14:06 11-09-2017
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
AutoSharing Option
სტადიონის სანქციის გამო თამაშს მაყურებელი არ ჰყავდა. დისკვალიფიკაციის გამო "ლოკომოტივს" ლაშა გვალია გამოაკლდა, ხოლო ირაკლი კომახიძესა და მამია გავაშელიშვილს ტრავმები აწუხებდათ.
მატჩამდე "დილაში" ცვლილებები მოხდა - ეროვნულ ლიგაში წლეულს ყველაზე აქტიური მიდი-მოდი გორელებს ჰქონდათ, თუმცა... სიერალეონელი ნახევარმცველი სალიუ ტარავალიე და "ნიუ-იორკ კოსმოსიდან" დიდი რეკლამით ჩამოყვანილი განელი ჰალიფ ალჰასანი გუნდს უკვე დაემშვიდობნენ...
გორელები სავალალო მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და "დილას" მფლობელებმა, გასაძლიერებლად, გუნდში თენგიზ წიქარიძე დააბრუნეს. ეს ამბავი მოულოდნელი იყო, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველი ისრაელის მეორე ლიგის კლუბ ფეთახ-თიკვას "ჰაპოელში" ერთწლიანი იჯარით ივნისში გაანათხოვრეს. წიქარიძე უკვე გორშია და გუნდთან ერთად ემზადება.
"დილას" შეუერთდა გოგიტა გოგატიშვილიც. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს მინსკის "დინამოში" თამაშობდა, საქართველოში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ექვსივე გოლი თბილისელებმა გაიტანეს, მაგრამ... ორი - საკუთარ კარში. "ლოკომოტივი" ვატო არველაძემ დააწინაურა - ეს 19 წლის ფორვარდი ტურიდან ტურამდე სულ უფრო თავდაჯერებული ხდება და გუნდის საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება.
ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა დავით უბილავამ, რომელიც ერთ-ერთი საიმედო და სტაბილური მარცხენა მცველია. ის შეტევებში ხშირად ერთვებოდა და პირველი ორი საგოლე შეტევაც უშუალოდ მისი წამოწყებული იყო. ამას გარდა, მან კიდევ ორი უმწვავესი შეტევა განავითარა...
და კიდევ: გიორგი გოროზიამ და ლუკა კიკაბიძემ, "ლოკომოტივში" დაბრუნების შემდეგ, ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანეს. პლუს ამას, გოროზიამ საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სხვათა შორის, 10 კაცით დარჩენილმა "დილამ" მეორე ტაიმი 2:1 მოიგო და ბოლოს ისე გაიბრძოლა, თბილისელებს დაბნეულობაც დაეტყოთ. თუმცა უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს და საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვეს.
გიორგი დევდარიანის გუნდმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, 42 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზეა. გორელებმა კი მდგომარეობა მეტისმეტად გაირთულეს.
მატჩის სტენოგრამა
3' - დავით უბილავას ფლანგური გადაცემა. კარის წინ მშვენივრად გაიხსნა ვატო არველაძე, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
6' - გოლი! ფლანგიდან უკვე ნოდარ ქავთარაძემ შეუტია. არველაძემ ბურთი გიორგი გოროზიას გაუთამაშა და კარის წინ დარჩენილმა ახლოდან გაიტანა - 1:0.
15' - ისევ უბილავას ფლანგური გარღვევა. ამჯერად, სახიფათო დისტანციიდან სიხარულიძემ დაარტყა. მიხეილ მუჯრიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
19' - საჯარიმო დერეტიმ შეასრულა. ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა.
23' - გოლი! ისევ უბილავას ფლანგური ჩართვა. მან კარის წინ ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ გოროზიას უპასა და გორელთა კარის ბადე მეორედ შეირხა - 2:0.
31' - ქავთარაძე საჯარიმოში სახიფათოდ შეიჭრა და დაარტყა. მუჯრიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
35' - დავით კირკიტაძის სახიფათო შეტევის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა კარს.
43' - ნოდარ ქავთარაძის სახიფათო კონტრშეტევა გილერმე მორასმა წესის დარღვევით შეაჩერა. არბიტრმა გორელთა მცველი მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევა.
45' - გოლი! გიორგი რეხვიაშვილის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გეგა დიასამიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და - 3:0.
48' - დიასამიძე ეფექტურად გასცდა ლექსო კვახაძეს, მერე მეკარე მუჯრიშვილს და მახვილი კუთხიდან კარის წინ სიხარულიძეს უპასა. სტუმრები გოლისგან კარის ხაზზე მყოფმა ალიუ აბუბაკარმა იხსნა.
50' - არველაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა სიხარულიძე, რომელმაც რეალური საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა.
54' - ავტოგოლი! კუთხური ირაკლი ძარიამ შეასრულა. მეკარის საჯარიმოსთან თავით შეუცვალა მიმართულება ბურთს ოთარ კუსიანმა, რომელიც მამუკა კობახიძეს მოხვდა და კარში შევარდა - 3:1.
69' - ულამაზესი გოლი! გოროზია-ქავთარაძის სწრაფი კონტრიერიში ლუკა კიკაბიძემ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა - 4:1.
78' - უბილავას მორიგი ფლანგური შეტევა: საჯარიმოში ლუკა ვარძელაშვილი გათავისუფლდა და ძლიერად დაარტყა. "დილა" მეკარემ გადაარჩინა.
85' - ავტოგოლი! კირკიტაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში ფლავიო ნუბიომ დაარტყა, გოგიტა გოგატიშვილმა თევდორაძეს ხელი შეუშალა, ამ უკანასკნელს ბურთი ხელიდან გაუვარდა და 4:2.
87' - კუთხური. თევდორაძეს ხელი უკვე ფლავიო ნუბიომ შეუშალა, კარის წინ მყოფმა ლექსო კვახაძემ კი დაარტყა და მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ეროვნული ლიგა. XXV ტური
09.09. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). უმაყურებლოდ
ლოკომოტივი-დილა 4:2
გოლები: 1:0 არველაძე (6. გოროზიას პასით), 2:0 გოროზია (23. სიხარულიძის პასით), დიასამიძე 3:0 (45. რეხვიაშვილის პასით), 3:1 კობახიძე (54-საკ. კარში), 4:1 კიკაბიძე (69. ქავთარაძის პასით), 4:2 რ. თევდორაძე (85-საკ. კარში)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ჭანტურია, კობახიძე (73. ლ. ქურდაძე), რეხვიაშვილი, უბილავა - გოროზია (71. ვარძელაშვილი), დიასამიძე, სამურკასოვი - ნ. ქავთარაძე, სიხარულიძე, არველაძე (58. კიკაბიძე).
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ანდრონიკაშვილი, ხიდაშელი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დილა (4-2-3-1): მუჯრიშვილი - სოფრომაძე, კვახაძე, აბუბაკარი, მორასი - რაზმაძე, ძარია (67. ნონიკაშვილი) - კირკიტაძე, დერეტი (46. გოგატიშვილი), ფლავიო - ფანცულაია (51. კუსიანი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუსიანი, ნონიკაშვილი, აშორტია, პედრინიო, მოდებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: აბუბაკარი (17), მორასი (30)
გაძევება: მორასი (43)
არბიტრი: ბ. ნინუა
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10
მომდევნო ტური
16 სექტემბერი, შაბათი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო
17 სექტემბერი, კვირა
ჩიხურა-კოლხეთი
შუქურა-დილა
დინამო (თბ)-საბურთალო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული