ეროვნული ლიგა. XXXII ტურის წინ: რა დროს პროგნოზები და სენტიმენტებია?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურიღა დარჩა, ხუთივე - ერთმანეთზე გადამწყვეტი და ერთმანეთზე საინტრიგო. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტურის დასრულებიდან სამ დღეში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩებიც უნდა გაიმართოს.

მოკლედ, მეტად საინტერესო ფინიში გველოდება და ისე, როგორც, თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერადაც საფუძველს მოკლებული უნდა იყოს ამა თუ იმ წყვილში რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება.

და მთავარიც - იმედს ვიტოვებთ, რომ დარჩენილი მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა "სამართლიანი თამაშის" პრინციპის სრული დაცვით ჩაივლის. აი, ისე, როგორც წინა ორ ტურში "ჩიხურას" მაგალითებზე ვნახეთ
- ოთხდღიანი ინტერვალით ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი რომ ჩაატარა ერთიმეორეზე მოტივირებულ მეტოქეებთან და ორივეში გაიმარჯვა...

28.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
7: +4 =2-1, 21-11
დისკვალიფიკაცია
ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (ორივე სამტრედია) - თორნიკე თარხნიშვილი (საბურთალო)
I-II-III წრე: 2:1, 3:2, 1:1

ეს ტური ძალიან საინტერესო მატჩით იწყება. "სამტრედიაც" და "საბურთალოც" ამ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში არიან. მასპინძლები ზედიზედ 3 მოგებით უნდა დაუხვდნენ უკომპრომისო და ახალგაზრდულ "საბურთალოს". აღარაფერს ვამბობთ სატურნირო მოტივაციაზე: ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ბოლოდროინდელმა წარმატებულმა თამაშმა "სამტრედიას" შარშანდელი ტრიუმფის გამეორების შანსი გაუჩინა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კი მეოთხე ადგილამდე აღზევდა და ამ პოზიციის დათმობას რომ არ აპირებს, ამას ბოლოდროინდელი მატჩებიც ადასტურებს.

ეს იქნება მეხუთე მატჩი "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილისთვის და ისევე, როგორც წინა ოთხ შეხვედრაში, ახალგაზრდა სპეციალისტი ამჯერადაც მოისაკლისებს საკვანძო ფეხბურთელებს.

თანაც, წინა მატჩებში საყრდენი ნახევარმცველების, მარცხენა და ცენტრალური მცველების ჩანაცვლება თუ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოხდა, ამჯერად ძნელი სათქმელია, რამდენად უპრობლემოდ მოხდება "სამტრედიას" ორი წამყვანი ფეხბურთელის სრულფასოვნად შეცვლა.

25 წლის მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი თავის პოზიციაზე ეროვნულ ლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და საერთოდაც, ეს სწრაფი და შეუპოვარი უკანახაზელი ჩინებულ სეზონს ატარებს.

აღარაფერს ვამბობთ ომარ მიგინეიშვილის არყოფნაზე. "სამტრედიას" 33 წლის მეკარე ხომ წინა, გარდამავალი ჩემპიონატიდან მოყოლებული, ამ ტურამდე ყველა მატჩში შეუცვლელი იყო...

მოკლედ, მასპინძლებს მართლაც სერიოზული საკადრო პრობლემა აქვთ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ "საბურთალოსაც" არ ეყოლება ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი - 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი.

28.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 17:00 (LIVE II არხზე)
დილა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
56: +17 =7 -32, 65-103
დისკვალიფიკაცია
თენგიზ წიქარიძე (დილა) - ბექა ტუღუში (ტორპედო)
I-II-III წრე: 1:1, 2:0, 2:1

გორელთათვის ეს სეზონი წარმატებული ნამდვილად არ არის. "დილას" უმძიმესი ფინიში ელოდება და პლეი აუტში რომ არ მოხვდეს, დარჩენილ ხუთ ტურში რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა აიღოს.

ამ წარუმატებლობას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, უშუალოდ სეზონის მსვლელობისას გუნდის... დაშლა იყო: იმას ვგულისხმობთ, როცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "დილა" რამდენიმე ლიდერმა დატოვა - მარტო ბრაზილიელი გარემარბის ლეანდრო რიბეიროს ხსენება რად ღირს...

კიდევ ერთი მიზეზი გუნდის არასტაბილურობაა. სულ ახლახან იყო, გიორგი დარასელიას დამოძღვრილმა "დილამ" ზედიზედ 3 მატჩი რომ მოიგო, მაგრამ მერე ამას ზედიზედ 3 მარცხი მოჰყვა.

"დილას" მეტოქეს კი, აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს ეროვნულ ლიგაში და სტაბილურობაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ - კახა ჩხეტიანის გუნდმა სეზონის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ, ისიც თბილისის "დინამოსთან".

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერავინ იტყვის, რომ "ტორპედოა" წყვილის ფავორიტი. არადა, სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი აუტსაიდერისა და ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტის დაპირისპირებაა...

28.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
17: +3 =3 -11, 13-45
დისკვალიფიკაცია
მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)
I-II-III წრე: 1:2, 2:1, 0:5

წესით, აღარ უნდა გვიკვირდეს, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ესა თუ ის გუნდი საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში რომ ატარებს.

სამწუხაროდ, ქართულ საკლუბო ფეხბურთში დამკვიდრებული ეს "ტრადიცია", ჯერჯერობით, კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება.

თუნდაც "ჩიხურას" მაგალითი ავიღოთ: სოსო ფრუიძის გუნდმა ზედიზედ მეორე "საშინაო" მატჩი უნდა ჩაატაროს თბილისში! ისე, უცნაურად დაემთხვა: საჩხერელთა გუნდმა ჯერ "სამტრედიას" "უმასპინძლა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ახლა თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს "საშინაო" მატჩს, ხოლო შემდეგ - "ტორპედოსთან"!

ანუ, ისე მოხდა, რომ ჩემპიონობის სამივე პრეტენდენტს "ჩიხურასთან" დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე მოუწია, რაც, რა თქმა უნდა, მათ შანსებს ზრდის. თუმცა ხომ "შევთანხმდით", რომ პროგნოზებისგან თავი უნდა შევიკავოთ, მით უფრო, რომ ზედიზედ 2 მოგების შემდეგ "ჩიხურას" IV ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა.

...თბილისის "დინამოსთვის" უკვე მარადიულადქცეულ საკადრო პრობლემებზე აღარაფერს ვიტყვით. მხოლოდ ერთს დავძენთ - ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ის შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა, პირველ და მეორე წრეში რომ ჰყავდა, კახა კაჭარავასთვის, შესაძლოა, უკვე ოქტომბრის ბოლო რიცხვებშიც მიგველოცა ჩემპიონობა.

"დინამო" ამჟამადაც ლიდერია, მაგრამ შეზღუდული რესურსის პირობებში და გამძაფრებული კონკურენციის გათვალისწინებით, თბილისურ გრანდს უმძიმესი ფინიში ელოდება...

29.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 13:00
ლოკომოტივი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
29: +16 =4 -10, 51-42
დისკვალიფიკაცია
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი) - დავით ბოლქვაძე (კოლხეთი)
I-II-III წრე: 5:0, 1:2, 2:1

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ყველანაირი პრობლემით დახუნძლულ "კოლხეთს" ან პლეი აუტი ელოდება, ან უარეს შემთხვევაში - პირდაპირ დაქვეითება.

თავად განსაჯეთ - იმისთვის, რომ პლეი აუტს თავი აარიდოს, "კოლხეთმა" დარჩენილი ხუთივე მატჩი უნდა მოიგოს, თანაც დღეს მე-7 ადგილზე მყოფმა "დილამ" ხუთივე მატჩი უნდა წააგოს.

მოკლედ, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროსაც სცდება, მით უფრო, ფოთელთა ანტირეკორდსაც თუ გავითვალისწინებთ - უკვე 17 მატჩია, "კოლხეთს" ეროვნულ ლიგაში არ მოუგია. ისე, საინტერესო ფაქტია: ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ფოთელებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს და ისიც... "ლოკომოტივთან".

ამ ტურს ვერც მასპინძლები ხვდებიან საბრძოლო მზადყოფნაში. რა თქმა უნდა, საკადრო პრობლემებს ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსთან" წინა ტურის მატჩში "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ისეთი 11 ფეხბურთელი მოისაკლისა, თითოეულ მათგანს ძირითად შემადგენლობაზე რომ აქვს პრეტენზია.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ამის გამოა, მე-5 ადგილამდე რომ ჩამოქვეითდა.

29.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
შუქურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
9: +1 =2 -6, 9-19
I-II-III წრე: 0:2, 2:4, 2:3

სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, აჭარული დერბი ლამის ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად გვექცა. ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება. წინა ტურში მიღებული მოულოდნელი "საჩუქრის" (ტექნიკური მოგება "კოლხეთთან") შემდეგ, "შუქურას" ხომ იმის შანსი გაუჩნდა, რომ პირდაპირ გავარდნის ნაცვლად, პლეი აუტში იასპარეზოს...

თუმცა არანაკლებ მძიმე სატურნირო მდგომარეობა აქვს ბათუმის "დინამოსაც" - ზედიზედ ორი წაგება და წინა სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი პლეი აუტის ზონაში დაეშვა. წესით, ასეთი წარუმატებლობის შემდეგ არავის უნდა გაჰკვირვებოდა "დინამოში" მომხდარი მორიგი სამწვრთნელო ცვლილება - უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის ნაცვლად, გუნდის გაძღოლა გამოცდილ მწვრთნელ ასლან ბალაძეს მიანდვეს.

აღსანიშნავია, რომ "შუქურამაც" და ბათუმის "დინამომაც" მიმდინარე სეზონში ერთი "რეკორდი" მაინც დაამყარეს: ორივე გუნდში ოთხ-ოთხჯერ მოხდა სამწვრთნელო ცვლილება...

ბალაძეს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს ბათუმის "დინამოსთან". ლამის ორი ათეული წლის განმავლობაში ის იყო ამ გუნდის უპირველესი მეკარე, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე მთავარი მწვრთნელის რანგშიც მოგვევლინა...

და აი, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ბათუმის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პირველი მატჩი... მშობლიური ქობულეთის გუნდის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს. თუმცა, რა დროს სენტიმენტებია - ორივე აჭარულ გუნდს ხომ ძალზე არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს...

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ.?ხარაიშვილი (საბურთალო) 11
გ.?კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური
4 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საბურთალო-ჩიხურა
ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული