10:56 20-10-2017
ლოკომოტივი-საბურთალო 1:1 - რევანში არ შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
საკადრო პრობლემებს ვერც "ლოკომოტივი" გაექცა. ტრავმირებულების გარდა, გუნდს დისკვალიფიცირებული გეგა დიასამიძე და დავით სამურკასოვიც დააკლდნენ, რომლებიც საკვანძო მოთამაშეები არიან. ამის გამო მასპინძლებს თადარიგში მხოლოდ ორი შემტევი ჰყავდათ და ორივე - გამოუცდელი.
"ლოკომოტივმა" თამაში აქტიურად დაიწყო, რადგან წინა 3 შეხვედრა გუშინდელ მეტოქესთან წააგო - გიორგი დევდარიანისა და მისი გუნდისთვის ამ შეხვედრის მოგება, უბრალოდ, პრინციპის საქმე იყო. განსაკუთრებით მწარედ მათ ბოლო შეხვედრა დაამახსოვრდებოდათ, რომელიც 0:6 წააგეს და ბუნებრივია, რევანშისთვის ემზადებოდნენ.
ალბათ, წინასამატჩო სტრატეგიის დამუშავებისას ამ ფაქტორს "საბურთალოც" ითვალისწინებდა, მეტოქეს ფრთხილად ეთამაშებოდა და ძირითადად კონტრშეტევებს უპირისპირებდა.
საწყისი 20 წუთი ასე წარიმართა - "ლოკომოტივი" უფრო აქტიური იყო და მეტოქის შებოჭვას მაღალი პრესინგით ცდილობდა. მაგრამ საბურთალოელებმა ნელ-ნელა შეტევები შეაჩერეს და თამაში გაათანაბრეს.
თუმცა ტაიმის შუაწელში "ლოკომოტივი" და, განსაკუთრებით, ვატო არველაძე ისევ გააქტიურდნენ. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მწვავედ შეუტია და ბოლოს პენალტიც მოიპოვა. ჯარიმით ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში 24-ე გოლი გაიტანა, "საბურთალოს" კარი კი წლეულს პირველად აიღო.
კარგია, რომ ლაშა გვალია ფორმაში შედის. ის 22 წლის იყო, გორის "დილაში" ჩატარებული მშვენიერი ევროსეზონის შემდეგ რუსული პრემიერლიგის "ურალთან" ერთწლიანი კონტრაქტი რომ გააფორმა. მაგრამ სამუშაო ვიზა არ მისცეს, ფორმიდან ამოვარდა და მერე კონდიციები ვერა და ვერ აღიდგინა. დევდარიანმა კი მას ამის შანსი მისცა და აგერ, "ლოკომოტივის" ძირითადში ადგილიც დაიმკვიდრა...
საბურთალოელებმა "ბრჭყალები" მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოაჩინეს და წონასწორობა აღადგინეს. საერთოდ, თამაში ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. თუმცა მეორე ტაიმში თამაში გაუფერულდა. ორივე გუნდი ბევრს ეცადა, იბრძოდა, მაგრამ ის მუხტი გაქრა, რაც პირველ ტაიმში იყო და მომენტებიც ძალიან იშვიათად იქმნებოდა.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც ლოგიკური იყო. ასე რომ, "ლოკომოტივს" რევანში არ გამოუვიდა.
მატჩის სტენოგრამა
5" - ქავთარაძე საჯარიმოს მიუახლოვდა და კარში დაარტყა - კუპატაძემ ბურთი დაამიწა.
12" - ლაშა გვალიას უძლიერესი დარტყმა და "საბურთალო" კუპატაძის ნახტომმა გადაარჩინა.
26" - შინდაგორიძის გადაცემა არველაძემ ჩაჭრა, საჯარიმოში ცნობილაძეს გასცდა და რომ არა მცველ მარგველაშვილის თავგანწირული თამაში, "საბურთალო" გოლს ვერ გადაურჩებოდა.
27" - გოლი! მამუჩაშვილმა საჯარიმოში არველაძე მოცელა და არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც სიხარულიძემ ზუსტად შეასრულა - 1:0.
34" - რეხვიაშვილის ჯარიმა "ცოცხალ კედელს" მოხვდა და ტრაექტორიაშეცვლილი კარის წინ, მამუკა კობახიძესთან აღმოჩნდა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი ძელს მოხვდა.
38" - შინდაგორიძემ ბურთი კარის წინ ჩააწოდა, სადაც ვოლკოვმა თავით სცადა გატანა. ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
38" - შეტევა გაგრძელდა და კუთხურის შემდეგ თავურით კარს უკვე მარგველაშვილი დაემუქრა. მან მიზანს ოდნავ ააცილა და მასპინძლები გადარჩნენ.
41" - გოლი! შინდაგორიძემ საჯარიმოში ორი მცველი ჩამოიცილა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1.
56" - შინდაგორიძის ფლანგური გადაცემა მცველმა ცუდად მოიგერია და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ხარაიშვილმა თავური დაარტყა, მაგრამ ქურდაძემ საიმედოდ ითამაშა.
84" - ქურდაძე კარიდან გამოვარდა, ვოლკოვს შეეჯახა და... თამაში 4 წუთით შეწყდა...
90+6" - შეტევაში "საბურთალოს" მეკარე კუპატაძემ ჯარიმა მოედნის ცენტრიდან შეასრულა - ბურთი "ცხრიანისკენ" წავიდა და ქურდაძემ თავისიანები გადაარჩინა.
19.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ლოკომოტივი-საბურთალო 1:1
1:0 სიხარულიძე (28-პენ), 1:1 შინდაგორიძე (41)
ლოკომოტივი (4-3-3): ბ. ქურდაძე - გაბაძე (71. ჩიტეიშვილი), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ჭანტურია, გვალია, ანდრონიკაშვილი (79. ვარძელაშვილი) - ნ. ქავთარაძე, სიხარულიძე, არველაძე (60. გაბრიჭიძე).
სათადარიგოები: რ. თევდორაძე, ხიდეშელი, ლ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია (60. თედ. გრიგალაშვილი) - მამუჩაშვილი (68. ბიძინაშვილი), თარხნიშვილი - შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ვოლკოვი - მუიეცი (63. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ლაკვეხელიანი, იმნაძე, ტერა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: ცნობილაძე (35), ნ. ქავთარაძე (69), თარხნიშვილი (73), ჭანტურია (90+6)
არბიტრი: ბ. ნინუა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული