" წინა ტურში გამანადგურებელი ანგარიშით (0:5) წააგო თბილისის "დინამოსთან" და საჩხერელთა გუნდი ყველა ვარიანტში შეეცდება რეაბილიტაციის მოხდენას.

სხვა საკითხია, თუ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი: "ჩიხურა" ხომ არამხოლოდ III წრეში, საერთოდაც მთელი სეზონის განმავლობაში ერთობ არასტაბილურად ასპარეზობს!

სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "საბურთალოში": გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო ოთხი მატჩი წაუგებლად ჩაატარა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ისე, "საბურთალოს" მხოლოდ ერთხელ ჰყავს საქართველოს ჩემპიონატში "ჩიხურა" დამარცხებული და ეს მოხდა ამ გუნდების სულ პირველ დაპირისპირებაში (2015/16 წლების სეზონში), - იმის მერე მუდამ საჩხერელთა გუნდი იმარჯვებდა...

25.08. ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00
შუქურა-ლოკომოტივი
ურთიერშეხვედრები
6: +2 =2 -2, 6-8
დისკვალიფიკაცია: გიორგი კახელიშვილი (შუქურა) - რევაზ ჩიტეიშვილი (ლოკომოტივი)
I-II წრე 0:5, 3:0

"ლოკომოტივს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რეალურად რომ შეუძლია იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. მართალია, მესამე ადგილთან ჩამორჩენა დღესდღეობით 8 ქულაა, მაინც გვგონია, რომ გიორგი დევდარიანის შეტევაზე ორიენტირებული გუნდისათვის ეს სხვაობა პრობლემა არ უნდა იყოს, ოღონდ ამ შემთხვევაშიც ძალზე აქტუალური იქნება სტაბილურობის ფაქტორი: "ლოკომოტივის" წარმატებული სერიები რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, მით უფრო გაიზრდება საბოლოო წარმატების შანსიც.

ეროვნული ლიგის აუტსაიდერთან მატჩს "ლოკომოტივი" ზედიზედ 2 მოგებით და, რაც მთავარია, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ეს კი ამ გუნდის შანსებს ზრდის იმ მეტოქესთან, რომელსაც დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს: III წრეში "შუქურა" აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩემპიონატის პირველ ნახევარში და ეს ყველაფერი, თამაშის ხარისხის გარდა, შედეგებზეც მეტ-ნაკლებად აისახა.

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა; რაც შეეხება მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩებს, I წრეში, სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში "ლოკომოტივმა" ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის "დუბლებით" და ნოდარ ქავთარაძის გოლით, დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.

აი, II წრის მატჩი კი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად: "შუქურამ" სტუმრად შეძლო ერთ-ერთი ლიდერის დამარცხება და თანაც, ის სამბურთიანი უპირატესობა პირველ ტაიმშივე მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი შაშიაშვილის პირველი მატჩი და აი, ასეთი წარმატებული დებიუტიც შედგა! აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ეს იყო "შუქურას", საერთოდ, პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში...

26.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:30
სამტრედია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
34: +9 =6 -19, 33-64
I-II წრე 0:2, 1:2

ამ ტურის, უდავოდ, ცენტრალური დაპირისპირება! იმის გარდა, რომ "იმერული დერბია", ეროვნული ლიგის ამ ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ერთმანეთს II და III ადგილებზე მყოფი გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ: "სამტრედიასაც" და "ტორპედოსაც" რეალობაზე დაფუძნებული საჩემპიონო ამბიციაც გააჩნიათ!..

ამ იმერულ დერბის მოქმედი ჩემპიონი მართლაც მშვენიერი სერიით ხვდება: გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიას" ჩემპიონატში უკვე რვა მატჩია არ წაუგია. ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ბოლო მარცხი... "ტორპედოსთან" განიცადა და საერთოდაც, მიმდინარე სეზონში, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ქუთაისელთა გუნდმა უკვე სამჯერ მოუგო მოქმედ ჩემპიონს (ორჯერ - ჩემპიონატში, ერთხელაც - თასზე).

მოკლედ, მართლაც საინტერესოა, შეძლებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი "ტორპედოსთან" ბოლოდროინდელ დაპირისპირებებში ნავსის გატეხასაც და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილში მიახლოებასაც.

არანაკლებ საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა "სამტრედიის" შეტევების ახალი ლიდერის, ნიკა საბანაძის წარმატებული საგოლე სერია; არადა, ნიკა საბანაძე I-II წრეში სწორედ "ტორპედოში" თამაშობდა და I წრეში სამტრედიაში წვიმიან ამინდში ჩატარებულ მატჩში ლომის წილი დაიდო... "სამტრედიის" დამარცხებაში: გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა!..

26.08. ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00 (LIVE "აჭარაზე")
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერშეხვედრები
52: +7 =8 -37, 44-108
დისკვალიფიკაცია: ზურაბ არზიანი (დინამო ბთ)
I-II წრე 0:1, 0:4

ტურის კიდევ ერთი მატჩი იწვევს დიდ ინტერესს და ამ შემთხვევაში, სულაც არა აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, დღესდღეობით რომელ ადგილზე იმყოფებიან მეტოქეები! ძველი მოწინააღმდეგეების პაექრობა ხომ ისედაც საინტერესოა, უფრო მეტი ინტრიგა კი ის უნდა იყოს, რომ ამ ორი "დინამოს" დაპირისპირება ბათუმში უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს ქობულეთში ატარებდა, 3 წლის წინათ კი თბილისის "დინამოს"... ზესტაფონში "მასპინძლობდა". და აი, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ამ გუნდების მატჩი ბათუმში გაიმართება და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ანშლაგი იქნება შაბათ საღამოს ბათუმის "რაგბი არენაზე"...

სატურნირო მნიშვნელობაზეც უნდა ვთქვათ: ბათუმის "დინამომ" წინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა აჭარულ დერბიში და მეტ-ნაკლებად კომფორტული სხვაობით დაშორდა პლეი-აუტის ზონას.

თბილისის "დინამო" კი, III წრეში საკუთარ მოედანზე მართლაც არავის ინდობს, სამაგიეროდ, გასვლაზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ("ლოკომოტივთან" და "საბურთალოსთან") მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. თუმცა, კახა კაჭარავას გუნდის საჩემპიონო შანსები კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და გარკვეული საკადრო პრობლემების მიუხედავად, სწორედ თბილისის "დინამოა" ეროვნული ლიგის უმთავრესი ფავორიტი!

მასპინძლებს მეტოქის არაერთი ფეხბურთელის ნეიტრალიზებაზე სერიოზული ფიქრი მოუწევთ: 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც მშვენიერ ფორმაშია და ახალწვეული, 20 წლის აკაკი შულაიაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ბექა მიქელთაძეზე - 19 წლის შემტევმა III წრეში ჩატარებულ ხუთივე მატჩში შეძლო გოლის გატანა! ისე, როგორც ბათუმის "დინამოს" გაუტანა გოლ(ებ)ი მიმდინარე სეზონში გამართულ ორივე მატჩში...

27.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 20:30 (LIVE "I არხზე")
დილა-კოლხეთი
50: +22 =9 -19, 50-55
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა) - ერიკ ოტიენო (კოლხეთი)
I-II წრე 1:1, 0:0
უქმეების დასკვნითი მატჩიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს: ორივე გუნდი ვერაფრით ახერხებს პლეი-აუტის ზონის დატოვებას და წარუმატებელი სერია კვალავაც რომ გაგრძელდეს, შესაძლოა, "შუქურამაც" გადაასწროთ. თავად განსაჯეთ: "დილამ" ზედიზედ 6 მატჩი წააგო ჩემპიონატში და გორელთა გუნდის ეს მართლაც წარუმატებელი სერია უკვე ორ თვეზეა მეტია, რაც გრძელდება...

თავის უშუალო კონკურენტს არც "კოლხეთი" ჩამორჩება: ფოთელთა გუნდს ჩემპიონატში უკვე 9 მატჩია არ მოუგია და ასეთი წარუმატებელი სერია უკვე სამი თვეა გრძელდება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იქნებიან ორივე გუნდის ფეხბურთელები, რომ აღარაფერი ვთქვათ მთავარ მწვრთნელებზე - გიორგი დარასელიასა ("დილა") და გელა სანაიაზე ("კოლხეთი").

ძველი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში მცირე უპირატესობა "დილას" აქვს, თანაც, გორელთა გუნდს "კოლხეთთან" ჩემპიონატის მატჩი 2005 წლის მერე არ წაუგია...

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 18
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოლხეთიდან სანაია წავიდაო,ეგ მაშინ უნდა გაეშვათ როცა მეორე წრის ბოლოს თქვა ისეთი პირი უჩანს პლეიაუტში მოგვიწევს თამაშიო,წინ კი ორი სრული წრე იკო სათამაშო.მშვენიერი ლეგიონერებიც,უბრალოდ ვერ ააწკო გუნდი.მეშინია გვიანი არ იკოს ეს ცვლილება
barbare
14:26 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული