გია ცეცაძე - ახალი გამოწვევის მოლოდინში

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში 3 წრე ისე ჩამთავრდა, გარკვეულ კანონზომიერებას რომ ექვემდებარებოდა სატურნირო ცხრილი. ანუ, როგორც სეზონის წინ ვვარაუდობდით, ზუსტად ისე მიმდინარეობს ეროვნული ლიგის გათამაშება და ზედა ექვსეულშიც სწორედ ის გუნდები არიან, ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლა რომ ვუწინასწარმეტყველეთ.

9 გადაადგილება
...აქედან გამომდინარე, ის ფაქტიც ლოგიკურად მიგვაჩნდა, რომ განვლილი სამი წრის განმავლობაში, ზედა ექვსეულში მყოფი გუნდების (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "სამტრედია", "ლოკომოტივი", "საბურთალო", "ჩიხურა") მთავარი მწვრთნელები უპრობლემოდ ინარჩუნებდნენ თავიანთ პოსტებს.

კი ბატონო, ამ გუნდებიდან ერთი-ორს, რაღაც მომენტში, გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც
არსად დამდგარა. სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო დანარჩენ ოთხ გუნდში და ამ გუნდებში მომხდარი (ბათუმის "დინამო", "დილა", "კოლხეთი", "შუქურა") ხშირი სამწვრთნელო ცვლილებები, ალბათ, ლოგიკურიც იყო: როცა სასურველი შედეგი არ არის, ამ ყველაფერში უმთავრესი "დამნაშავე" ხომ მთავარი მწვრთნელია!

ჰოდა, ამიტომაც იყო, რომ სამი წრის განმავლობაში, ამ ოთხ გუნდში, საერთო ჯამში, 9 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: ზოგან - ორჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, ზოგან - სამჯერ, ზოგან კი - ოთხჯერ! და აი, მიმდინარე სეზონის ყველაზე ხმაურიანი სამწვრთნელო ცვლილებაც: III წრის ბოლო ტურის მატჩის დამთავრებიდან 2 დღეც არ იყო გასული, როცა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა!

მიზეზი
საერთოდ, როგორც წესი, ამა თუ იმ გუნდში სამწვრთნელო ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს ხოლმე: როცა გუნდის შედეგები უარესდება და როცა მწვრთნელს ურთიერთობა უფუჭდება ფეხბურთელებთან ან კლუბის ხელმძღვანელებთან.

კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: როცა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა და გარემოს შეცვლასაც გადაწყვეტს. ანუ ამ ბოლო დროს საკმაოდ "მოდურად" ქცეული ტერმინი რომ ვიხმაროთ, "ახალი გამოწვევის" მოლოდინში ყოფნას ამჯობინებს.

ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადი შეფასებაა, აი, ამ შემთხვევაში კი, ცოტა არ იყოს, ძნელია, ვივარაუდოთ, თუ რა იყო ბოლო წლების ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის წასვლის მიზეზი იმ გუნდიდან, რომელთანაც ერთად ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში გამორჩეულ წარმატებებს მიაღწია.

გზა ჩემპიონობისკენ
შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ "სამტრედია" 2015/16 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა და პირველსავე სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია: 21-წლიანი პაუზის შემდეგ "სამტრედია" ვერცხლის მედლებს დაეუფლა და ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა!

არადა, თავიდან ბოლომდე ახალი გუნდით მიაღწია ამ დიდ წარმატებას: წინა სეზონის შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ გიორგი დათუნაიშვილი იყო დარჩენილი...

თუმცა, ბევრად უფრო მასშტაბური წარმატება წინ იყო: მომდევნო სეზონი (2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი) "სამტრედიამ" მართლაც "ერთი ამოსუნთქვით" ჩაატარა და აბსოლუტურად დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი! ეს იყო "სამტრედიის" პირველი ტიტული დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, რასაც წლეულს კიდევ ერთი მიემატა: კვლავაც გია ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" ასევე პირველად მოიგო თავის არსებობის ისტორიაში საქართველოს სუპერთასი!

ფაქტია - ბოლო წლების განმავლობაში თუ ვინმე თამაშობდა ტაქტიკურად სწორ და სანახაობრივ ფეხბურთს, ერთ-ერთი ნამდვილად "სამტრედია" იყო.

Sportall.Ge

მიმდინარე სეზონი
..."სამტრედია" მიმდინარე სეზონშიც წარმატებით ასპარეზობდა და ძალიან დიდი ალბათობით, წლეულსაც მოიპოვებდა ევროტურნირების საგზურს. ანუ შედეგების გამო ცეცაძისთვის არავის უნდა ესაყვედურა; ისე, როგორც უნდა გამოვრიცხოთ მწვრთნელების წასვლის ზემოთ ხსენებულ მიზეზთაგან კიდევ ერთ-ერთი: "სამტრედიის" ფეხბურთელთა, ფაქტობრივად, 99 პროცენტი ხომ გია ცეცაძის მიყვანილია ამ გუნდში.

თანაც, ამათგან უმრავლესობას (ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, ლაშა შერგელაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით რაჟამაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით ჯიქია, გიორგი მჭედლიშვილი და სხვები) გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა გუნდში არ ენდობოდნენ და 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული დღემდე, სწორედ "სამტრედიაში" და სწორედ გია ცეცაძესთან მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება...

ანუ რაღა რჩება: ან კლუბის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობა, ან კიდევ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვითონ მწვრთნელის მხრიდან გარემოს გამოცვლის სურვილი.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამეში ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გია ცეცაძეს თავის თანამოაზრეებთან (ფიზმომზადების მწვრთნელი - თემურ ლორთქიფანიძე, მეკარეების მწვრთნელი - მამუკა აბუსერიძე) ერთად, დიდხანს არ უნდა მოუწიოს "ახალი გამოწვევის" ლოდინი. ყოველ შემთხვევაში, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი სულ მალე გამოჩნდეს... ეროვნულ ლიგაში!

Sportall.Ge

აღიარებები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF Awardsv 2016) წლის საუკეთესო მწვრთნელად ცეცაძე აღიარეს;
გაზეთ "ლელოს" ვერსიით, ზედიზედ ორჯერ (2015/16 წლების სეზონში და შარშან), საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ის მივიჩნიეთ.

ახლა კი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუშვით ვაისი, ცეცაძეს ჩააბარეთ ნაკრები, ან:ცეცაძეს ახალგაზრდული, გეგუჩაძეს-ეროვნული!
კახელი პაპა
20:27 27-09-2017
2
ნამდვილად ცეცაძეს ჩავაბარებდი ეროვნულ ნაკრებს, ამ ეტაპზე უცხოური მწვრთნელი საჭირო არ არის.
akaki
16:25 04-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული