14:08 06-11-2017
საბურთალო-ჩიხურა - ხარაიშვილის გარეშე ძნელია... [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებს უდიდესი დანაკლისი ჰქონდათ გიორგი ხარაიშვილის სახით. რაც შეეხება "ჩიხურას", საჩხერელებმა თასის ფინალში გასვლით საამსეზონო პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულეს და ახლა "ტორპედოსთან" გადამწყვეტი რკენისკენ აქვთ მთელი ყურადღება მიმართული.
თამაშის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რამხელა ძალაა "საბურთალოსთვის" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი. საჩხერელთა პირველსავე სახიფათო მომენტს კი გოლი მოჰყვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიხეილ სარდალიშვილის კარგ თამაშთან, დიმიტრი ტატანაშვილის ბრძოლისუნარიანობასა და ირაკლი ლეკვთაძის საგოლე ალღოსთან ერთად ეს გოლი მეკარე ლაზარე კუპატაძის ბავშვურმა შეცდომამაც "გამოძერწა".
"საბურთალოს" პირველი ტაიმის განმავლობაში ორი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური მომენტი "ჩიხურამ" შექმნა. გიორგი ივანიშვილს ზუსტად რომ დაერტყა, სტუმრები ორი ბურთით ჩამორჩებოდნენ, რაც "საბურთალოს" თითქმის გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენებდა.
გიორგი ჭიაბრიშვილი მოვლენათა განვითარებას აღარ დაელოდა და პირველი ტაიმის ბოლოსკენ გარისკა - მინდორზე კიდევ ერთი შემტევი, გიორგი კოხრეიძე შეუშვა, ვინც "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაშიც ეხმარებოდა. ამას გარდა, ჭიაბრიშვილმა დაცვითი ყაიდის საყრდენი - ელვინ ტერა გაიყვანა მინდვრიდან.
მეორე ტაიმიც, პირველის დარად, საინტერესო სანახავი გამოდგა. "საბურთალოს" მწვრთნელმა რამდენჯერმე გადააწყო თამაში. მისი გუნდი ორჯერ ედავა მსაჯს. მასპინძლები ჯერ თერთმეტმეტრიანს, მერე კი გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი შეუვალი იყო.
"საბურთალომ" თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გაიტანა. დავით ვოლკოვმა გოლად გარდასახა ძალიან აქტიური ნოდარ იაშვილის ჩაწოდება. ისე ჩანდა, რომ ჭიაბრიშვილის გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ... მოხდა პირიქით - შეტევაში ჩართულმა ლევან კაკუბავამ კარგად და ძლიერად კი დაარტყა, თუმცა "საბურთალოს" მეკარე კუპატაძეს, ალბათ, შეეძლო თავისი გუნდის გადარჩენა. მან ეს ვერ გააკეთა, სამაგიეროდ, "ჩიხურამ" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და ოთხეულში მოხვედრის სერიოზული შანსიც გაიჩინა.
ფაქტია, გიორგი ხარაიშვილი რომ ყოფილიყო, სხვა თამაში იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდი ასე დამოკიდებული არ უნდა იყოს ერთ ფეხბურთელზე...
მატჩის სტენოგრამა
3" - დავით ვოლკოვის დარტყმას დინო ჰამზიჩი ადგილზე დახვდა.
9" - ნდუე მუიეცის დარტყმა ზემოდან გადასცდა "ჩიხურას" კარს.
14" - გოლი! მიხეილ სარდალიშვილის კარგი ფინტი. მან ბურთი სუსტად გაგზავნა "საბურთალოს" კარისკენ. მეკარე ლაზარე კუპატაძე უპატიებლად შეცდა და ბურთი ვერ დაიჭირა. დიმიტრი ტატანაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ხოლო შეტევას საბოლოო წერტილი ირაკლი ლეკვთაძემ დაუსვა - 0:1.
19" - თორნიკე თარხნიშვილის თავურის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა "ჩიხურას" კარს.
33" - სარდალიშვილი კიდევ ერთხელ თამაშობს კარგად და შესანიშნავ პასს აწვდის ივანიშვილს, რომელიც არაზუსტად ურტყამს.
52" - "საბურთალოს" ფეხბურთელები გოლს ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბურთმა საჩხერელთა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არბიტრი არ ეთანხმება და თამაშის გაგრძელებას მიანიშნებს.
62" - გიორგი გაბედავას დარტყმა მცირე მანძილით ასცდა "საბურთალოს" კარს.
70" - გოლი! იაშვილის ჩაწოდება, ჰამზიჩის არადამაჯერებელი თამაში და ვოლკოვის გოლი - 1:1.
71" - ვოლკოვის პასის შემდეგ ლაშა შინდაგორიძეს ვერ გააქვს.
77" - ბექა გვარაძის დარტყმას სიზუსტე დააკლდა.
79" - საჩხერელთა კონტრშეტევისას ტატანაშვილს ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე.
80" - გოლი! ლევან კაკუბავას შესანიშნავი დარტყმა და გოლი - 1:2.
90" - დაჩი ცნობილაძის ჯარიმა. ბურთი საჩხერელთა ხარიხამ აისხლიტა.
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
05.11. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
საბურთალო-ჩიხურა 1:2
0:1 ლეკვთაძე (14), 1:1 ვოლკოვი (70), 1:2 კაკუბავა (80)
საბურთალო (4-5-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, თედ. გრიგალაშვილი - მამუჩაშვილი, ტერა (40. კოხრეიძე), თარხნიშვილი (59. გვარაძე), შინდაგორიძე, მუიეცი (46. ნადარაია) - ვოლკოვი.
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაბრაძე, იმნაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, კორიფაძე - ივანიშვილი (46. გაბედავა), დობროვოლსკი, გორგიაშვილი (81. ცხადაძე), ლეკვთაძე (61. დეკანოიძე), სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ფონიავა, განუგრავა, ჩიკვაიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: თარხნიშვილი (44), ტატანაშვილი (50), ცნობილაძე (87)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხარაიშვილი დიდი ძალაა მაგრას არავინ დაობს, მაგრამ გუნდა ჩამოვიდა და მოგიგოთ რომელის მოტივაციაც გაცილებთ ნაკლებია ვიდრე თქვენი. იქნებ დააფასო ალეკო ჩიხურა, უკეთესად ითამაშა და მოიგო.. ოთხი თამაშიდან სამ თამაშს რომ წააგებ და ერთი ფრე გექნება უნდა აღიარო, რომ ჩიხურა უკეთესია.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული